უმაღლესი ლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ცოტაც და, ქართულ საკლუბო ფეხბურთში დაახლოებით ორთვიანი შესვენება გამოცხადდება. თუმცა, ვიდრე ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელები ზამთრის არდადეგებზე გავლენ, მანამდე პირველი წრის დარჩენილი 2 ტურის მატჩებია და საქართველოს თასის მეოთხედფინალური დაპირისპირებები.

მოკლედ, 16 დეკემბრამდე (საპასუხო მეოთხედფინალების დღეა) კიდევ გველოდება საინტერესო პაექრობები და იმედი დავიტოვოთ, რომ ზამთრის პაუზამდეც არ გამოგვაკლდება არც ერთი გუნდი!

ჰო, ნამდვილად რეალურია ამის საფრთხე: უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდში ფეხბურთელები უკვე რამდენიმე თვეა ენთუზიაზმზე თამაშობენ, ზოგან კლუბის ხელმძღვანელები საკადრო "რევოლუციას" უშუალოდ სეზონის მსვლელობისას ატარებენ ("მერანიდან" და "გურიიდან" ფეხბურთელთა ჯგუფის დათხოვნა ამას
მოწმობს) და ასე შემდეგ.

თუმცა "მარადიული ქართული საფეხბურთო ოპტიმიზმი" ისეთი რამეა, მაინც იმედიან მომავალზე რომ გაფიქრებინებს კაცს და ჩვენც, ტრადიციულად, გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გვინდა ყურადღების გამახვილება...

მცირე პროგრესი
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში სეზონის ანტირეკორდი დამყარდა შედეგიანობის მხრივ: რვა მატჩში მხოლოდ 7 გოლი გავიდა. საბედნიეროდ, ამ ტურში შედეგიანობამ შედარებით მოიმატა: 23 გოლი ურიგო მაჩვენებელი ნადვილად არ არის, თუმცა ამ სეზონში ბევრად შთამბეჭდავი გამონათებებიც გვახსოვს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XI ტურში ხომ 35 გოლი გავიდა - ანუ, საშუალოდ, 4,4 გოლი ერთ მატჩში!

სამი ბომბარდირი
ტრავმის გამო ოთარ მარცვალაძემ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, რითაც მისმა კონკურენტებმა ისარგებლეს და ბომბარდირთა დავაშიც დღესდღეობით "სამხელისუფლებიანობაა".

მარცვალაძეს ამ ტურის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდები, 21 წლის ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი") და 22 წლის გიორგი ქვილითაია (თბილისის "დინამო") წამოეწივნენ: სამივეს 10-10 გოლი დაუგროვდა.

უმნიშვნელო ცვლილებები
ერთი შეხედვით, "მშვიდობიანი" ტური გამოდგა და სატურნირო ცხრილშიც, ფაქტობრივად, უმნიშვნელო გადაადგილებები მოხდა: ზედიზედ სამი მარცხის მერე, როგორც იქნა, "სამტრედიამ" გაიმარჯვა და ზედა ხუთეულსაც დაუბრუნდა.

აი, დანარჩენი გუნდებისათვის კი ბევრი არაფერი შეცვლილა: არც ცხრილის სათავეში (თბილისის "დინამო", "დილა" და "სიონი" ზედა სამეულს უკვე კარგა ხანია "ამაგრებენ") და არც ცხრილის ბოლოში. ეგ კი არა, ოთხი გუნდი ("გურია", "საპოვნელა", "ზუგდიდი", "მერანი") თითქმის ყოველი ტურის მერე უფრო და უფრო ჩამორჩება "გადამრჩენელ პოზიციას" და ზამთრის პაუზის დროს ეს ოთხი გუნდი თუ არ გაძლიერდა, "საფეხბურთო ამნისტიის" გარდა, პირველ ლიგაში დაქვეითებისაგან სხვა ვეღარაფერი იხსნის.

აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "მერანმა" ამ ჩემპიონატში პირველად ითამაშა ფრედ, ხოლო, რახან სერიები ვახსენეთ, თბილისის "დინამოზეც" უნდა ვთქვათ: გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო; თანაც, დინამოელთა მწვრთნელმა ამჯერადაც მიმართა ძირითად შემადგენლობაში როტაციას და ამჯერადაც წარმატებულად.

ტურის მატჩი და გოგუას დაბრუნება
ამ ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და ერთ-ერთი ბოლნისში ჩატარდა, სადაც ვარლამ კილასონიას დამოძღვრილმა "სიონმა" მეორე ტაიმში 4 უპასუხო ბურთი გაიტანა "ჩიხურას" კარში. აღსანიშნავია, რომ საჩხერელთა გუნდს მანამდე გამართულ თორმეტ შეხვედრაში მხოლოდ 8 გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა კი ერთ მატჩში 4 გაუშვა.

ისე, "ჩიხურასთან" დაკავშირებით სხვა "უცნაურობებიც" ხდება, თანაც, პირველი ტურიდან მოყოლებული და ამ თემაზე, ალბათ, სჯობს, პირველი წრის დამთავრების შემდეგ ვისაუბროთ.

მანამდე კი კიდევ ერთხელ გვინდა აღტაცება გამოვთქვათ XIII ტურის მართლაც გამორჩეული მატჩის გამო: კვირადღეს, "ბენდელას" სტადიონზე "საბურთალოსა" და "დილას" დაპირისპირებას ვინც დაესწრო, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებოდა.

ამ შემთხვევაში, ნეიტრალურ ქომაგებს ვგულისხმობთ, თორემ მასპინძელთა გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის წაგება გულს კი დასწყვეტდათ, მაგრამ ახალგაზრდულ "საბურთალოზე" ენა ვის უნდა მოუბრუნდეს: გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა სასურველი შედეგის მისაღწევად მართლაც ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან დამარცხდნენ.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მეტოქე მოქმედი ჩემპიონია და, ამას გარდა, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია თბილისის "დინამოსთან" ერთად. გუშინაც ვწერდით, რომ უჩა სოსიაშვილმა სწორად არჩეული ტაქტიკის ხარჯზე შეძლო ურთულესი მატჩის მოგება, თანაც "დილა" თითქმის ერთი საათის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილმა, ჩინებულად ითამაშა მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, უაღრესად სასარგებლოდ მოქმედებდა საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი, ხოლო გოგიტა გოგუამ საქართველოს ჩემპიონატში ხელმეორედ დაბრუნების შემდეგ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

32 წლის უნივერსალ ნახევარმცველს 90 წუთის განმავლობაში მოედნის ყველა წერტილში ნახავდით და თითქმის ყველა ორთაბრძოლაც მოიგო, პლუს, საკუთარი გუნდის შეტევებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ჰოდა, გოლიც "ეკუთვნოდა", - საქართველოს ჩემპიონატში ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე რომ გაიტანა.

ყოჩაღი მეგოლეები
ტურის ცენტრალურ მატჩში პირველი გოლი "დილას" ახალგაზრდა ლეგიონერმა ისლამ მაშუკოვმა გაიტანა: 20 წლის ფორვარდმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.

ასევე გამოსარჩევია კიდევ ორი შემტევის გარჯაც: 23 წლის ელგუჯა ლობჯანიძემ ("შუქურა") და 22 წლის ლაშა შინდაგორიძემ ("ტორპედო") ამ სეზონში პირველად შეძლეს "დუბლის" შესრულება (შინდაგორიძისათვის სულაც სადებიუტო "დუბლი" იყო).

ახალი გუნდის ("სიონის") მაისურით პირველი გოლები გაიტანეს 31 წლის ლუკა რაზმაძემ და 22 წლის ვარლამ კილასონიამ (უმცროსი).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ყოჩაღი შემცვლელები: 26 წლის დათა სიჭინავამ ("ტორპედო") მიმდინარე ჩემპიონატში მეორედ გაიტანა გოლი შეცვლაზე შესულმა, "სამტრედიის" 20 წლის ფორვარდმა დავით ჯიქიამ - მესამედ!

ოთარ კობახიძეს კი ეს ტური, ალბათ, არასდროს დაავიწყდება: "სიონის" 19 წლის ნახევარმცველი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა და პენალტიც მოუპოვა თავის გუნდს, საგოლე პასიც გააკეთა და მერე უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა!

კობახიძის მსგავსად, ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" 20 წლის ნახევარმცველმა თენგიზ ბრეგვაძემ.

თბილისის "დინამოს" 17 წლის მცველმა დავით კობოურმა კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

დაბოლოს, ტურის ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ავტორზეც: ბათუმის "დინამოს" 25 წლის ნახევარმცველმა (ხანდახან, ცენტრალურმა მცველმა) გელა გოგიტიძემ "ლოკომოტივის" კარში შორეული დარტყმით ისეთი ბურთი შეაგდო, თქვენი მოწონებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ 1 გოგუას თამაშს რა მაყურებინებს))ხელების შვერის და მსაჯისგინების მეტს არაფერს აკეთებს,მერე მეორე 16 წლის ბავშვებს ეთამაშნენ,ივანიშვილის ფეხბურთი კიდე არ გაიშვას არსად.შენ სხვა ქვეყანაში ხო არ ცხოვრობ? :D 3-4 ფეხბურთელია საქ ჩემპიონატში ვიზეც სიტყვა ფეხბურთელი ითქმის.
0
კობახიძე დძაან მაგარი იგროკია დინამომ უეჭველი უნდა დაიბრუნოს ეგეთი იდივიდულასიტი დზაან ცოტაა ქართულ ფეღბურთში
gio_tuxa
20:55 01-12-2015
0

სიახლეები პოპულარული