მატჩის შემდეგ "ლელომ" გაარკვია, რომ "გურიის" ხელმძღვანელობა ლამის მთელი შემადგენლობის დათხოვნასა და მეორე წრისთვის ახალი მოთამაშეების მიყვანას აპირებდა. ინფორმაცია ლანჩხუთის გამგებელმა და "გურიის" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ დაგვიდასტურა:
"გუნდს მოსამზადებლად ყველანაირ პირობას ვუქმნით, რისი მსგავსიც კი "გურიას" ბოლო 20 წელიწადში არც დასიზმრებია, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
სამწუხაროდ,
სამწუხაროდ, ისევ წავაგეთ და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბევრ მათგანთან დამშვიდობება მოგვიწევს.
მინდა, ბოდიში მოვუხადო ლანჩხუთელებს, გუნდმა მათი იმედები რომ ვერ გაამართლა".
მატჩის შემდეგ გვითხრეს, რომ "გურიის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმებით გაწყვეტა 10 ფეხბურთელს შესთავაზა - მეკარე ნიკა დაუშვილს, აგრეთვე - ლაშა მჭედლიშვილს, კოტე ხიზანეიშვილს, ლევან ქურდაძეს, თორნიკე მოსიაშვილს, სანდრო რეხვიაშვილს, ლუკა კობერიძეს, ნიკა მაისურაძეს, შოთა ჯიქიასა და ბექა ზაქრაძეს.
მაგრამ ფეხბურთელები უხელფასოდ დარჩენას არ დათანხმდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ "გურიას" პირველი წრის დარჩენილ ორ ტურშიც დაეხმარებიან, ურთიერთობას კი ამის შემდეგ გაარკვევენ.
შევიტყვეთ ისიც, რომ მანამდე "გურიასთან" კონტრაქტები გაწყვიტეს ლაშა ჩაფიძემ და კოტდივუარელმა თავდამსხმელმა ბოტი გოა დემელმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"