"მიზნად უმაღლესში დამკვიდრება დავისახეთ, ამ დროს კი ევროპის ლიგაზე გავედით"

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ასლან ბალაძე ამბობს, რომ გუნდში მძიმე საკადრო სიტუაციაა. თუმცა გულშემატკივარს აიმედებს, რომ მეორე წრიდან გაძლიერებულ "დინამოს" იხილავენ.

"დღეს, ფაქტობრივად, ძირითადის ნარჩენებითა და დუბლშემადგენლობით ვთამაშობთ. 7 ფეხბურთელი გვაკლია, თანაც, ლაპარაკია წამყვან მოთამაშეებზე. საქართველოში კი არც ერთი გუნდი არ არის დაკომპლექტებული ისე, ამხელა დანაკლისი რომ არ დაეტყოს. მაგრამ 6 დეკემბერს, "საბურთალოსთან" ჩემპიონატის მორიგი ტურისთვის, ორი ფეხბურთელის - გიორგი ბერიაშვილისა და თემურ შონიას დაბრუნებას ველოდებით", - ამბობს ბალაძე.

მისი თქმით, გუნდი ევროთასებზე გამოსვლისა და შემდგომი თამაშებისთვის მზად არ იყო:

"ჩვენ
პირველი ლიგიდან უმაღლესში დავბრუნდით და მიზნად გუნდის შენება, გაძლიერება და ელიტაში დამკვიდრება დავისახეთ. ამ დროს, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, ფორსმაჟორულ ვითარებაში აღმოვჩნდით.

უპირველესად, ეს კონტინგენტს ეხება - ევროთასებზე მონაწილე გუნდს საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი უნდა ჰქონდეს. ეროვნულ ჩემპიონატზე გადმორთვისას, ბევრი მოთამაშე უნდა გყავდეს, ტრავმისა თუ გადაღლის შემთხვევაში სხვებით რომ ჩაანაცვლო. ერთ წელიწადში გუნდის "აშენება" წარმოუდგენელია".

ბალაძის თქმით, მეორე წრეში საკადრო ცვლილებები მოხდება:

"ცხადია, შარშანდელი წარმატებული სეზონის შემდეგ გულშემატკივარი ჩვენგან მინიმუმ სამეულში მოხვედრას მაინც ითხოვს. ჩვენ სწორედ ამას ვგეგმავდით. მაგრამ წინასწარ ვერავინ გათვლიდა, 7 მოთამაშე რომ დაგვაკლდებოდა. ამიტომ შესვენების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ და გაცილებით "გრძელი სკამი" გვექნება. მათთან ერთად, მომჯობინებულებიც დაგვიბრუნდებიან და ბათუმის "დინამო" უფრო სოლიდური გუნდი გახდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედეთ დაცვას დანარჩენი ყველა პოზიცია ნორმალურია
inkognito
15:38 02-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული