"დინამომ" "ვოლინი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" გუშინ კიდევ ერთ უკრაინულ გუნდს ეთამაშა - ლუცკის "ვოლინი" ამ სეზონში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს და თავის ქვეყნის ჩემპიონატში პირველი ეტაპის შემდეგ VI ადგილზე იმყოფება.

ამ გუნდის "მარადიული" მწვრთნელის, ვიტალი კვარციანის შეგირდთა ასეთ შედეგს ბევრი არ მოელოდა - "ვოლინი" ხომ უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და ყველას მიაჩნდა, რომ გასავარდნად იყო განწირული. თუმცა სეზონის დაწყების წინ გუნდი საკმაოდ გაძლიერდა როგორც ლეგიონერებით (რუმინელები - ადრიან ნიაგა, სორინ პარასკივი, სერბი - სტეფან რაჩიჩი, ნიგერიელი - ჰარისონ ომოკოკო,
ბოსნიელი - საშა სტევიჩი), ასევე უკრაინული ფეხბურთის ორი დამსახურებული ვეტერანითაც, ვლადისლავ ვაშჩუკითა და რომან მაქსიმიუკით.

"სევასტოპოლთნ" ჩატარებული წინა მატჩისგან განსხვავებით, "დინამო" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასურველმა შედეგმაც არ დააყოვნა. დინამოელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ტესტირებაზე მყოფი ლეგიონერები: ჩეხი ცენტრალური მცველი ირჟი ჰომოლა და სერბი შემტევი ნახევარმცველი გორან ცვეტკოვიჩი. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმში ორი უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და, ალბათ, ამის გამოც იყო, შესვენებამდე რომ შეცვალეს. სხვათა შორის, იმავე პირველ ტაიმში ცვეტკოვიჩის ნაცვლად შემოსულ კახელიშვილსაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ეს ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა.

ამის მიუხედავად, ანგარიში "დინამომ" გახსნა: მე-18 წუთზე გულვერდ თომაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა; პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი უკრაინელთა ფორვარდმა ევგენი პავლოვმა წონასწორობა აღადგინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აი, მეორე ტაიმში კი "დინამოს" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, თუმცა გამარჯვების მომტანი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა: ალექსანდრე კოშკაძის მიერ შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ გიორგი კახელიშვილმა მეტოქის მეკარესა და მცველებს აჯობა და თავის გუნდს თურქულ შეკრებაზე პირველი მოგებაც (2:1) მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში "დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ერთმა პოტენციურმა ახალწვეულმა ითამაშა: 186 სმ სიმაღლის ბოსნიელმა ფორვარდმა ვლადიმირ კარალიჩმა, თავის ნაკრებშიც რამდენიმე მატჩი რომ აქვს ჩატარებული და ბოლოს პოლონეთის ჩემპიონატში, "ბიტომის" ღირსებას რომ იცავდა.

"ვოლინთან" მოგებულ მატჩში "დინამომ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლორია (46. ზარქუა) - კაკუბავა (69. ციმაკურიძე), თომაშვილი, ჰომოლა, მაროვიჩი - ფირცხალავა (72. ედნილსონი), კვეკვესკირი, - რობერტინიო (62. შ. კაშია), ცვეტკოვიჩი (33. კახელიშვილი), კოშკაძე - ტატანაშვილი (46. კარალიჩი).

მომდევნო მატჩს "დინამო" ხვალ ჩაატარებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ხორვატიული "ოსიეკი" იქნება.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული