გიორგი ყიფიანის "განსხვავებული სამყარო"

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მართლაც დამაიმედებელი ტენდენცია წამოვიდა: ახალგაზრდა მწვრთნელები წარმატებებს აღწევენ თავიანთვის ახალ პროფესიულ საქმიანობაში და არაერთხელ მომხდარა ისეთი ფაქტიც, როცა ბევრად გამოცდილ კოლეგებს ტოლს არ უდებენ.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი სწორედ ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა მწვრთნელთაგანია - 32 წლის გიორგი ყიფიანს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა და მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის პირველ ეტაპზე რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზიც შემოგვთავაზა.

გიორგი ყიფიანს ურიგო საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია; საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ ყველაზე უკეთ მისი შესაძლებლობები მაინც "ვიტ ჯორჯიაში"
გამოვლინდა, - რომლის შემადგენლობაშიც ერთხელ ვერცხლის პრიზიორი გახდა, ერთხელაც - ბრინჯაოსი. 1999-2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ორ დამსახურებულ ვეტერანსა და აღიარებულ გოლიადორს, ზურაბ იონანიძესა და ვარლამ კილასონიას ჩამორჩა;

გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ახლაგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობდა, ამას გარდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ორი მატჩი აქვს ჩატარებული; ამპლუით გამთამაშებელი გახლდათ (დღევანდელ ქართულ ფეხბურთში "სანთლით საძებნი" რომ არიან), საკუთარი გუნდის შეტევების უნარიანად წამოწყება ეხერხებოდა და თამაშის ჭკვიანურად "წაკითხვითა" და წარმართვით საქართველოს ჩემპიონატში იმ დროისათვის მოასპარეზე სხვა ფეხბურთელებშიც გამოარჩევდით. მერე. კარიერის გაგრძელება უცხოეთში სცადა: მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა საბერძნეთის, ლატვიისა და ისრაელის ჩემპიონატებში. სწორედ ისრაელში დაასრულა აქტიური კარიერა და გარკვეული პერიოდი "საფეხბურთო ჰორიზონტზეც" არ ჩანდა.

და აი, შარშან ზაფხულს, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა! თანაც, ყველაფერი ეს, ფაქტობრივად, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა (ბოლნისურ კლუბში ასეთი რამეები უკვე ტრადიციად იქცა) და არც იმას დავმალავთ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის შესაძლებლობებს "სიონის" ქომაგთა გარკვეული ნაწილი, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად თუ შეაფასებდა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 2010 წლის ზაფხულამდე ყიფიანს ხომ არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნდა. თუმცა, დაიწყო ჩემპიონატი და ნათლად გამოჩნდა, რომ დებიუტანტი მწვრთნელის სახით ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული სპეციალისტი გამოჩნდა: გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" რამდენიმე გამორჩეული მატჩი ჩაატარა და მათ შორის, რაღა თქმა უნდა, "დინამოსთან" და "ოლიმპთან" გამარჯვებებიც უნდა ვახსენოთ.

თუმცა, სეზონის წინ შეკრების გაუვლელობამ, წამყვან ფეხბურთელთა ტრავმებმა თუ სხვა მიზეზებმა გუნდის შედეგზეც ასახვა ჰპოვა - პირველთან შედარებით, "სიონმა" მეორე წრე ბევრად უფრო სუსტად ჩაატარა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხზე არც ღიად და არც "ზურგსუკან" არავინ საუბრობდა - "სიონმა" ყიფიანის ხელმძღვანელობით მეორე ეტაპისათვის მზადება დაიწყო.

და აი, როცა გუნდი ურეკში უნდა გამგზავრებულიყო, სწორედ მაშინ შევიტყვეთ ყიფიანის გადადგომის ამბავი! ჰო, მართლაც უცნაურად ჩანდა - უმაღლესი ლიგის გუნდიდან მწვრთნელი საკუთარი სურვილით მიდიოდეს, ასეთი ფაქტები ხომ ჩვენთან იშვიათობას წარმოადგენს. "სიონის" უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელთან გიორგი ყიფიანთან ჩვენი საუბარიც სწორედ ამ უცნაური გადაწყვეტილების გარკვევით დავიწყეთ.

- "სიონიდან" არც სკანდალით წამოვსულვარ და არც კლუბის ხელმძღვანელებზე დამრჩენია წყენა; უბრალოდ, გუნდიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო: პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდის სამომავლო გეგმებზე ჩემებური ხედვა მქონდა, ხელმძღვანელობას - განსხვავებული.

- ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გადამწყვეტი ეტაპის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მწვრთნელი რომ საკუთარი სურვილით გუნდიდან მიდიოდეს, ცოტა არ იყოს, მაინც უცნაურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია.
- კიდევ ვიმეორებ: სერიოზულ უთანხმოებამდე საქმე არ მისულა; ძალიან მცირე ხნის სამწვრთნელო გამოცდილება მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა სპეციალისტმა საკუთარი გეგმების რეალიზება უნდა შეძლოს. ჩემ შემთხვევაში კი იყო რამდენიმე საკითხი, კლუბის ხელმძღვანელებისგან განსხვავებული აზრი რომ მქონდა, - უპირველესად, გუნდის დაკომპლექტებას ვგულისხმობ.

- ახლა რას აპირებთ?
- სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას! ოღონდ, შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო თავისუფალი დრო, სხვადასხვა სამწვრთნელო სემინარებსაც დავესწრო და პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღო. რაც მთავარია, დიდი სურვილი მაქვს მაისში "A" ლიცენზია მოვიპოვო და ცოდნა გავიღრმავო.

- ისე, "სიონიდან" საკუთარი სურვილით წამოსვლაზე უფრო მეტად "უცნაურად" ის ფაქტი მიგვაჩნია, როცა გასული წლის ზაფხულში ბოლნისური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ.
- ვიცი, რომ ბევრს გაუკვირდა სამწვრთნელო ასპარეზზე ჩემი გამოჩენა - მანამდე ხომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა; თუმცა, თუ ადამიანს სერიოზულად აქვს მწვრთნელობა გადაწყვეტილი, საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს ეს საქმიანობა? ამიტომაც, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის "მადნეულის" ხელმძღვანელობისადმი, როცა ამ კომპანიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და "სიონის" გაძღოლა შემომთავაზეს; რა თქმა უნდა, უდიდესი ნდობა იყო და ასეთ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი.

- "ნდობა", "გამოწვევა", - ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სრულია"უცხო" და ახალ გარემოში როგორ წარმოაჩენდით საკუთარ თავს, ამაზე არ დაფიქრებულხართ?
- ჯერ ერთი, წინადადება რომ მივიღე, მოსაფიქრებლად 2-3 დღე "ვითხოვე"; შემდეგ, კარგად ავწონ-დავწონე ყველაფერი, ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს შევხვდი და გადაწყვეტილებაც მივიღე. თან, არ დაგავიწყდეთ, ჩემპიონატის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და შეკრების გავლას ვინ ჩივის, გუნდის დაკომპლექტებაც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოგვიწია.

- სამწვრთნელო გამოცდილება?
- წეღანაც ვთქვი, რომ როცა იქნება, ხომ უნდა დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა; ბოლოს ისრაელში ვცხოვრობდი და ერთ-ერთ იქაურ კლუბში, ბეერ-შევას "ჰაპოელში" სამი-ოთხი თვის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, საკმარისი დრო არ იყო, დიდი სამწვრთნელო გამოცდილება მიმეღო, მაგრამ "სიონის" შემოთავაზება ერთგვარი გამოცდასავით იყო, აი, საკუთარ თავს რომ "ეუბნები": აჰა, მიდი და დაამტკიცე, რა შეგიძლიაო.

- მერე, საკუთარ მუშაობას როგორ შეაფასებდით?
- უპირველეს ყოვლისა, უდიდესი გამოცდილება მივიღე; რა თქმა უნდა, გაცილებით ძნელი ყოფილა დამოუკიდებლად მუშაობა, ვიდრე წარმომედგინა. თანაც, არ დაგვავიწყდეს ის უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორიც: ჩემპიონატის დაწყებამდე სწრაფ რეჟიმში მზადება, უკვე სეზონის მსვლელობისას წარმოქმნილი საკადრო პრობლემები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მთლიანობაში ურიგოდ არ გვიასპარეზია და მჯერა, მეორე ეტაპზე "სიონს" ხუთეულში მოხვედრაზეც უნდა ჰქონდეს პრეტენზია.

- ისე, გუნდმა პირველი წრე ბევრად უფრო დამაჯერებლად ჩაატარა, ვიდრე - მეორე. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
- ისევ და ისევ, სეზონისწინა მოუმზადებლობა: მეორე წრეში ბიჭებს გადაღლილობა დაეტყოთ; ამას გარდა, ჩემპიონატის დაწყების წინ სელექციის ჩატარებაც ვერ მოვასწარით, მერე წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიფიკაციებიც დაგვემატა, თორემ ცხრილში რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიქნებოდით.

- როცა გუნდის გაძღოლას დათანხმდით, იმ ფაქტორზე არ გიფიქრიათ, რომ ყოფილი თანაგუნდელების (მერლანი, გოცირიძე, ნოზაძე) მწვრთნელი უნდა ყოფილიყავით? ეგ კი არა, "სიონის" ერთ-ერთი ფეხბურთელი (გივი დიდავა) სულაც თქვენზე უფროსია.
- ალბათ, ჩვენი საუბრის დასაწყისშივე უნდა მეთქვა "სიონის" ფეხბურთელებისადმი სამადლობელი და საქებარი სიტყვები: რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩემი მუშაობა არც "გამოჩნდებოდა"; იმავეს ვიტყოდი ჩემს სამწვრთნელო შტაბზე და კერძოდ, გიორგი ყიფშიძეზე, ვისი გამოცდილება და გვერდში დგომაც არანაკლებ დასაფასებელია.

რაც შეეხება ყოფილ თანაგუნდელებს, მოედანს მიღმა მეგობრები ვიყავით და ვრჩებით კიდეც, მაგრამ საწვრთნელ პროცესში თუ თამაშის მსვლელობისას ჩვენ შორის წმინდა პროფესიული დამოკიდებულება იყო. საერთოდ, არ მიყვარს-ხოლმე კონკრეტული ფეხბურთელების გამოყოფა, მაგრამ ყველაზე მონდომებულნი სწორედ ჩემი ყოფილი თანაგუნდელები იყვნენ.

- პირველ ეტაპზე თქვენი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ორი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, როცა "დინამოსა" და "ოლიმპს" მოუგო.
- გუნდში მისვლის პირველი დღიდანვე ფეხბურთელებს მუდამ იმას ვეუბნებოდი, რომ წარმატებით თამაში ნებისმიერ მეტოქესთან იყო შესაძლებელი; ანუ, ფსიქოლოგიური ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდი და ძალიან მიხარია, რომ იმავე "ოლიმპისა" და "დინამოს" დამარცხების შემდეგ ბოლნისის სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობამ მოიმატა. თუ არ ვცდები, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში "სიონმა" პირველად შეძლო "ოლიმპის" ძლევა საკუთარ მოედანზე; არადა, ამ მატჩის წინ ბოლნისელ ქომაგთა გარკვეული ნაწილი თამაშზე მოსვლას არც აპირებდა, - რა აზრი აქვს, მაინც წავაგებთო.

- გამოცდილება მივიღეო, ბრძანეთ და მომავალში რა შეცდომებს აღარ გაიმეორებდით?
- უშეცდომო მწვრთნელი გინახავთ? რა თქმა უნდა, გამოუცდელობის გამოც იყო, ზოგიერთ შეხვედრაში არასწორი გადაწყვეტილება რომ მივიღე. აი, თუნდაც ზუგდიდში ის დრამატული მატჩი მინდა გავიხსენო, საბოლოოდ 2:2 რომ დამთავრდა. შეხვედრის დამთავრებამდე ბევრი დრო არ იყო დარჩენილი, 2:1-ს ვიგებდით და ერთი შეცვლის უფლება კიდევ მქონდა დარჩენილი; თუმცა, იმდენად ემოციური მატჩი იყო, ვიფიქრე, არაფრის და არავის შეცვლა საჭირო არ იქნებოდა, - არადა, თურმე ვცდებოდი...

- ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს რომ თამაშობდით, იმის მერე 7 წელიწადი გავიდა და როგორ ფიქრობთ, მაშინდელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა?
- ძალიან დიდი სხვაობაა! უპირველეს ყოვლისა, მაშინ "შემსრულებელთა" დეფიციტს თითქმის არც ერთი გუნდი არ განიცდიდა, ახლა კი მაღალი დონის ფეხბურთელები ჩვენს ჩემპიონატში თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ისიც შეცვლილი მეჩვენა, რომ დღესდღეობით უმაღლესი ლიგის გუნდებში მოხვედრა, ცოტა არ იყოს, გაუფასურებულია; რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ 16-17 წლის ბიჭს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე ამბიცია გააჩნდეს, მაგრამ ეს ამბიცია რეალობას უნდა ექვემდებარებოდეს. ანუ, არავის უნდა ეთაკილებოდეს, რომ ოსტატობა ჯერ დუბლშემადგენლობაში დახვეწოს, შემდეგ, ვთქვათ, პირველ ლიგაში და ამის მერე, გარკვეული გამოცდილებამიღებულს გაუჩნდეს უმაღლესი ლიგის გუნდში დამკვიდრების პრეტენზია.

- როცა ფეხბურთელი იყავით, მწვრთნელობაზე მაშინაც ფიქრობდით?
- არ დაგიმალავთ და ყოველთვის ვფიქრობდი; ისიც ვიცოდი, რომ ძნელი საქმე იქნებოდა, მაგრამ თუ ასეთ "განსხვავებულ სამყაროში" აღმოვჩნდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი.

უამრავი ნიუანსია, რასაც ფეხბურთელობის დროს ვერ "ვამჩნევდი" და ყოველი სამწვრთნელო სალიცენზიო ეტაპის გავლის მერე დიდ ცოდნას ვიძენ. სხვისი რა მოგახსენოთ და ჩემი აზრით, ქართველ მწვრთნელთა ლიცენზირების საქმეში გაიოზ დარსაძე მართლაც უდიდეს საქმეს აკეთებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული