"...კიდევ კარგი, ოპერაციის ხარჯი საყოველთაო დაზღვევიდან გადამიხადეს"

AutoSharing Option
საქართველოში გატარებული ორი წლის შემდეგ, მამუკა ღონღაძე ლატვიაში დაბრუნებას აპირებს. ფოთის "კოლხეთის" 30 წლის თავდამსხმელმა ეს ამბავი თავად გაგვიმხილა.

"გემახსოვრებათ, სამი წელი ლატვიაში ვითამაშე და "დაუგავპილსში" ყოფნისას, ყველა ის პრიზი ავიღე, რაც თავდამსხმელმა შეიძლება ინატროს - ვირსლიგის ბომბარდირი გავხდი და საუკეთესო თავდამსხმელად და ფეხბურთელად დამასახელეს.

ტრაბახში არ ჩამომართვათ და, ლატვიაში კიდევ ვახსოვარ ხალხს. ამის შედეგია, ახლახან "ელგავაში" რომ მიმიწვიეს.

ამ გუნდმა ლატვიის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონშიც ითამაშა და მეორე ეტაპიდან
გავარდა. ასე რომ, საკმაოდ ნორმალური გუნდია. თავად ელგავა რიგიდან 15 წუთის სავალზეა, პატარა და ლამაზი ქალაქია", - ამბობს ღონღაძე.

თავდამსხმელის თქმით, "ელგავაში" ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერის რეკომენდაციით მიიწვიეს:

"თუ გახსოვთ, 2014 წლის დასაწყისში რევაზ ძოძუაშვილმა ქუთაისის "ტორპედოში" ლატვიიდან იგორ სავჩენკოვსი მოიწვია. მერე ის სამშობლოში დაბრუნდა და სწორედ "ელგავაში" ჩაირიცხა, სადაც ახლა გუნდის კაპიტანია.

შემეხმიანა, ჩემი ამბებით დაინტერესდა და მკითხა, ლატვიაში ხომ არ დავბრუნდებოდი, თავდამსხმელი გვჭირდებაო. ჩემი პასუხი რომ გაიგო, მწვრთნელს უთხრა: "ელგავას" ლატვიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვიტალი ასტაფიევსი ავარჯიშებს, რომელსაც კარგად ვახსოვარ, დამიკავშირდა და გადასვლა შემომთავაზა. ცხადია, სიამოვნებით დავთანხმდი".

ღონღაძე საქართველოში დაბრუნებას ნანობს:

"ისეთ დღეში ვარ, აქ დარჩენა აღარ მინდა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ჩამოვედი. ლატვიაში დაბრუნებასაც ამიტომ დავთანხმდი. ყველაფერი მაშინ აირია, "ტორპედოში" სერიოზული ტრავმა რომ მივიღე და გუნდიდან გამიშვეს.

კიდევ კარგი, ოპერაციის ხარჯი საყოველთაო დაზღვევიდან გადამიხადეს, თორემ მკურნალობა ძვირი ჯდებოდა. მერე ფოთის "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ ყურადღება გამოიჩინა და მიმიწვია. მისი მადლიერი ვარ...

მაგრამ ყველამ იცის, კლუბში ახლა რა მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მადლიერების მიუხედავად, ფოთში გაჩერება შეუძლებელი იყო და გუნდი დავტოვე. ვარიანტები საქართველოშიც მქონდა, მაგრამ ლატვიაში დაბრუნების იმედი გამიჩნდა და არსად მისვლა აღარ მიღირდა - სეზონში სამ გუნდში ჩარიცხვა ხომ არ შეიძლებოდა და ლატვიაში ვეღარ წავიდოდი.

ისედაც, აქ თამაში აღარ მინდა. ხალხი სტადიონზე არ დადის, ფული არ არის, ნორმალური ლეგიონერი თითქმის არც ერთ გუნდს არ ჰყავს და არ ვიცი, საერთოდ რა ჩემპიონატი გვაქვს"?

გამოცდილი თავდამსხმელი ახლა ფორმის შესანარჩუნებლად მაინც ვარჯიშობს:

"ორი თვეა, რაც გუნდიდან წამოვედი და სახლში ვარ. მაგრამ "კოლხეთში" კარგი შეკრება გავიარე, ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ფიზიკური კონდიციების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებას ვცდილობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
და სად იჯდა რომელ გუნდში ზამენაში სულ ამიხსენი ერთი.მომცერე აუცილებლად
datodato
19:11 13-12-2015
0
ავთო შენ საერთოდ აზრზე ხარ?ვინააა ეგ?ამას არ გაუტანია 5 გოლი?მაგრად ერკვევი ფეხბურთსში გეტყობა
datodato
19:07 13-12-2015
0

სიახლეები პოპულარული