სიონი-სამტრედია 0:2 - წარმატებული რეპეტიცია

AutoSharing Option
ქართული სეზონის ენდშპილი ამ ორი გუნდის მეტოქეობის ნიშნით მიმდინარეობს. საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის პირველ მატჩში ამ კლუბებმა ფრედ ითამაშეს სამტრედიაში. სულ მალე ბოლნისში საპასუხო სათასო დუელი შედგება. მანამდე კი "თამაზ სტეფანიაზე" "სიონი" და "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

"სიონისთვის" გადამწყვეტი აღმოჩნდა სამი ლიდერის დანაკლისი. "სამტრედიასთან" შეხვედრა გამოტოვეს დიმიტრი ტატანაშვილმა, დავით სვანიძემ და გიული მანჯგალაძემ. დაცვის, ნახევარდაცვისა და თავდასხმის ლიდერების დაკლებამ დიდი კვალი დაამჩნია ბოლნისელთა გარჯას.

შეხვედრა "სიონმა" უფრო აქტიურად დაიწყო. ბოლნისელები ბურთს გაცილებით ხშირად აკონტროლებდნენ,
თუმცა სამტრედიელთა კართან სახიფათო მომენტებამდე საქმე, პრაქტიკულად, არ მიდიოდა.

"სამტრედიამ" "სიონის" კარისკენ პირველად მე-20 წუთზე გაიხედა და გაიტანა კიდეც. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ყველაზე უკეთ მიმართულება ირაკლი სიხარულიძემ შეურჩია - სამტრედიელთა შეტევის ლიდერს ბურთი ფეხზე შეეხო და კარში შეგორდა.

"სიონმა" გათანაბრება მოინდომა და... ეგრევე მეორე გოლი მიიღო. დავით რაჟამაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ბუდუ ზივზივაძე და მირზა მერლანს შანსი არ დაუტოვა.

თამაში თითქოს დასრულებული ჩანდა, როცა ინტრიგა ისევ გაჩნდა. 37-ე წუთზე სამტრედიელთა მეკარე გაბრიელ თებიძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. არბიტრმა ხარიტონაშვილმა ეს ეპიზოდი მართებულად შეაფასა "ბოლო იმედის" ჯარიმად და თებიძე მინდვრიდან გააძევა.

გია ცეცაძემ მინდვრიდან ზივზივაძე გაიხმო და კარის დაცვა კახა მეშველიანს ანდო. უნდა ითქვას, რომ ათკაციანმა "სამტრედიამ" ბოლომდე შეასრულა მთავარი მწვრთნელის მითითებები და მოპოვებული უპირატესობა ისე დაიცვა, რომ იმერთა გამარჯვება წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

საერთოდ, მიმდინარე სეზონში სამტრედიელთა ორი მატჩი ვნახე და რაც შემიძლია დავწერო, ესაა - გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობა და ფეხბურთელებმა თითოეულ სათამაშო ეპიზოდში ზუსტად იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სამტრედიაში" რამდენიმე ფეხბურთელმა კვლავ იპოვა საკუთარი თავი. მაგალითად, რაჟამაშვილმა, ვინც შაბათს სამტრედიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მეორე ტაიმში "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ შეცვლების მეშვეობით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ასპროცენტიანი მომენტი რასაც ჰქვია, "სიონს" არ ჰქონია. სამტრედიელები კი ბედს სწრაფ კონტრშეტევებში ეძებდნენ.

ბოლნისელთაგან მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები შეექმნათ უგულავას, კილასონიასა და ისიანს (ორჯერ). სტუმართაგან კი შანსები ჰქონდათ სიხარულიძესა და მთივლიშვილს. ამის მიუხედავად, ამ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრო.

მატჩის შემდეგ:
ვარლამ კილასონია ("სიონის" მთავარი მწვრთნელი): "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე ასევე ვეღარ გავაგრძელეთ და ორი გოლი მივიღეთ. ჩვენი ფიზიკური კონდიციები აღარაა მაღალი, ბიჭებს დაღლა ეტყობათ...

დღეს სვანიძე, მანჯგალაძე და ტატანაშვილი გვაკლდნენ. ვეცდებით, ჩვენი რესურსით წარმატებით ვითამაშოთ თასის მეოთხედფინალში და ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ...

პირველი წრის ბოლო ორ თამაშში, შესაძლოა, გუნდს ვუსაყვედუროთ, მაგრამ ყველა ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, შედეგი კარგია. თუ ზამთარში გავძლიერდებით და კარგად ჩავატარებთ მოსამზადებელ პროცესს, სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ".

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი): "ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს.

"სიონი" რთული მეტოქეა. მეწყინა, თასის მეოთხედფინალში "სიონს" რომ შევხვდით. ვარლამ კილასონია ჩემი მეგობარია. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს თასის ნახევარფინალში გასასვლელად. შანსები თანაბარია".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
12.12. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-სამტრედია 0:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (20), 0:2 ზივზივაძე (28)
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, კილასონია, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი - ისიანი, გოგობერიშვილი (46. მიქაბერიძე), ვასაძე (74. მესხი), რაზმაძე, კობახიძე (46. საჯაია) - უგულავა.
სათადარიგოები: ნანიევი, ჭიკაიძე, ოთარაშვილი, გურეშიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
სამტრედია (4-4-2): თებიძე - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - რაჟამაშვილი (88. მთივლიშვილი), დათუნაიშვილი, ცნობილაძე, იოსელიანი (61. ენდელაძე) - სიხარულიძე, ზივზივაძე (38. მეშველიანი).
სათადარიგოები: ცინცაძე, კერძევაძე, მარკოზაშვილი, ჯიქია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯაფიაშვილი (59), დათუნაიშვილი (64), კილასონია (69), მერლანი (89), სიხარულიძე (89)
გაძევება: თებიძე (37)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული