საბურთალო-ტორპედო 4:4 - სიამოვნება სანახაობით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ტრადიციად იქცა: "საბურთალოს" საშინაო მატჩები უკომპრომისოდ და საინტერესოდ მიმდინარეობს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო; უფრო მეტიც: გულშემატკივარმა მართლაც მშვენიერი სანახაობა იხილა და ამ შემთხვევაში მხოლოდ 8 გოლს (!) არ ვგულისხმობთ.

მოკლედ, თვალსასეირო დაპირისპირების მომსწრენი გავხდით და ერთიმეორეზე ეფექტური გოლების გარდა, ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური გაბრწყინებაც ვნახეთ. აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: მასპინძელთა 19 წლის კაპიტნის, გიორგი ხარაიშვილის შთამბეჭდავი თამაშით თუ მისი თანაგუნდელის, 17 წლის გიორგი კოხრეიძის "დუბლით", სტუმართა უნივერსალი შემტევის, 22
წლის ლაშა შინდაგორიძის ჩინებული ბურთაობითა თუ მისი თანაგუნდელის, 26 წლის დათა სიჭინავას მართლაც "საფირმო სტანდარტულითა" და ასე შემდეგ...

...პირველი წრის ბოლო ტურის მატჩს ორივე გუნდი აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით შეხვდა: მასპინძლების ახალგაზრდა თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი მოისაკლისა, მისმა გამოცდილმა უკრაინელმა კოლეგამ, ალექსანდრ შტელინმა კი მოახლოებული სათასო პაექრობის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

თუმცა, "საკადრო საკითხი" მთელი მატჩის განმავლობაში არააქტუალური იყო: ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა და 8 (რვა!) გოლის გარდა, ამაზე მეტი სახიფათო მომენტიც შეიქმნა (თანაც, ორივე კართან)! თავდაპირველად, "საბურთალო" დომინირებდა და საწყის წუთებში ზედიზედ რამდენიმე მშვენიერი შანსიც ჰქონდა, მაგრამ სტუმართა 20 წლის მეკარემ, ტარიელ ხაინდრავამ მეტად და მეტად რთული ბურთები აუღო გიორგი ხარაიშვილს, გურამ გოშთელიანსა და ნიკა საბანაძეს.

აი, "ტორპედოს" პირველივე კონტრშეტევა კი შედეგიანი აღმოჩნდა: გიორგი ქიმაძემ, როგორც სჩვევია, მარცხენა ფლანგზე გაილაღა (თანაც, ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო) და მისი აქტიურობის შემდეგ ლაშა შინდაგორიძემ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ამ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია და სულ მალე გიორგი ხარაიშვილმა მართლაც დიდოსტატურად შეასრულა საჯარიმო: თითქმის გამორბენის გარეშე ბურთი სტუმართა "ცოცხალ კედელს" შემოატარა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში "ჩასვა"!

რამდენიმე წუთში ლაშა თოთაძემ შორეული და უზუსტესი პასით გიორგი კოხრეიძე ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა და ამ უკანასკნელმაც ოსტატური დარტყმით თანაგუნდელები დააწინაურა. მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა "საბურთალოს" საუკეთესო ბომბარდირს, 18 წლის გურამ გოშთელიანს: ერთ ეპიზოდში ზუსტად ვერ დაარტყა, მეორეჯერ კი, მეკარესთან პირისპირ რომ გავიდა, კვლავაც ტარიელ ხაინდრავამ იყოჩაღა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი სტუმრები შესამჩნევად გამოცოცხლდნენ და ტაიმი სულაც მოიგეს! მშვენიერი გოლი გაიტანა ლაშა შინდაგორიძემ: მარცხენა ფლანგზე, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა შორეულ კუთხეში ზუსტად რომ გაგზავნა ბურთი.

თუმცა მანამდე არანაკლებ ეფექტური გოლი ვნახეთ: მასპინძელთა 17 წლის მეკარემ, ლუკა სანიკიძემ ბურთი შორს კი მოიგერია, მაგრამ ვიდრე კარში დაბრუნდებოდა, გიორგი კუხიანიძემ, ერთი შეხებით, დაახლოებით 40 მეტრიდან (!) ბურთი ზუსტად გაგზავნა დაუცველ კარში!..

სანახაობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა: სტუმრებს ორი კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ირაკლი კლიმიაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია; სამაგიეროდ, მასპინძლებს დაუფასდათ მონდომება და 18 წლის ბექა გვარაძემ თანაგუნდელ გურამ გოშთელიანთან მშვენივრად გათამაშებული "კედლის" შემდეგ რთული მდგომარეობიდან ანგარიში გაათანაბრა.

ამას სულ მალე გიორგი კოხრეიძის ჩინებული გოლი მოჰყვა: 17 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან უზუსტესად დაარტყა! თუმცა, ორიოდ წუთში ანგარიში კვლავ გათანაბრდა: შეცვლაზე შემოსულმა დათა სიჭინავამ უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონატში "სტანდარტულების" შესრულებაში უკონკურენტოა!

მატჩის საბოლოო შედეგი, ერთი შეხედვით, ლოგიკური იყო, რამეთუ წაგებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა; თუმცა, შეხვედრის მიწურულს "საბურთალოს" მაინც შეეძლო 3 ქულის აღება: შეცვლაზე შემოსულმა კენიელმა ელვინ ტერამ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ გურამ გოშთელიანი ბურთს კარგად ვერ მისწვდა, თორემ ამ მატჩში კიდევ ერთ გოლს (მეცხრეს!) ვნახავდით...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
12.12. თბილისი. "ბენდელა"
საბურთალო-ტორპედო 4:4
გოლები: 0:1 შინდაგორიძე (11. ქიმაძის პასით), 1:1 ხარაიშვილი (17), 2:1 კოხრეიძე (23. თოთაძის პასით), 2:2 კუხიანიძე (28), 2:3 შინდაგორიძე (43), 3:3 გვარაძე (66. გოშთელიანის პასით), 4:3 კოხრეიძე (78), 4:4 სიჭინავა (80)
საბურთალო (4-2-3-1): სანიკიძე - ბიძინაშვილი (55. ტერა), თოთაძე, მარგველაშვილი, სოფრომაძე - ალთუნაშვილი, ხარაიშვილი - გვარაძე, კოხრეიძე, საბანაძე (46. ფანცულაია/90. რუხაძე) - გოშთელიანი.
სათადარიგოები: შიხაშვილი, ვაჭარაძე, ბაკურაძე, ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტორპედო (4-1-4-1): ხაინდრავა - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნიკონოვი, ქიმაძე - კლიმიაშვილი - კირკიტაძე (68. დ. სიჭინავა), კუხიანიძე, ფურცხვანიძე (46. ბაბუნაშვილი), შინდაგორიძე - კვერნაძე (46. ბრეგვაძე).
სათადარიგოები: ფანცხავა, ბურჯანაძე, საღრიშვილი, რ. თევდორაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (66), ფანცულაია (66), ბაბუნაშვილი (75), ტერა (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული