15:59 14-12-2015
ლოკომოტივი-ცხინვალი 0:1 - არ გაყიდო! [VIDEO]
AutoSharing Option
რაც შეეხება "ლოკომოტივს", უმაღლეს ლიგას კი შეეგუა, მაგრამ ლიდერებთან ბრძოლა ჯერ მაინც უჭირს.
ასე მოხდა "ცხინვალთანაც". მიუხედავად იმისა, რომ ჟერარ სარაგოსას გაწვრთნილებმა ბოლო წამამდე თავი დადეს, "ცხინვალის" გამოცდილმა მოთამაშეებმა 3 ქულა მოიპოვეს. შესაძლოა, იმიტომაც, რომ სხვადასხვა მიზეზით, "ლოკომოტივს" სწორედ გამოცდილი მოთამაშეები აკლდნენ - გეგა დიასამიძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი თექთურმანიძე და ლექსო ბენაშვილი.
მატჩამდე "ლოკომოტივის" აკადემიის ფეხბურთელები სტადიონზე გავიდნენ მაისურაზე წარწერით - "არ გაყიდო ფეხბურთი". აქციის მიზანი იყო ფეხბურთი "ჩაწყობის" გარეშე, მხოლოდ სპორტული მოტივაცია და ნათელი მესიჯი - "ლოკომოტივი" გარიგებულ მატჩებს ემიჯნება და ყველას პატიოსნად თამაშისკენ მოუწოდებს!..
...ეს პირველი ტაიმის ყველაზე საინტერესო ამბავი იყო, დანარჩენი - ბევრი ბრძოლა და ნაკლები ფეხბურთი. მეორე ტაიმში კი ორივე გუნდმა გაიხსენა საკუთარი მოვალეობა და გაცილებით საინტერესო თამაში გაჩაღდა.
"ცხინვალმა" ლამის ეგრევე გაიტანა. ნიკა კაჭარავამ "ლოკომოტივის" მეკარე ლაზარე კუპატაძეს შეცდომა დააშვებინა, დამატებაზე კი დავით მაისაშვილმა ივარგა - 0:1.
მალევე, "ცხინვალმა" სწრაფი შეტევა განახორციელა და კინაღამ უპირატესობა გაზარდა - ლაშა ქოჩლაძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გიორგი ივანიშვილი სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვა და ახლო მანძილიდან შანსი გაანიავა.
შემდეგ უპირატესობა "ლოკომოტივმა" იგდო ხელთ და რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნა. ისიც აღვნიშნოთ, რომ საიმედოდ თამაშობდა მეკარე გიორგი ნადირაძე, რომელიც ჯერ დავით უბილავას დარტყმას გადაეფარა, ხოლო მერე არც ერეკლე სულთანიშვილს გაატანინა.
ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მასპინძლებმა ორწუთიან ეპიზოდში შექმნეს. ჯერ იყო და, მამია გავაშელიშვილმა მცველს მაღალ ნახტომში აჯობა, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა და "ცხინვალი" აშკარა გოლს გადარჩა.
მეორე მომენტი უბილავას მშვენიერი გადაცემის შემდეგ შეიქმნა, რომელმაც ნადირაძესთან პირისპირ გავაშელიშვილი დატოვა - მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მერე მოედანზე ვითარება დაიძაბა. საჯარიმოში მცველთან შეჯახების შემდეგ ნიკა კაჭარავა პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა ეს ეპიზოდი წესების დარღვევად არ ჩათვალა.
მერე უკვე შეცვლაზე შესულმა რატი არდაზიშვილმა შეუტია, რომელმაც "ლოკომოტივის" თამაში გაამწვავა. მისი დრიბლინგი ძლიერი დარტყმითა და "ცხინვალის" მეკარის საიმედო გარჯით დასრულდა.
შემდეგ ვნახეთ ლევან კაკუბავას ორი ყვითელი ბარათი (და შესაბამისად - გაძევება, რასაც სულ 13 წუთი დასჭირდა.
მატჩის ბოლოს ვითარება ძალიან დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. კაჭარავამ "ლოკომოტივის" მცველებზე გაიწია, თუმცა არბიტრმა ორივე მხარე დაამშვიდა და სიტუაცია განმუხტა.
ხუთი წუთის დამატების მიუხედავად, "ლოკომოტივმა" წონასწორობის აღდგენა ვერ მოახერხა და 0:1 წააგო. "ცხინვალმა" პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზურს მიუახლოვდა, 14-ქულიანი "ლოკომოტივი" კი მე-12 ადგილზეა, შესაბამისად, რთული მდგომარეობა აქვს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
11.12. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ცხინვალი 0:1
გოლი: 0:1 მაისაშვილი (50)
ლოკომოტივი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ჩიხლაძე, ქიქავა, უბილავა, ართმელაძე (68. არდაზიშვილი), ქანთარია, სულთანიშვილი, გაბაძე, გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: მაკასარაშვილი, შეროზია, დუმბაძე, ღვინიაშვილი, ს. კვერნაძე, წივწივაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ქარდავა, მახარობლიძე (73. შულაია), გორგიაშვილი (68. ლექვთაძე), ქოჩლაძე (62. ბეჭვაია), ივანიშვილი, კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ცაცქრიალაშვილი, ბურძენაძე, ზ. ლობჯანიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილებები: მახარობლიძე (42), ჩიხლაძე (44), გეთიაშვილი (52), გავაშელიშვილი (65), კაკუბავა (75), ჯაფარიძე (80), სულთანიშვილი (81), კაჭარავა (83)
გაძევება: კაკუბავა (88)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 12
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული