ნიკა კაჭარავა: ვგრძნობ, წასვლის დროა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნიკა კაჭარავაა. შემთხვევითი არ არის, რომ 21 წლის ფორვარდი 13 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

კაჭარავა ძალიან კარგი ფორვარდია, ემარჯვება მაღალ ბურთებზე თამაში და ტანმაღალი შემტევი მწყრალად არც ტექნიკასთან არის. როცა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელზე, მის მომავალზე წერ, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხა, თუმცა აშკარაა, რომ კაჭარავას გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია.

ნიკას ფეხბურთი გენში აქვს. ის ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ფორვარდის კახა კაჭარავას ვაჟია.

უმცროს კაჭარავას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- ნიკა, შეაფასეთ თქვენთვის და გუნდისთვის სეზონის პირველი ნახევარი...

- კარგი პირველი ნახევარი გამოვიდა ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. "ცხინვალმა" მიზნად სამეულში ყოფნა დაისახა და ეს ამოცანა შესრულებულია. ჩემს პირად გარჯას რაც შეეხება, უკმაყოფილო არ ვარ, თუნდაც - სტატისტიკური მაჩვენებლებით. აქვე, მინდა ვთქვა, რომ სტატისტიკა ჩემთვის მთავარი არასოდეს ყოფილა. მთავარია გუნდის შედეგი. ამ მხრივ კი ყველაფერი კარგადაა...

- 13 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს და რამ მოიტანა ასეთი შედეგი?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა და ამაზე ყველა ფორვარდი ოცნებობს. ამას გარდა, მინდა, პარტნიორების გარჯა დავაფასო. რომ არა ისინი, ვერ ვიქნებოდი ბომბარდირთა სათავეში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია.

- ბომბარდირთა დავაში რამდენიმე კონკურენტის, რომ იტყვიან, სუნთქვა გესმით - გიორგი ქვილითაია, ოთარ მარცვალაძე, ირაკლი ბერიაშვილი, ირაკლი სიხარულიძე... ისინი და, შეიძლება, სხვებიც, ცდას არ დააკლებენ, რომ გადაგასწრონ...
- ყველა ამ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ. მე მათ ირაკლი მოდებაძესაც დავამატებდი. ტრავმის გამო მას რამდენიმე მატჩი გაუცდა, თორემ კიდევ მეტს გაიტანდა.

- "ცხინვალზეც" გკითხავთ. თუნდაც საქართველოს კვალობაზე გუნდს არ ჰყავს ვარსკვლავური შემადგენლობა. მაშ, რის ხარჯზე იგებთ თამაშებს?
- თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი გუნდი ყველაზე შეკრულია და ეს განწყობა მინდორზეც გადადის. ჩვენთან ეგოიზმი გამორიცხულია. ხშირად ყოფილა, ფეხბურთელს თავადაც შესძლებია გატანა და უკეთეს სიტუაციაში მყოფი პარტნიორისთვის გადაუწოდებია ბურთი... სხვათა შორის, ჩემი გოლები ამ ფაქტორის დამსახურებაცაა.

მეორე მომენტიცაა - "ცხინვალი" ყველა შეხვედრაში სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. საერთოდ, მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში გოლებმა და სანახაობამ იმატა. ჩვენ ვნახეთ, რომ ტურებში ძალიან ხშირად გადის ბევრი გოლი... აგერ, თუნდაც ბოლო ტურში "საბურთალო"-"ტორპედოს" მატჩი (4:4) რად ღირს...

- მაინც, როგორ აფასებთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს? რა დონის ტურნირია?
- აქ ძალიან ძნელია თამაში. მინდორზე გადიხარ და 300-400 მაყურებლის წინაშე თამაშობ. არადა, ბევრი გულშემატკივარი დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისათვის. მინდა, რომ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზე მეტმა ხალხმა იაროს.

- ქომაგს ასეთი არგუმენტი აქვს: რატომ ვიაროთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, დონე დაბალზე დაბალიაო?!.
- რა თქმა უნდა, ეს არგუმენტია. თუმცა მე ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავდი - საზღვარგარეთ, სამოყვარეულო ლიგის მატჩებზეც კი მეტი მაყურებელი დადის, ვიდრე ჩვენი ჩემპიონატის თამაშებზე. არ მგონია, საქართველოს პირველობაზე უფრო დაბალი დონე იყოს, ვიდრე ევროპის თუნდაც სამოყვარულო ლიგაში. დამიჯერეთ - ფეხბურთელი მინდორზე რომ გადის და ტრიბუნაზე მაყურებელს ვერ ხედავს, მორალურად კვდება.

- სხვა რა მახასიათებელი აქვს საქართველოს ჩემპიონატს?
- აქ თამაში ყველანაირად რთულია. არიან გუნდები, რომლებისგანაც არ იცი, რას და როდის უნდა ელოდო. სპონტანურად თამაშობენ. დალაგებულ, აწყობილ გუნდზე იფიქრებ ბევრს, გააანალიზებ, მის პლუსებსა და მინუსებს აწონ-დაწონი... ჩვენთან კი არიან გუნდები, რომლებთან მიმართებაშიც ამის გაკეთება ძალიან რთულია.

- როგორ შეაფასებდით ჩვენი მოედნების სადღეისო მდგომარეობას?
- რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან გვიჭირს. დღეს საქართველოს ჩემპიონატში რამდენი კარგი მინდორი გვაქვს? ალბათ, მხოლოდ "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე". ამასწინათ, გორში ვითამაშე ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და იქაური მინდვრის საფარი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. 16 გუნდზე ორი კარგი სტადიონი, მგონი, ძალიან ცოტაა.

- და მაინც, თუნდაც თქვენი მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ჩემპიონატშიც შეუძლია ფეხბურთელს მომატება...
- გეთანხმებით, შესაძლებელია. მე ასე მგონია - უმჯობესია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ საქართველოში დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს უცხოეთში ძალების მოსინჯვაზე. არ დავმალავ, ზაფხულში მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არ ვიჩქარე. მირჩევნია, იმ გუნდში ვითამაშო, სადაც სათამაშო პრაქტიკა და ნდობა მექნება. საქართველოს ჩემპიონატში მომატება შეიძლება, მაგრამ აუცილებლად დგება მომენტი, როცა აქ მეტს ვეღარ გაიზრდები და უნდა წახვიდე.

- მგონი, თქვენს კარიერაშიც მოვიდა ეს დრო...
- მეც ასე ვგრძნობ, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩემი პრინციპი არის ერთი - მივალ მხოლოდ ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნება. გამორიცხულია, ისეთ კლუბში წავიდე, სადაც არ ვითამაშებ. სკამზე ჯდომა დამღუპველია ფეხბურთელის კარიერისთვის.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელი ქვეყნის კლუბებიდან გაქვთ შეთავაზებები?
- რუსეთიდან, არიან ევროპული კლუბებიც. ჯერ კონკრეტული მართლა არაფერია.

- რა არის ნიკა კაჭარავას საფეხბურთო ოცნება?
- ორი ოცნება მაქვს: ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ესპანეთის ჩემპიონატში, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ საქართველოდან ესპანეთში მოხვედრა ძალიან რთულია, იქამდე ეტაპობრივად უნდა მიხვიდე.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი ფორვარდი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ "სიკვდილის ჯგუფში" მოვხვდით, ამ დროისთვის უკეთესი შედეგის იმედი გვქონდა...
- თაობა მართლაც ძალიან კარგია. რაც შეეხება შედეგს, არავინ ვართ კმაყოფილი. არც კი ვიცი, რა ვთქვა... რამდენჯერმე არ გაგვიმართლა. თუნდაც ბოლო საშინაო მატჩი ავიღოთ, შვედეთთან. ძალიან ბევრი შანსი მქონდა და უნდა გამეტანა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მამამისი კარგი ტრენერია და ეს ცხინვალში მუშაობითაც დაამტკიცა. მანამდე კი დინამოში, როდესაც ყველაზე ცუდი პერიოდი ედგა კლუბს ფინანსურად ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა შეკრა და ამ მხრივ კახიზე ცუდის თქმა უნამუსობაა. მეტიც, საწყენი იყო როცა დინამოდან მაშინ გაუშვეს, როცა პირობები გამოუკეთდა აღარ დაჭირდათ. ვფიქრობ მისთვის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ჩაბარებაც არ იქნებოდა ურიგო!
ვახო
21:26 19-12-2015
0
მამა კი ყავს მწვრთნელი, მარა ის გოლები მამამისს არ გაუტანია, რაც მეტი ფეხბურთელი გამოჩნდება უკეთესია ქართული ფეხბურთისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი შვილია
გიო
17:55 19-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული