XXVII ჩემპიონატის პირველ წრეს მოგვიანებით შევაფასებთ. ასევე, შემოგთავაზებთ პირველი წრის სტატისტიკურ მონაცემებსა და, რაღა თქმა უნდა, საშუალედო ნომინანტებსაც გამოვავლენთ (ანუ სხვადასხვა ამპლუაში გამორჩეულებს).
მაგრამ მანამდე პირველი წრის ბოლო ტურზე ვისაუბროთ და 2015 წლის ბოლო ტურის გამორჩეული ფაქტები
ჩემპიონობა ზამთარშიც ფასეულია
პირველი წრის ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა სწორედ "ზამთრის ჩემპიონის" გამოვლენა უნდა ყოფილიყო; თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს უფრო "მოჩვენებითი ინტრიგა" იყო: თბილისის "დინამოს" 1 ქულაც ჰყოფნიდა ამ არაოფიციალური, მაგრამ მაინც ტიტულისათვის. იმის მიუხედავად, რომ "დინამოს" რამდენიმე დღეში თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ელოდება "ტორპედოსთან", გია გეგუჩაძის გუნდმა ისედაც შთამბეჭდავი სერია კიდევ უფრო გააგრძელა და არცთუ სუსტ "შუქურას" სტუმრად 3:1 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ "დინამომ" ჩემპიონატსა და თასზე ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო, ხოლო გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ამჯერადაც გაიტანეს "თავიანთი" გოლები. ეს სამეული უკანასკნელ პერიოდში მართლაც სუპერშედეგიანად თამაშობს, თუმცა ამ თემაზეც უახლოეს მიმოხილვაში ვისაუბრებთ, როცა "ლელოს" უკვე ტრადიციადქცეულ რუბრიკას ("თვის ნომინანტები") შემოგთავაზებთ.
მანამდე კი გვინდა "დინამოს" მივულოცოთ "ზამთრის ჩემპიონობა"! საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში ხომ მხოლოდ ერთი-ორჯერ მომხდარა, როცა პირველი წრის გამარჯვებული საბოლოოდ ოქროს მედლების გარეშე დარჩენილა.
ლოგიკა და მშვიდობა
XV ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ პირველი წრის დამამთავრებელი ტურის შედეგებს სატურნირო ცხრილში რაიმე სერიოზული გადაადგილებები არ უნდა მოეხდინა; ანუ მეტ-ნაკლებად ლოგიკურ შედეგებს ვვარაუდობდით და ასეც მოხდა. თავად განსაჯეთ: პირველი წრის ბოლო ტურის შედეგების მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი გადაადგილება მოხდა და ისიც ძალზე უმნიშვნელოდ უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ეს, შესაძლოა, სხვისთვის იყოს უმნიშვნელო, თორემ ურთიერთშეხვედრებში არსებული უპირატესობის წყალობით "ზუგდიდი" რომ "საპოვნელაზე" ზემოთ აღმოჩნდა, მეგრული კლუბის მწვრთნელ-ფეხბურთელებისათვის მართლაც არ იქნებოდა პატარა ამბავი: ლევან მიქაძის გუნდმა ბოლო სამ მატჩში ძვირფასზე ძვირფასი ქულები აიღო და "გასავარდნ ზონასაც" თავი დააღწია.
...ტურის წინათქმაში ისიც ვისურვეთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები თუ გულშემატკივრები პირველ წრეს მშვიდობიანად დაემშვიდობებოდნენ და ასეც მოხდა: რაიმე სერიოზული ექსცესი არ მომხდარა.
თუმცა მთლად "მშვიდობიანად" ვერ გავაცილეთ ჩემპიონატი არდადეგებზე: პირველი წრის ბოლო ტურში ოთხმა ფეხბურთელმა - ლევან კაკუბავამ ("ცხინვალი"), ლევან წურწუმიამ ("ზუგდიდი"), გივი ქარქუზაშვილმა ("დილა"), გაბრიელ თებიძემ ("სამტრედია") - მიიღო წითელი ბარათი.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი პირველი წრის ანტირეკორდია: ამდენი ფეხბურთელი არც ერთ ტურში არ გაუძევებიათ.
სტუმრების ზეობა და თრილერი "ბენდელაზე"
პირველი წრის ბოლოსწინა ტურის მიმოხილვაში მასპინძელთა ზეობაზე ვამახვილებდით ყურადღებას: ისე, როგორც XII ტურში, რვა მატჩიდან შვიდ შეხვედრაში მაშინაც მასპინძლებმა იმარჯვეს, ერთი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. თუმცა, არც ეს იყო აბსოლუტური შედეგი: VII ტურის რვავე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა! და აი, პირველი წრის ბოლო ტურში სრულიად საპირისპირო სიტუაციის მომსწრენი გავხდით: 5 მატჩი სტუმრებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა, თანაც, ამ სამივე საყაიმო ანგარიშიდან არც ერთი იყო "ჩვეულებრივი" ფრე: "გურიამ" და "კოლხეთმა", საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ერთმანეთში პირველად გაიყვეს ქულები.
"ზუგდიდმა" კი, თავისთვის საჭირო ქულა ხომ მოიპოვა, პლუს ამას, ამ სეზონში კიდევ ერთხელ გააწბილა "დილა" (შეგახსენებთ, რომ თასის მერვედფინალშიც აჯობა ორი მატჩის ჯამში).
დაბოლოს, მართლაც უჩვეულოდ უხვგოლიან საყაიმო ანგარიშზეც: გუშინაც ვწერდით, რომ 12 დეკემბერს "ბენდელაზე" სასიამოვნო სანახაობის მომსწრენი გავხდით, როცა "საბურთალოსა" და "ტორპედოს" მატჩი (თანაც, ორივე გუნდი აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდა) 4:4 დასრულდა!
ასეთი უხვგოლიანი ფრე ამ სეზონში აქამდე არ დაფიქსირებულა, თუმცა ერთ მატჩში 8 გოლი კიდევ ორ შეხვედრაში გავიდა: "სიონმა" რომ შინ "ტორპედოს" 6:2 მოუგო და იმავე "სიონმა" სტუმრად ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 5:3.
ბომბარდირული ინტრიგა
პირველი წრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ბომბარდირთა დავა უნდა მივიჩნიოთ: კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში გოლეადორთა შორის ასეთი კონკურენცია არ ყოფილა! პირველი წრის ბოლო ტურში მოედანი უგოლოდ დატოვა "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, მაგრამ მისი შედეგი (13 გოლი) მაინც საკმარისი აღმოჩნდა პირველი წრის საბოლოო ბომბარდირობისათვის. თუმცა, მისმა თითქმის ყველა კონკურენტმა იყოჩაღა და კაჭარავა-უმცროსთან სხვაობა შეამცირეს: გიორგი ქვილითაია (თბილისის "დინამო") ერთი ბურთითღა ჩამორჩება, გიორგი ბერიაშვილი (ბათუმის "დინამო") და ირაკლი სიხარულიძე კი - სამ-სამით.
საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა ოთარ მარცვალაძემ, თუმცა ძალიან ძნელი სათქმელია, კიდევ ვიხილავთ თუ არა "დილას" გამოცდილ შემტევსა და, საერთოდ, პირველი წრის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს... მეორე წრეში საქართველოს ჩემპიონატში.
ისე, ძნელი სათქმელია, თუ რა მიზნები ექნება ან რა კონტინგენტი ეყოლება ზამთრის პაუზის მერე მოქმედ ჩემპიონს.
შინდაგორიძისა და კოხრეიძის შთამბეჭდავი ფინიში
პირველი წრის ბოლოს მართლაც შთამბეჭდავად ათამაშდა "ტორპედოს" 22 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელმაც "საბურთალოსთან" მატჩში "დუბლი" შეასრულა და ბარემ ისიც ვთქვათ, ამ ტანმაღალმა ფეხბურთელმა (ერთნაირი წარმატებით რომ შეუძლია გარემარბისა და ცენტფორვარდის პოზიციაზე თამაში) ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ორჯერ "დუბლითაც" გამოირჩა."საბურთალო"-"ტორპედოს" სუპერშედეგიან და საინტერესო მატჩში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: მასპინძელთა 17 წლის ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ ამ სეზონში ჯერ სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, მერე სადებიუტო გოლი გაიტანა, ახლა კი ასევე სადებიუტო "დუბლიც" შეასრულა.
ყოჩაღი შემცვლელები
აბა, ისე როგორ იქნებოდა, პირველი წრის ბოლო ტურშიც თავი არ გამოეჩინათ შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს! "ტორპედოს" 26 წლის შემტევმა დათა სიჭინავამ თავის უკვე მართლაცდა საფირმოდ ქცეული "ცაციათი" მორიგი გოლი გაიტანა "სტანდარტულიდან" და ეს მისთვის მესამე გოლი იყო, როგორც შეცვლაზე შემოსულისათვის. თუმცა ამ "ნომინაციას" სხვა ლიდერი ჰყავს: "ჩიხურას" 23 წლის ფორვარდს, თორნიკე მუმლაძეს ოთხი გოლი აქვს გატანილი შეცვლაზე შემოსულს. ასევე შეცვლაზე შემოსულმა შეძლო გოლის გატანა "დილას" გამოცდილმა ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოდებაძე წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და ზამთრის პაუზას ამიტომაც ხვდება "მხოლოდ" 8 გოლით...
სადებიუტო მატჩები, გოლები...
პირველი წრის ბოლო ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში: ტარიელ ხაიდრავამ ("ტორპედო"), ლაშა ლაბაძემ, რევაზ წილოსანმა (ორივე - "გურია"), რევაზ მაჭავარიანმა ("საპოვნელა"), გიორგი მალანიამ ("ზუგდიდი"), ევგენი ქაჯაიამ, თენგიზ თოლორდავამ (ორივე - "მერანი"). ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების მსგავსად, XXVII ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტური, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ 20 წლის გოჩა კვარაცხელიას ("კოლხეთი") და 18 წლის ბექა გვარაძეს, რომლებმაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"