უჩა სოსიაშვილი: მწვრთნელ-ფეხბურთელებს მაისის ბოლომდე ვერავინ შეგვეხება!

AutoSharing Option
გორის "დილამ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დაასრულა. ჩვენი პირველობის ერთ-ერთი ლიდერი ურთულეს ფინანსურ სიტუაციაშია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დღეისთვის შვებულებაშია და არავინ იცის, როდის გააგრძელებს მზადებას საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის.

არადა, "დილაში" საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი ყოფილი თუ დღევანდელი ფეხბურთელი თამაშობს.

გუშინ დავუკავშირდით "დილას" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს...

- რა მდგომარეობაა სადღეისოდ გუნდში?
- ამ დროისთვის, "დილა" შვებულებაშია. ჯერ არ ვიცით, როდის შეიკრიბება გუნდი. ფეხბურთელებს ორი თვისა და 20 დღის დავალიანება აქვთ ასაღები,
მწვრთნელებს - ორი თვის. გასაცემია იმ თამაშების საპრემიო თანხაც, რომლებშიც "დილამ" გაიმარჯვა.

- სიტუაციას ნათელი როდისთვის უნდა მოეფინოს?
- 18 დეკემბრამდე აუცილებლად შევხვდები გუბერნატორს, იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვპატრონობს. ამ დროისთვის აბსოლუტურად გაურკვეველია გუნდის მომავალი. არავინ იცის, რა იქნება, მოვახერხებთ თუ არა საერთოდ შეკრების გავლას.

- არის შანსი, რომ "დილა" დატოვოთ?
- საერთოდ, ძალიან არ მიყვარს შუა გზაზე იმ საქმის მიტოვება, რომელიც ჩემი დაწყებულია. ერთი კია - თუ პირობები არ იქნება, ისე საქმის კარგად გაკეთება ძალიან გაჭირდება.

- ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ხართ. როგორ აფასებთ ამ შედეგს?
- პირდაპირ გეტყვით: შექმნილ სიტუაციაში ეს შედეგი არის მაქსიმუმი. ძალიან ბევრ უფულო გუნდში ვითარდება არასასიამოვნო პროცესები. ჩვენ, ყველანი, ერთმანეთის გვერდით ვიდექით ბოლომდე. ისე გავაკეთეთ, რომ "დილა" მეორე ადგილზე დაბლა არ ჩამოსულა. მინდა, ყველა ჩემს ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მათ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს.

- ბოლო დროს საფეხბურთო თემში არაერთხელ ითქვა "დილაში" მიმდინარე პროცესებზე. მაინც, რა ხდება რეალურად გუნდის გარშემო?
- ერთს ვიტყვი და ძალიან გთხოვთ, ზუსტად ასე დაწერეთ - ლაპარაკია იმაზე, რომ "დილაში" არ უნდა იხარჯებოდეს ამდენი ფული, რომ გუნდს არ უნდა ჰყავდეს ასეთი ძვირად ღირებული ფეხბურთელები...

მაშინ ნუღარ ჩავატარებთ ეროვნულ ჩემპიონატს. ჩავატაროთ ჭაბუკთა ლიგის გათამაშება და ვათამაშოთ 11-12 წლის ბავშვები. ცხადია, ასე ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. "დილას" დაშლა გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატი გადაიქცევა ერთი გუნდის, თბილისის "დინამოს" ჩემპიონატად და ეს თვითონ "დინამოსთვის" არ იქნება კარგი.

საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი რომ აკლია, ეს ყველას გვტკივა. რა თქმა უნდა, ხალხი ასე თუ ისე მოვა ნავალოვსკის, მარცვალაძისა და გოგუას სანახავად. ეს ხალხი თუ არ არის საჭირო ჩვენი პირველობისთვის, მაშინ შეგვრჩება ხელში ბავშვების ჩემპიონატი...

- ვინ ლაპარაკობს ამაზე?
- მოვა დრო და ყველა ყველაფერს გაიგებს. ცუდი ისაა, რომ ეს ადამიანები, ვინც ამაზე ლაპარაკობენ, პირდაპირ არ გამოდიან კავშირზე და პირდაპირ არ ამბობენ სათქმელს.

ახლა აგიხსნით საქმის ვითარებას. ჩვენ, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, მაისის ბოლომდე ვერავინ შეგვეხება. ჩვენ გვიცავს ჩვენი კონტრაქტები და ეს ისეთი ამბავია, რომ წყალი არ გაუვა. თუ ჩვენი გაშვება უნდათ, მაშინ კლუბი ბანკროტად უნდა გამოცხადდეს და მოიხსნას უმაღლესი ლიგიდან...

მინდა, ბოლომდე მივიყვანო საქმე, რომელიც დავიწყე. მაისამდე თუ დავრჩი გუნდში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "დილას" ჰქონდეს კარგი შედეგი. მაისიც მოვა, მერე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ... კი ბატონო! თუ უნდათ პირობითად "სამლარიანი" გუნდი, იყოს ასეთი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს და დავშორდებით მშვიდობიანად, მაგრამ რაც კონტრაქტში წერია, რომელიც მაისამდეა გაფორმებული, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს.

- "დილაში" ჩვენი მასშტაბებით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. ცხადია, მათ ექნებათ შეთავაზება არაერთი გუნდისგან...
- რა თქმა უნდა, არის შეთავაზებები, მაგრამ წასვლაზე ჯერ არავინ ფიქრობს. ყველას გვინდა, შევინარჩუნოთ ეს გუნდი და ვიბრძოლოთ იმ მიზნებისთვის, რომლებიც დავისახეთ სეზონის დასაწყისში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერს დავანებოთ თავი მარა ეს სამ ლარიანი ფეხბურთელები ვინ არიან? უფულო გუნდში რო მოხვედი და მიზნად რო დაისახე არ გავარდნა არ უნდა დაგავიწყდეს ის ბიჩები მეორე ადგილზე რო დაამთავრეს პირველი წრე უფულოდ, და მშივრებმა... მაგის მერე ჩაიდო ფული შედეგი რო დაიდო, ეხლა გახდნენ სამ ლარიანები ხო და ის გვარები რო დარჩნენ მარტო ძვირადღირებულები არიან... ეგეთი ცხოვრებით არ გაგიმართლებს არასდროს არაფერში, მარტო ჯუღელი ვერ გიშველის თორე შენი საქმის შენ იცი ))
moxuci
21:33 19-12-2015
0
იამზე კი არ ფიქრობთ რომ გორის ფეხბურთი ააყვავოთ , ან ბავშთა სკოლა გააკეთოთ ან ბაზა ააშენოთ ,ან გორის ფეხბურთს მიხედოთ, გორის ფეხბურთი დაანგრიეთ.ამდენი ფულით რაც გორის ბიუჯეტმა გამოგიყოთ დაინიშნეთ დიდი ხელფასები და კიდე ამდენი ვალები დაადეთ გორის ბიუჯეტს,7500 ლარი რაც შენ ხელფასი დაინიშნე შენი ნათესავის მინისტრებს არ აქვთ მაგდენი.ეხლანდელი ხელმძგვანელობა უნდა ჩამოშორდეს დილას და უნდა მოვიდეს წესიერი კომპეტენტური ხალხი.
dila dila
15:03 18-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული