უმაღლესი ლიგა. საშუალედო ნომინანტები და სიმბოლური: დიახ, იაშვილი!

AutoSharing Option
"ლელომ" ტრადიციას არ უღალატა და საქართველოს ჩემპიონატის I წრეში გამორჩეულები - საშუალედო ნომინანტები დაასახელა...

საუკეთესო მწვრთნელი
1. გია გეგუჩაძე (დინამო თბ)
2. უჩა სოსიაშვილი (დილა)
3-4. კახა კაჭარავა (ცხინვალი), ვარლამ კილასონია (სიონი)

ამ ნომინაციაში საკამათო, ალბათ, არაფერი უნდა იყოს: თბილისის "დინამო" სრულიად დამსახურებულად გახდა "ზამთრის ჩემპიონი" (პლუს, თასის ნახევარფინალშიც გავიდა) და სწორედ ამ გუნდის დამრიგებელი მივიჩნიეთ კიდეც პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად!

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში შიდა ასპარეზზე (ჩემპიონატზე, თასსა და სუპერთასზე) გია გეგუჩაძის დამოძღვრილმა "დინამომ" 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და
მართლაც შთამბეჭდავი შედეგი უჩვენა: 18 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება!

ასევე შთამბეჭდავია ამ ოც შეხვედრაში "დინამოს" გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა: 49-14;

სხვათა შორის, გია გეგუჩაძემ უკვე "მოასწრო" ამ სეზონში ერთი ტიტულის (სუპერთასის) მოგება, ახლა კი მშვენიერი შანსი ეძლევა, "დინამოსთან" ერთად "ტრიპლეტიც" შეასრულოს.

საუკეთესო მეკარე
1. გიორგი ნადირაძე (ცხინვალი)
2. დავით კუპატაძე (ჩიხურა)
3. ლიბორ ჰრდლიჩკა (დინამო თბ)

მეოთხე სეზონია, გიორგი ნადირაძე "ცხინვალის" ძირითადი მეკარე და საერთოდაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია; ეგ კი არა, წინა სეზონში გუნდის კაპიტნის, ლევან ჭაფოძის მძიმე ტრავმის მერე "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ კაპიტნის სამკლავური სწორედ ნადირაძეს ანდო და არც შემცდარა: ზედიზედ მეორე სეზონია, ნადირაძე უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში.

აი, თუგინდ პირველი წრე ავიღოთ, რომლის მსვლელობის დროსაც ნადირაძემ რამდენიმე მართლაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაც არის, "ცხინვალი" ზამთრის პაუზას მესამე ადგილზე მყოფი რომ შეხვდა.

საუკეთესო მცველი
1. გიორგი ნავალოვსკი (დილა)
2. ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ)
3. რენე ფერეირა (დინამო თბ)

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამა წლის დასაწყისში... შვიდწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა, მერე კი (უკვე - ზაფხულში) ასევე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატშიც დაბრუნდა და უმალ გახდა კიდეც "დილას" ერთ-ერთი ლიდერი!

29 წლის ნავალოვსკი საქართველოს ჩემპიონატის არა მხოლოდ საუკეთესო მარცხენა მცველია, არამედ, საერთოდ, საუკეთესო მცველადაც მიგვაჩნია და ამა თუ იმ შეხვედრაში "დილას" წარმატებაც მნიშვნელვნად არის დამოკიდებული ამ სწრაფი და უშიშარი მარცხენაფლანგელის ოსტატობაზე.

აქვე, ნავალოვსკის ახალგაზრდა კოლეგა, 20 წლის ოთარ კაკაბაძეც გვინდა გამოვარჩიოთ, რომელიც საპირისპირო, მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობს და ასევე ხშირად და ეფექტიანად ერთვება შეტევებში.

საუკეთესო ნახევარმცველი
1. ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ)
2. გოგიტა გოგუა (დილა)
3. მათე ცინცაძე (დინამო თბ)

XXVII ჩემპიონატში რამდენიმე გამორჩეული ნახევარმცველი ასპარეზობს, თუმცა, "ლელოს" ვერსიით, პირველ წრეში საუკეთესო თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური გახლდათ!

ჯიღაური თავის კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს ატარებს და ნახევარმცველის კვალობაზე მართლაც შესაშური შედეგიანობითაც (9 გოლი ჩემპიონატში, ერთიც - თასზე) შეუძლია იამაყოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯიღაურმა ამ ჩემპიონატში უკვე სამჯერ შეასრულა "დუბლი" და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ ნიკა კაჭარავას ჩამორჩება.

და მთავარი: ჯაბა ჯიღაური, საერთოდაც, პირველი წრის "საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინანტთა შორისაც დავასახელეთ: ალექსანდრე იაშვილის მსგავსად, ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) მოხვდა "ლელოს" "ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

საუკეთესო თავდამსხმელი
1. ალექსანდრე იაშვილი (დინამო თბ)
2. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
3 გიორგი ქვილითაია (დინამო თბ)

მშვენივრად ჩაატარა პირველი წრე "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, რომელიც სავსებით დამსახურებულად ლიდერობს ბომბარდირთა სიას; იმავეს თქმა შეიძლება კიდევ ერთ ახალგაზრდა თავდამსხმელზე, 22 წლის გიორგი ქვილითაიაზე, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც მივიჩნიეთ;

თუმცა, პირველი წრის საუკეთესო თავდამსხმელად (ამას გარდა, საერთოდაც, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად) თბილისის "დინამოს" 38 წლის შემტევი ალექსანდრე იაშვილი მივიჩნიეთ!

"იაშკა" 18-წლიანი (!) პაუზის მერე დაბრუნდა იმ გუნდში, სადაც დაიწყო კიდეც მისი მართლაც გამორჩეული კარიერა; თანაც, დაბრუნებასაც გააჩნია: როგორც ნამდვილ პროფესიონალს შეჰფერის, იაშვილი ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება, ახალგაზრდა თანაგუნდელებისათვის მაგალითის მიმცემია და მართლაც ერთ სიამოვნებად ღირს მისი დიდოსტატური თამაშის ნახვა.

ცალკე თემაა "იაშკას" ბრწყინვალე პასები, ყოველ შეხვედრაში რამდენჯერმე რომ ტოვებს ხოლმე თანაგუნდელებს ხელსაყრელ პოზიციაზე - სულ კი პირველ წრეში 8 საგოლე გადაცემა "დაუგროვდა"...

საუკეთესო დებიუტანტი
1-2. გიორგი ხარაიშვილი (საბურთ.) გურამ გოშთელიანი (საბურთ.)
3. ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი)

უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბურთალოს" შემადგენლობაში, ძირითადად, ახალგაზრდა და ერთიმეორეზე პერსპექტიული ფეხბურთელები გამოდიან; მათ თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა უმაღლეს ლიგაში დებიუტი, ისე, როგორც სხვა გუნდებში მოასპარეზე პერსპექტიულ ჭაბუკებს;

რაც შეეხება "საუკეთესო დებიუტანტის" ნომინაციას, ამ შემთხვევაში კონკრეტული გამარჯვებულის გამოვლენა ძალიან გაგვიჭირდა: "საბურთალოს" ორივე ახალგაზრდა ლიდერი, 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი და 18 წლის გურამ გოშთელიანი, პირველ წრეში მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა და ასევე ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილიც შეჰქონდა.

მოკლედ, ორივე თანაბრად იმსახურებს ნომინანტობას...

სეზონის აღმოჩენა
1. გიორგი ქვილითაია (დინამო თბ)
2. ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი)
3. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)

გიორგი ქვილითაიას საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა, როცა უნგრული "დიორიდან" გორის "დილაში" გადმოვიდა; პერსპექტიულ ფორვარდს ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა 18 არასრული მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მერე ისევ უნგრეთსა და ისევ "დიორის" მიაშურა, სადაც წინა სეზონში თამაშობდა, ამ ზაფხულს კი თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა და დროის მოკლე პერიოდში გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

დინამოელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ძირითად შემადგენლობაში როტაციას გამუდმებით ახორციელებდა (გამონაკლისი დეკემბერში გამართული ბოლო 2 მატჩი იყო, როცა "შუქურასთან" და "ტორპედოსთან" ერთი და იმავე 11-მა ფეხბურთელმა დაიწყო თამაში) და მხოლოდ ორი მოთამაშე იწყებდა 15-ვე შეხვედრას ძირითადში: გიორგი ქვილითაია და მათე ცინცაძე.

მწვრთნელისგან ასეთ ნდობას კი ქვილითაიამ სუპერშედეგიანი თამაშით უპასუხა: ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა (ერთხელ ჰეთ თრიკი შეასრულა, ორჯერ - დუბლი), თასზე ჩატარებულ ოთხ მატჩში კი - სამი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია, "ლელოს" ვერსიით, ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე):
1. მათე ცინცაძე (დინამო თბ)
2. ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ)
3. ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ)

ჩვენს ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა იშვიათზე-იშვიათია ისეთი სტაბილური მოთამაშე, როგორიც თბილისის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძეა!

20 წლის ცინცაძე უკვე მეორე სეზონია "დინამოს" წამყვანი და საკვანძო ფეხბურთელია და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ მიმდინარე სეზონში თავის გუნდში ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე, თანაც, ჩემპიონატში 15-ვე მატჩი ძირითადში დაიწყო.

ცინცაძეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში (U17, U19, U21), აქვს ნათამაშები, ამ შემოდგომაზე კი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი: ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა (ირლანდიასთან), ერთიც - ამხანაგური (ესტონეთთან).

საუკეთესო ლეგიონერი
1. რენე ფერეირა (დინამო თბ)
2. ალან ბაგაევი (შუქურა)
3. ისლამ მაშუკოვი (დილა)

სამწუხაროდ, უკვე მეორე სეზონია, ჩვენს ჩემპიონატში აღარ თამაშობენ ისეთი დონის ლეგიონერები, როგორებიც იყვნენ ჩისკო, მიკელ ალვარო (ორივე - ესპანეთი), ანდერსონ აკინო, ჟილვან ვიეირა, ალექს ფრაგა (სამივე - ბრაზილია), პოლ კესანი, დიდიე ოვონო (ორივე - გაბონი), ნედ ზელიჩი (ავსტრალია), დე პორასი (არგენტინა), პეტარ გრაიციარი, მილოშ კრშკო (ორივე - სლოვაკეთი), ზაურ ხაპოვი (რუსეთი), ანდრეი პოროშინი (უკრაინა), ვირგილიუს ბალტუშნიკასი, რობერტას ფრიდრიკასი (ორივე - ლიტვა) და სხვები.

თანაც, "ხარისხთან" ერთად, საერთოდ, ლეგიონერთა რაოდენობამაც მოიკლო: მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 17 ლეგიონერი გამოდიოდა უმაღლეს ლიგაში. ამათგან საუკეთესოდ თბილისის "დინამოს" 23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა მივიჩნიეთ.

ფერეირა მეოთხე "ქართულ სეზონს" ატარებს და ისიც ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს მკვეთრად მოუმატა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ძალიან ხშირად ღებულობს "არასაჭირო" ყვითელ ბარათებს (პირველ ტურში სულაც გააძევეს: "საპოვნელასთან" საშინაო შეხვედრაში, როცა "დინამო" 3:0-ს იგებდა, არბიტრმა მეორედ გააფრთხილა და მოედანი დაატოვებინა).

საუკეთესო ფეხბურთელი
1. ალექსანდრე იაშვილი (დინამო, თბ)
2. ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბ)
3. ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, წინასთან შედარებით, ფეხბურთის დონემ აიწია; თუმცა, რამდენიმე "გამონათება" მაინც არის და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, 38 წლის ალექსანდრე იაშვილის გამორჩეული ბურთაობაა!

ჰო, სწორედ "იაშკამ" შემატა ამ ჩემპიონატს გარკვეული ხიბლი და ამიტომაც არის, რომ "დინამოს" საშინაო თუ საგარეო მატჩებისას ქართველი გულშემატკივარი ტაშით ხვდება თუ აცილებს ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულ ვეტერანს. ასეც უნდა იყოს...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნომინანტებში რატომ არ არის ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ის ყველაზე ძლიერი ნახევარმცველია
salo
07:39 24-12-2015
0
მთელი დინამო აქაა კი,იმსახურებენ და არიან....
FC DT
04:15 24-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული