ამ პირობებით ვერ იფიქრებ ჩემპიონობაზე, მაგრამ... კილასონიას ბოლნისური სიურპრიზი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა - ბოლნისის "სიონი", რომელსაც შეკრება არ გაუვლია და ზედ პირველობის დაწყების წინ დაკომპლექტდა, მეოთხე ადგილზეა. ამას გარდა, ვარლამ კილასონიას მიერ გაწვრთნილი გუნდი საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალშიცაა გასული.

"ლელომ" სეზონის განვლილი ნაწილის შეფასება "სიონის" მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას სთხოვა...

- ბატონო ვარლამ, სეზონის პირველ ნახევარს, ალბათ, წარმატებულად მიიჩნევთ. მართლა არ ველოდით, რომ "სიონი" მეოთხე ადგილზე იქნებოდა. თქვენ?
- მეც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის სეზონის პირველი ნახევარი წარმატებული იყო. შეკრება ვერ გავიარეთ. შეიძლება შეკრება ვერ
გაიარო, მაგრამ შეთამაშებული შემადგენლობა გყავდეს. ჩვენთან არც ეს იყო. რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით სულ ბოლო წამს დავიმატეთ.

ისე მოხდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მათ ჩვენს გუნდში ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებიათ. ჩვენ რომ უშუალოდ ჩემპიონატის მატჩებისას არ შევთამაშებულიყავით, მჯერა, რამდენიმე ქულას არ დავკარგავდით. მაგალითად - "გურიასთან" და "საპოვნელასთან"...

პირველი წრის ბოლო მატჩებში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდა - ტატანაშვილი, სვანიძე, მანჯგალაძე... სწორედ ამან განაპირობა ჩვენი შედარებით არასტაბილური თამაში. თუნდაც - "სამტრედიასთან" საშინაო შეხვედრა ავიღოთ.

- რა თქმა უნდა, უკმაყოფილების საფუძველს არც საქართველოს თასზე ნაჩვენები შედეგი გაძლევთ - ნახევარფინალში ხართ და, ალბათ, ტიტულზეც ფიქრობთ...
- ამას წინათ თქვენმა კოლეგებმა მკითხეს - ჩემპიონობაზე თუ ფიქრობთო? ამ პირობებით ვერ იფიქრებ ჩემპიონობაზე, მაგრამ გუნდი გადის მინდორზე და ყველა მატჩში მიზნად მოგებას ისახავს. ასეა თასზეც - როცა ნახევარფინალში ხარ, ჯერ ფინალზე ფიქრობ, მერე - ტიტულზე. ერთი კია, რომ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი კარგად თუ არ გავიარეთ, თუ არ გავძლიერდით, ისე ძალიან გაგვიჭირდება და ფავორიტებში ჩვენი მოხსენიება მართებული არ იქნება.

- როგორც ვიცით, "სიონი" თურქეთში გაივლის შეკრებას...
- დიახ, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ საომარი მდგომარეობა არ იქნება, ეს საკითხი გადაწყვეტილია. 1-ელ თებერვალს წავალთ თურქეთში და 13 თებერვლამდე დავრჩებით. 5 ამხანაგური მატჩის ჩატარება გვსურს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია რუმინული "კრაიოვასა" და დანიური "ოლბორგის" ამბავი. ასევე, მიდის მუშაობა ბელორუსულ ბატე-სა და პოლონურ "იაგელონიასთან".

- ამ ეტაპზე, გუნდიდან წასვლის თაობაზე ხომ არავის მოუმართავს თქვენთვის?
- ერთადერთი, ვინც მოგვმართა, არის მოსემღვდლიშვილი. ჩვენ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მივეცით მას გათავისუფლების ფურცელი.

- "სიონს" რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი სხვადასხვა კლუბიდან - ტატანაშვილი, ჯაფიაშვილი, კობახიძე, რაზმაძე... ხერხდება ამ მოთამაშეების შენარჩუნება?
- ამ ეტაპზე, რაც მე ვიცი, ყველა მათგანს უნდა "სიონში" დარჩენა. თუნდაც გუნდში არსებული ურთიერთობების გამო. ახლა მთავარია, რა პოზიციას დაიჭერენ ის კლუბები, რომელთაც ეს მოთამაშეები ეკუთვნიან.

- ცხადია, გაძლიერება დაგჭირდებათ...
- რა თქმა უნდა! ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა იჯარით აყვანილ ფეხბურთელებს.

- შეიძლება თუ არა, რომ "სიონი" ლეგიონერებითაც გაძლიერდეს?
- ნურაფერს გამოვრიცხავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შალამბერიძეს რატო არ ახსენებთ?
devidball
18:31 23-12-2015
0

სიახლეები პოპულარული