გიორგი სომხიშვილი: ქუთაისის "ტორპედოში" ძალიან ცუდად მომექცნენ!...

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ ახალი გახსნილია, ქუთაისის "ტორპედოში" კი რამდენიმე ცვლილება მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დუბლებში თამაში შესთავაზეს ფლანგის თავდამსხმელ დავით კირკიტაძეს და მეკარე გიორგი სომხიშვილს.

"ლელო" 23 წლის კირკიტაძეს ელაპარაკა. ის ამ შეთავაზებას უარყოფს.

"ის, თითქოს, დუბლებში ჩემი გადაყვანა სურთ, აბსურდია. ამაზე ჩემთვის პირადად არავის არაფერი უთქვამს. პირიქით, სეზონის ბოლო თამაშების შემდეგ ჩვენს მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ შტელინს ველაპარაკე და მას ჩემი დატოვება სურს. კლუბის ხელმძღვანელობა კი მის გადაწყვეტილებას ელის.

არ გამოვრიცხავ, გუნდს გაძლიერება და ჩემს პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატება
უნდოდეს. მე კონკურენცია არ მაშინებს, მაგრამ ჩემი ამბავი მაინც გაურკვეველია", - ამბობს კირკიტაძე.

სამაგიეროდ, დუბლებში გადაყვანის შეთავაზებას ადასტურებს გიორგი სომხიშვილი. 34 წლის მეკარე არ მალავს, რომ ეს მისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო.

"ზუგდიდთან" მატჩში კუნთი დამიზიანდა. შტელინმა მითხრა, იმკურნალე, რომ ახალი მოსამზადებელი ეტაპისთვის მზად იყოო. ვარჯიში დეკემბრამდე არ შეიძლებოდა, მაგრამ ისე დამაწყებინეს, კუნთი ბოლომდე მორჩენილი არ მქონდა და მოედანზე დაბრუნება ნაჩქარევად მომიხდა.

სამწუხაროდ, მალე კუნთი მთლად გამიწყდა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გამომიცხადა, კონტრაქტს არ ვწყვეტთ, მაგრამ დუბლებში უნდა ითამაშოო. არც მიზეზი აუხსნიათ და არც თანადგომა მიგრძვნია - ხომ კარგი მოსასმენია?! შტელინმა ასე გადაწყვიტაო, არადა, მწვრთნელი სულ სხვა რამეს ამბობდა.

არ მეთაკილება, დუბლებშიც ვივარჯიშებ, თუმცა გაუგებარია, ასე რატომ მომექცნენ, რითი დავიმსახურე, თამაშები ჩავაგდე, რეჟიმს ვარღვევდი თუ საკუთარი სურვილით დავშავდი?" - უკვირს სომხიშვილს.

გამოცდილი მეკარე უკმაყოფილებას იმის გამოც არ მალავს, რომ კლუბმა მკურნალობა არ დაუფინანსა:

"მადლობა ვალერი ახალკაცს და მის სამედიცინო ცენტრს, რომელიც გვერდში დამიდგა და ძალიან შეღავათიანი პირობებით მიმკურნალა. გვერდში დამიდგა გორის "დილას" ექიმი გიორგი ჩანგელია, რომელიც ამ პერიოდში თან გადამყვა. ასევე ძალიან დამეხმარა "დინამოს" ექიმი დათო ხარაბაძე. რომ არა ამ ხალხის თანადგომა, დიდი ყურადღება და ადამიანობა, შესაძლოა, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა.

საქმე ისაა, რომ "ტორპედოში" გამომიცხადეს - ვერ გიმკურნალებთ, ამის ფული არ გვაქვსო. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის ფულს ვიხდიდი, ასე მიმატოვეს. ესეც არ მაკმარეს - კი მითხრეს, კონტრაქტს არ გიწყვეტთო, მაგრამ ახლა ხელფასი დამირიცხეს და თანხა განახევრებულია".

სომხიშვილის თქმით, მისდამი დამოკიდებულება ზოგადად კლუბის იმიჯს აზიანებს:

"მე ჩემი მტკივა, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულება ქუთაისის "ტორპედოს" სახელსაც არ წაადგება. ეს ჩემთვის ძვირფასი გუნდია, რომელთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონი პირველად გავხდი. ამ გუნდში სხვა სიყვარული იყო და ამიტომ მეწყინა, გვერდში დგომის ნაცვლად, ასე რომ მომექცნენ.

მინდა ამ ყველაფრის მიზეზი გავიგო და კითხვაც მაქვს, ადამიანს ფეხი რომ გადაუტრიალდება, ხელი უნდა ჰკრან?

მეორეცაა: ერთ ფეხბურთელს ასე თუ ექცევი, არც მკურნალობ, ტრავმის გამო დუბლებში გადაგყავს და ხელფასს უმცირებ, მეორესაც იმავეს გაუკეთებ. მერე ტყუილად ნუ ელოდები, რომ თამაშში ვინმემ თავი მოიკლას. ფეხბურთელი ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავს, შესაძლოა, სახიფათო ეპიზოდში ბრძოლას მოერიდოს, რადგან ასეთ კლუბში ფეხბურთელი დაცული არ არის".

როგორც ჩანს, "ტორპედოში" ახალი მეკარეთა მწვრთნელისა და თავად ახალი მეკარეების მიყვანაც მოუხდებათ: გავრცელებული ხმებით, გუნდიდან მეორე მეკარე რევაზ თევდორაძეც მიდის. ამბობენ, ის თბილისის "ლოკომოტივში" გადადისო.

კონტრაქტს აღარ უგრძელებენ მეკარეების მწვრთნელ თამაზ ოდიკაძეს. ჯერჯერობით გაურკვეველია მისი ძმის, დავით ოდიკაძისა და გიორგი კახელიშვილის ბედი. სომხიშვილი თამაზ ოდიკაძეზეც გველაპარაკა:

"თამაზს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. არ ვიცი, ასეთ კაცს როგორ უნდა უთხრა, აღარ გვჭირდებიო. ოდიკაძე ვარჯიშებში სულსა და გულს დებდა და კარგი სპეციალისტიცაა. მასთან ბევრი მეკარე გაზრდილა, ბევრიც ფეხზე დაუყენებია.

მაგალითად, გიორგი ლომაია ისე "გააცოცხლა", ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. მაქსიმე ქვილითაიას შესაძლებლობებიც ბევრს ჰქონდა დავიწყებული, სანამ ოდიკაძესთან იმუშავებდა და მერე როგორი სეზონიც ჩაატარა, ყველამ იცის.

ასეთი კაცი სამუშაოს აუცილებლად მოძებნის, მაგრამ ამით "ტორპედო" გაძლიერდება?"

დაბოლოს, ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო ნამატზეც მოგახსენებთ: კლუბის ხელმძღვანელობა ლანჩხუთის "გურიის" ორი ფეხბურთელის, კაპიტან ვანო წილოსანისა და ფლანგის შემტევის, სანდრო ბახიას გადაბირებით დაინტერესდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვახტანგ კვარაცხელიასთანაც, რომელიც "ტორპედოში" ადრეც თამაშობდა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველი წრის დასრულების შემდეგ ქუთაისში თამაში "საბურთალოს" თავდამსხმელ ნიკა საბანაძესაც შესთავაზეს, თუმცა დაბრუნდება თუ არა 24 წლის თავდამსხმელი ყოფილ კლუბში, ჯერაც უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული