"საბურთალო": იაშვილთან კონტრაქტი გაგრძელდა, ახალი ცაცკრიალაშვილია

AutoSharing Option
საახალწლო სუფრების შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში დგება. გუნდებიც მოედნებს უბრუნდებიან და მეორე წრისთვის მზადებას იწყებენ.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "საბურთალო" სამზადისს 5 იანვრიდან შეუდგა. გია ჭიაბრიშვილის შეგირდები "ბენდელაზე" ორშაბათს შეიკრიბნენ - მათ ჯერ ფიტნესდარბაზში ჩაატარეს მოთელვა, ხოლო შემდეგ, 40 წუთის განმავლობაში, მოედანზე იძუნძულეს.

"საბურთალოს" ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას 8 იანვარს გაივლიან და მზადებას თბილისში გააგრძელებენ. ამ პერიოდში ისინი რამდენიმე სპარინგ-მატჩსაც გამართავენ, მზადებას კი თურქეთში დაასრულებენ.

უკვე ცნობილია ერთი სიახლე - რატი ცაცკრიალაშვილი "ცხინვალს" კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა და კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ
მანამდე გუნდი დატოვეს თავდამსხმელებმა - ჯაბა დვალმა და ნიკა საბანაძემ, ხოლო თბილისის "დინამოსთან" ლაშა თოთაძის იჯარა გახანგრძლივდება.

ვარჯიში განაახლა მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმაც, რომელიც წელიწადზე მეტია, რაც "საბურთალოში" თამაშობს და უმაღლეს ლიგაში, პირველ წრეში, ამ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. კულუარული ინფორმაციით, მას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე აკვირდება. 

ეს 22 წლის ფეხბურთელი ძალიან სწრაფია, შეტევებში კარგად ერთვება და "საბურთალომ" ბევრი გოლი მისი ფლანგური გადაცემებისა თუ გარღვევების შედეგად გაიტანა. იაშვილმა უმაღლეს ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ნოემბრის ბოლოს დაშავდა და პირველი წრის დასკვნით მატჩებში თავისიანებს ვეღარ ეხმარებოდა.

გუშინ, 5 იანვარს, მან "საბურთალოსთან" ახალ, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება ნოდარ !!
ქართველი
11:06 08-01-2016
0
წარმატებები ჭიაბრიშვილს და საბურთალოს!
georgiano
13:54 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული