ნოდარ იაშვილი: "საბურთალოს" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია

AutoSharing Option
წლეულს “საბურთალოს” შეუერთდა ნოდარ იაშვილი, რომელიც 2014-18 წლებშიც იცავდა დედაქალაქელთა ღირსებას. ამპლუით მცველი თბილისურ კლუბში ჯერ პირველი ლიგის, 2018 წელს კი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. რა მოლოდინები აქვს და რა მიზნებით დაბრუნდა “საბურთალოში”, ამას უშუალოდ ფეხბურთელისგან გავიგებთ:

- “საბურთალოში” დაბრუნება სასიამოვნოა იმით, რომ ამ კლუბში დავიწყე პროფესიული კარიერა, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და კვლავ “საბურთალოს” მაისურა მოვირგე, ამით ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ხუთი წელი გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი გამარჯვება და სიხარული
მახსოვს - გავხდით როგორც პირველი ლიგის, ასევე ეროვნული ლიგის გამარჯვებულები. ისეთი პატარა კლუბისთვის, როგორიც “საბურთალოა”, მაშინაც დიდი მიღწევა იყო.
ვიცოდი, სადაც მოვდიოდი - კარგი გარემო დამხვდა, შეკრული გუნდი, კვალიფიცირებული ფეხბურთლები…

- შეთავაზებას მალე დათანხმდით?
- სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ნაცნობ გარემოში ვბრუნდებოდი. “საბურთალო” ამბიციური გუნდი იყო ყოველთვის და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ასეთ გუნდში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაფერი შედეგებიდან ჩანს - “საბურთალო” სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა.

რა თქმა უნდა, იყო მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც - ლევან კორღალიძე ახალგაზრდა და პროგრესირებადი მწვრთნელია. ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს.

- წლეულს რას ელით “საბურთალოსგან”?
- ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არაა. სამეულისთვის ყოველთვის იბრძვის “საბურთალო”. წელს, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობაც შეუძლია. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. “საბურთალო” ყოველთვის ითვლებოდა პერსპექტიულ კლუბად. გუნდს აქვს თავისი აკადემია, რომელიც სისტემატურად იღებს შევსებას. ამავე დროს, გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობენ.

- ორ კვირაში სუპერთასის მატჩია. როგორ ელოდებით ბათუმის “დინამოსთან” მატჩს?
- მეტოქე ძლიერი გუნდია და პატივს ვცემ, თუმცა მჯერა, რომ მოვიგებთ და სეზონს ტიტულით დავიწყებთ. გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. ვარჯიშები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, საინტერესო საწვრთნელი პროცესი გვაქვს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასეთი მოლოდინი მქონდეს. ფსიქოლოგიურად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული სტარტი.

- მართალია, ამპლუით მცველი ხართ, მაგრამ კარიერის განმავლობაში 3 გოლი გაქვთ გატანილი. აქედან ერთი ბურთი “საბურთალოს” მაისურით. გახსოვთ ის გატანილი გოლი?
- რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს “საპოვნელასთან” მატჩში მოხდა. “მიხეილ მესხზე” ვთამაშობდით და 0:1 ვაგებდით. შემდეგ გავათანაბრეთ. ბოლოს ისე მოხდა, რომ გამარჯვების გოლი მარცხენა ფეხით გავიტანე. თავისთავად, კარგი შეგრძნებაა, როდესაც გოლს გაიტან და შენიანებს გამარჯვების მიღწევაში ეხმარები, მაგრამ არანაკლები შეგრძნებაა, როდესაც საგოლე გადაცემებს აკეთებ.

- ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენს პირველობაზე ძნელია გამარჯვების მიღწევა და ზოგადად თამაში. ეთანხმებით?
- იოლი მატჩი არსად გელის, გნებავთ, გასვლით შეხვედრაში და გნებავთ, საკუთარ კედლებში. ბრძოლის გარეშე, მაქსიმალური მობილიზაციის გარეშე, რთულია 3 ქულის აღება. წლეულს, ვფიქრობ, კიდევ უფრო დაძაბული პირველობა იქნება და ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ძალიან აკლია ჩვენს პირველობას გულშემატკივარი. იმედია, უფრო მეტი ქომაგი ივლის მომავალში სტადიონზე.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- ოჯახი! მათგან ყოველთვის ვგრძნობ გვერდში დგომასა და დახმარებას. შარშან რთული წელი მქონდა. სწორედ ჩემმა ოჯახმა გადამალახინა ეს არასასიამოვნო დრო. “საბურთალოს” გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის განვითარებასა და წარმატებაში.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად მიყვარხარ..პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამინი ხარ და ასევე კარგი ფეხბურთელი.. მე მჯერა შენი,მჯერა რომ ყველაფერი გამოგივა..შენს გვერდით ვარ სულ სიცოცხლის ბოლომდე ლომოოოოოოო..
გიო
13:07 09-02-2022
0

სიახლეები პოპულარული