მიშა მაინც სხვა იყო... - ნაწყვეტები დავით ქლიბაძის წიგნიდან "დრიბლინგი"

AutoSharing Option
ჩემმა მეგობარმა, თავის მომავალ მეუღლესთან ერთად არც ერთ ახალ ფილმს უნახავს რომ არ ტოვებდა და თბილისის ყველა კინოთეატრი საკუთარი სახლი ეგონა, ერთ დღეს გვახარა, "ნაკადულის" ფოიეში მიშა მესხის ზღაპრული ფოტოა გამოფენილიო...

რამდენიმე წუთში ვორონცოვიდან მივადექით იმ დიდ, გრძელ, პრესტიჟულ სახლს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თბილისის, ალბათ, ყველაზე პატარა კინოთეატრში შევედით და, გურამ თიკანაძის მართლაც უნიკალური ფოტოკადრით მონუსხულები დიდხანს უხმოდ ვიდექით.

1961 წლის საკავშირო ჩემპიონატის მატჩები დინამოელებმა ვაკეში, "ბურევესტნიკზე" ჩაატარეს, რადგან "დინამოს" სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნას კიდევ ერთ იარუსს ამატებდნენ. ვაკის სტადიონზე გამართულ
შეხვედრებს, ცოტა არ იყოს, აკლდა ის რომანტიკა და პეწი, "დინამოს" სტადიონს თავიდანვე რომ დაებედა, მაგრამ, ჩემი თანატოლები და უფროსი თაობის ფეხბურთის თაყვანისმცემლები დამეთანხმებიან, რომ სწორედ იმ სეზონში ჩვენმა გუნდმა "ბურევესტნიკზე" რამდენიმე მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა.

თუნდაც "დინამოს" და "ლოკომოტივის" შეხვედრა რად ღირს! ჟურნალ "ოგონიოკის" ლაურეატს, წლის ბოლოს საუკეთესო მეკარედ აღიარებულ ვლადიმერ მასლაჩენკოს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებოდა იმ დღეს მის კარში ოთხი გოლი. მიშამ თავბედი აწყევლინა მარჯვენა მცველს ევგენი როგოვს, რომელიც დიდი ხნის შემდეგ ნოდარ ახალკაცსა და მე მოსკოვში, ფეხბურთის ფედერაციაში შეგვხვდა და სიმწრის სიცილით გაიხსენა იმ მატჩის პერიპეტიები, თავისი გაჭირვება და... მესხი.

ანდა, 6:4 სსრ კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან - მოსკოვის ტორპედოელები ხომ, როგორც ყოველთვის, ღირსეული მეტოქეები იყვნენ...

მეტად საინტერესო და დაძაბული იყო იმ სეზონის ბოლო შეხვედრაც მოსკოვის სპარტაკთან, თუმცა მატჩი ფრედ - 0:0 დამთავრდა. სტუმრებმა მესხის გაჩერება ვერა და ვერ შეძლეს და ამ ფოტოზეც სწორედ ის წამია აღბეჭდილი, როცა ბურთისთვის ბრძოლის შემდეგ მცველი თავით ჩაერჭო მიწაში...

ჩვენმა დიდმა ხელოვანმა ზურაბ ანჯაფარიძემ - ახალგაზრდობაში პერსპექტიულმა მოკრივემ, შემდეგ კი სპორტისა და, კერძოდ, ფეხბურთის თაყვანისმცემელმა, 1992 წლის გაზაფხულზე, ფილარმონიის წინ, "მუზასთან" გადაღებულ ინტერვიუში საინტერესო რამ გაიხსენა:

1961 წელს, სასტუმრო "მოსკვას" რესტორანში სადილობდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, მიხეილ მესხი და მოსკოვის ტორპედოელი სლავა მეტრეველი. ბატონ ზურაბს მეტრეველის თბილისის "დინამოში" გადმოსვლაზე წამოუწყია საუბარი. სლავას ღიმილით უთქვამს: ეგ როგორ, შენ თბილისიდან დიდ თეატრში წამოხვედი, მე კი მოსკოვიდან თბილისში გადასვლას მირჩევო?

მაგრამ მესხს ვეღარაფერი მოუხერხა სლავამ.

- შენგან განსხვავებით, ზურაბი ყველგან საქართველოს სახელით გამოდის და მღერის, შენ კი ჩამოდიხარ და ჩვენს კარში გოლები გაგაქვსო, - უთქვამს მაშინ მიშას...

...1970 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ერთად ვნახეთ არქანიების სტუმართმოყვარე ოჯახში. მეხიკოდან ტელერეპორტაჟის დაწყებამდე მასპინძლების შვილმა ვაჟამ, რომელიც "ავაზაში" ვარჯიშობდა და მალე გულშემატკივრების ყურადღებაც მიიპყრო, მატჩის პროგნოზები ჩამოგვაწერინა და ხმამაღლა წაიკითხა. თოთხმეტი კაციდან სამი იტალიის გამარჯვებას ვარაუდობდა, მათ შორის იყო მიშაც, რაც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

როცა აღმოჩნდა, რომ ჩემი და ვაჟას პროგნოზები ერთმანეთს დაემთხვა - 4:1 ბრაზილიის სასარგებლოდ, მე ერთიანი ნულად გადავაკეთე, რითაც გავახარე პატარა ფეხბურთელი, რომელიც უზომოდ აღტაცებული იყო რეპორტაჟის დამთავრების შემდეგ. ჩვენ კი წამოვდექით და განსხვავებული სასმისით შევსვით ახალი მსოფლიო ჩემპიონების სადღეგრძელო.

მერე ვეღარ მოვითმინე და მიშას ვკითხე, რატომ ივარაუდე იტალიის გამარჯვება-მეთქი. ცხოვრებაში რაც ჩავიფიქრე, თითქმის ყველაფერი პირიქით მოხდა და ამიტომაც დავწერე, რომ ბრაზილია წააგებდაო, - ნაადრევად, იძულებით რომ გაუშვეს ფეხბურთიდან, ის წყენა ჯერაც არ განელებოდა და მეც აღარ შევეპასუხე.

კარიერის საუკეთესო წლებში მიშას პოპულარობა უსაზღვრო იყო. როცა ორი ზესახელმწიფოს - სსრ კავშირისა და აშშ-ის დაპირისპირებაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, თბილისელები ხანდახან ასეც ანუგეშებდნენ ერთმანეთს: არა, ნურაფრის გვეშინია, მიშას უთქვამს, ომი არ იქნებაო. რასაკვირველია, ეს ხუმრობა იყო, რომელიმე ენამახვილი გულშემატკივრის მოგონილი, მაგრამ ხომ ისევ და ისევ მესხთან, მისი გაღმერთების სურვილთან დაკავშირებული...

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტადიონებზე, ერთი თუ ორი გამონაკლისის გარდა, ყველა ჩვენი და უცხოელი ვარსკვლავი მინახავს, მაგრამ მიშა მესხის თამაშით მოგვრილ ზღვა სიხარულს - ვერაფერს შევადარებ!

ვფიქრობ, აქ ზედმეტია ჩემ მიერვე მომზადებულ ტელეგადაცემებში ნათქვამისა თუ სხვადასხვა დროს დაწერილის გამეორება, რადგან პოზიციას არც მაშინ ვთმობდი და ახლაც ვერავინ შემაცვლევინებს, მით უმეტეს, ისევ და ისევ ამ ფოტოს შემხედვარეს!

P.S. 12 იანვარს, 22:30 საათზე, Silk Sports HD1-ზე ნაჩვენები იქნება სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი "მიხეილ მესხი" (პრემიერა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული