"საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება თბილისში დაიწყო, სადაც იანვრის ბოლომდე დარჩება. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება თბილისში, "სითი სპორტში" გაიარეს.
თერჯოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის მეთაურობით, წლეულს პირველად ივარჯიშეს.
"საპოვნელას" შემადგენლობაში იყვნენ ახალწვეულები - მიხეილ ვაჭარაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ლევან შარიქაძე, ლაშა ჭელიძე,
"საპოვნელას" დირექტორ გიორგი ლოლაძის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან:
"უახლოეს დღეებში "საპოვნელას" კიდევ რამდენიმე ახალწვეული შეუერთდება. გაირკვა, რომ დაგვემატება მეკარე გიორგი სომხიშვილი, თუმცა ჯერ ტრანსფერის იურიდიული მხარე მოსაგვარებელია.
გარდა ამისა, შესაძლოა, გორის "დილადან" იჯარით ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილი მოვიწვიოთ. ჩვენთან გადმოსვლაზე ჯაბა დვალთანაც შევთანხმდით, მაგრამ იურიდიული დეტალები მასთან დაკავშირებითაც გასარკვევია".
მისივე თქმით, სურვილი აქვთ, რომ შეკრება თურქეთში გაიარონ. მალე კლუბის ბიუჯეტი დამტკიცდება და გამოჩნდება, რამდენად რეალურია სამეზობლოში გამგზავრება.
თერჯოლელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრა 26 იანვარს "ბენდელას" სტადიონზე, "საბურთალოსთან" დაგეგმეს, მეორე მატჩს კი 30 იანვარს გამართავენ. მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"