სოსო ფრუიძე: თურქულ შეკრებაზე მეტოქეთა სია დაზუსტებულია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" მეორე წრისთვის მზადების პირველ ეტაპს ამთავრებს და მალე თურქეთში გაემგზავრება. ცნობილი იყო, რომ სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით,  გუნდში რამდენიმე ახალწვეული ვარჯიშობდა.

"ჩიხურას" დამრიგებლის თქმით, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა:

"გეცოდინებათ, რომ გიორგი რეხვიაშვილი და დავით კირკიტაძე დავიმატეთ. სიახლე ისაა, რომ ამიერიდან ჩვენთან ქობულეთის "შუქურას" მეკარე თემურ კაკალაძე ითამაშებს.

კვლავ ჩვენთან ვარჯიშობს მარსელის "ოლიმპიკის" დუბლშემადგენლობის ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გურამ ენუქიძე, რომელიც ორიოდე დღით საფრანგეთში იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად იმყოფებოდა. ის შეკრებაზე საკონტროლო თამაშებს ჩაატარებს და ტრანსფერის ამბავიც ამის შემდეგ გადაწყდება".

შეკრების
მეორე ეტაპის ჩასატარებლად "ჩიხურა" 24 იანვარს თურქეთში გაემგზავრება და 6 თებერვლამდე ქალაქ ლარაში მოემზადება. საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, შეკრებაზე საკონტროლო მატჩების განრიგი უკვე გაირკვა:

"სულ ხუთ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ. მეტოქეების სია დაზუსტებულია და გრაფიკიც შემიძლია გითხრათ.

პირველ ორ მატჩში რუმინეთის ლიგა 1-ის გუნდებს დავუპირისპირდებით - 28 იანვარს "იასის", 31-ში კი - "ტიმიშოარას". 3 იანვარს უკვე ბულგარელებს, პლოვდივის "ლოკომოტივს" ვეთამაშებით, 5-ში - სლოვენიურ "დომჟალეს", ხოლო გამომგზავრების დღეს, 6 თებერვალს, გერმანიის მესამე ლიგის ბინადარ ოფენბახის "კიკერსს". თუმცა, ამ უკანასკნელთან სპარინგის ამბავი ადგილზე უნდა დავაზუსტოთ".

მიუხედავად იმისა, რომ ოფენბახის "კიკერსი" ამჟამად მესამე ლიგაშია, საკმაოდ ცნობილი კლუბია - გერმანიის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და თასის მფლობელია. ამ კლუბში აღზარდეს გერმანიის ნაკრების წევრები - უვე ბაინი, ტყუპი ძმები - ჰელმუტ და ერვინ კრემერსები, ასევე, დიტერ მიულერი და რუდი ფიოლერი, თავის დროზე კი "კიკერსს" ცნობილი სპეციალისტები - ზლატკო ჩაიკოვსკი და ოტო რეჰაგელი ავარჯიშებდნენ.

საჩხერელები საკონტროლო შეხვედრას თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდეც გეგმავენ:

"რადგან საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 19 თებერვალს იწყება, ერთი კვირით ადრე, 12 თებერვალს, სპარინგს საქართველოშიც გავმართავთ და ამით მზადებას დავასრულებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული