ცხინვალელთა რევანში სტუდენტებთან

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკმა" გუშინ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისე როგორც ამ სამი დღის წინ, ბადრი კვარაცხელიას გუნდის მეტოქე ამჯერადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჟორჟოლიანი) იყო. თუმცა, მეტოქეთა წინა დაპირისპირებიდან განსხვავებით, გუშინ გამარჯვება რანგით ბევრად უფრო მაღლა მყოფმა "სპარტაკმა" მოიპოვა და მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა.

სტუ-სთან მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი სპარტაკელთა ეფექტური სამსვლიანი კომბინაცია მიხეილ ბარაბაძის ზუსტი დარტყმით დამთავრდა; შესვენების შემდეგ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობა გამოცვალა, თუმცა
თავი არც ახალგაზრდებს შეურცხვენიათ: 62-ე წუთზე გიორგი სეფიაშვილმა, ხოლო 67-ე წუთზე ტიერი-ანს კლოვისმა მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. სტუ-მ ერთადერთი რაც მოახერხა, პრესტიჟის გოლი იყო - 75-ე წუთზე თავი ავთანდილ ბაგალიშვილმა გამოიჩინა.

"სპარტაკმა" ეს სპარინგ-მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

გრიშიკაშვილი-მამუჩიშვილი, ტეტუნაშვილი, ბოიომო, დ. ლობჟანიძე - დეკანოიძე, მგელაძე, ვ. ბოლქვაძე, კლოვისი - მ. ბარაბაძე, მეტრეველი.
შეცვლაზე შემოვიდნენ: დაუშვილი, სეფიაშვილი, გ. ალავიძე, ნარიმანიძე, ხაჭვანი, მ. ჯიშკარიანი, ჯაყელი, ვ. კილასონია, ზერეკიძე. აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ტრავმების გამო "სპარტაკს" 7 ფეხბურთელი აკლდა: თემურ შონია, ნუკრი მანჩხავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, ლევან ჭაფოძე, მურმან ქურასბედიანი, ილია ბუზალაძე და კახაბერ კაკაშვილი.

მომდევნო მატჩს "სპარტაკი" შაბათს ჩაატარებს: "ბენდელას თასზე" გუნდი ნახევარფინალში "გაგრას" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული