გელა სანაია: სამტრედიელ გულშემატკივრებს გუნდისთვის საკვები სახლიდან მოჰქონდათ

AutoSharing Option
ამ რამდენიმე დღის წინ რუბრიკით "ახალგაზრდა მწვრთნელები" დებიუტანტ სპეციალისტთან, ბოლნისის "სიონის" აწ უკვე ყოფილ თავკაცთან გიორგი ყიფიანთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ყიფიანის თანატოლი, ასევე 32 წლის გახლავთ გელა სანაიაც, - პირველ ეტაპზე "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი, კოლეგისაგან განსხვავებით უმაღლეს ლიგაში უკვე მეორე სეზონს ატარებს; უფრო ზუსტად, ატარებდა, - ზამთრის შესვენების წინ ეს პერსპექტიული მწვრთნელი ფინანსურად შეჭირვებული "სამტრედიიდან" წამოვიდა.

მოკლედ, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ უმაღლეს ლიგას სამი ახალგაზრდა მწვრთნელიდან მხოლოდ ერთიღა, რუსთავის "ოლიმპის" თავკაცი თორნიკე მაისურაძე შემორჩა.

სანაია-მწვრთნელის შესაძლებლობებში წინა ჩემპიონატში დავრწმუნდით, როდესაც ყველასათვის
უცნობი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმა" რამდენიმე მატჩში სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა. იმის მიუხედავად, რომ "ლოკომოტივმა" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო, დებიუტანტი მწვრთნელის მოღვაწეობა, საერთო აზრით, მაინც დადებითად შეფასდა. თანაც, "სამტრედიისა" არ იყოს, დებიუტანტი მწვრთნელი "ლოკომოტივშიც" არანაკლები სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა; ეგ კი არა, არავინ იცის, გუნდში ფინანსური თუ ადამიანური რესურსის დეფიციტი რომ არ ყოფილიყო, "ლოკომოტივს", შესაძლოა, უმაღლესში ადგილიც შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ პერსპექტიული მწვრთნელის შესაძლებლობები შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა და გასულ ზაფხულს "სამტრედიის" გაწვრთნა შესთავაზეს.

ახალგაზრდა მწვრთნელს ამ შემთხვევაშიც სერიოზული სირთულეების გადალახვა მოუხდა: "ლოკომოტივზე" არანაკლები (თუ, მეტი არა) ფინანსური პრობლემები "სამტრედიაში" იყო; იმის გარდა, რომ მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში "სამტრედიის" მწვრთნელ-ფეხბურთელები უხელფასოდ და უპრემიოდ ირჯებოდნენ, ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა გუნდის სხვა ქალაქში გამგზავრებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ასეთი, მართლაც არასაფეხბურთო პირობებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე "სამტრედიის" გასაკრიტიკებლად ენა ვის უნდა მობრუნებოდა; უფრო, პირიქით იყო: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, გელა სანაიას დამოძღვრილმა გუნდმა "დინამოსაც" აჯობა, "ტორპედოსაც" და "ოლიმპთან" კი ფრედ ითამაშა. კიდევ ვიმეორებთ: ეს წარმატებები ნამდვილად არ იყო "კონტექსტიდან ამოვარდნილი" და ფავორიტებთან მოპოვებული ქულები გუნდის სამწვრთნელო შტაბისა და თითოეული ფეხბურთელის მაქსიმალური მონდომების შედეგი გახლდათ.

ისეთი შემთხვევებიც არაერთხელ ყოფილა, როცა "სამტრედიას" პირველი ტაიმი პირწმინდად ჩაუგდია, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი გამოსულა და ის კონკრეტული მატჩიც თავის სასარგებლოდ დაუსრულებია! ყოვლივე ეს კი, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის დამსახურება გახლდათ: გონივრული და ეფექტიანი შეცვლებით, სულ მცირე, სამი-ოთხი მატჩი რომ "შემოუტრიალებია".

აქედან გამომდინარე, არც ის ფაქტი უნდა გაკვირვებოდა ვინმეს, რომ "ლელოს" ტრადიციულ ნომინაციებში გელა სანაია სამჯერ მივიჩნიეთ "ტურის მწვრთნელად"! არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაპარაკია აუტსაიდერი და უფულო გუნდის მწვრთნელზე; და საერთოდაც, მსგავსი და უფრო მეტი პატივი პირველ ეტაპზე მხოლოდ ჩემპიონატის ფავორიტთა თავკაცებმა, გია გეგუჩაძემ და კახა კაჭარავამ დაიმსახურეს.

დღეს უმუშევარი მწვრთნელი გელა სანაია რედაქციაში გვესტუმრა და თავდაპირველად, რაღა თქმა უნდა, ახლანდელი ყოფით დავინტერესდით.

- ამჟამად ვისვენებ, თუმცა უფეხბურთოდ რა გამაჩერებს და მაქსიმალურად ვცდილობ თბილისში ჩატარებულ სხვადასხვა საკონტროლო მატჩებს დავესწრო.

- სამწვრთნელო საქმიანობას როდის გააგრძელებთ?
- ჯერჯერობით, კონკრეტული წინადადება არ მაქვს. თუმცა მწვრთნელობა რახან გადავწყვიტე, იმასაც შეგუებული ვიყავი, რომ ხან აქტიური მუშაობა მომიწევდა, ხან - დასვენება. უბრალოდ, მსურს, რომ ჩემ შემთხვევაში დასვენება ხანგრძლივი არ იყოს.

- "სამტრედიიდან" წამოსვლის მერე თქვენი სახელი და გვარი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, - თითქოსდა, ქუთაისის "ტორპედოშიც" გიწვევდნენ, მერე - "დინამოში"...
- ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო; ქუთაისიდან შემოთავაზება მართლაც მქონდა და ამ კლუბის ხელმძღვანელთა მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. არც იმას დავმალავ, რომ ერთობ საინტერესო პროექტი იყო და ბავშვთა სექტორში მთავაზობდნენ სამსახურს, მაგრამ თავაზიანი უარი განვაცხადე.

- "დინამოზე" რაღას იტყოდით?
- ეს, უფრო ჭორის დონეზე იყო, რადგან ამ კლუბიდან არავინ დამკავშირებია.

- ვისვენებო, საკონტროლო მატჩებს ვესწრებიო, ბრძანეთ და, როგორ ფიქრობთ, ასე რამდენ ხანს გაგრძელდება?
- ამის ზუსტ პასუხს ვერაფრით მოგცემთ. თუმცა, დროს უქმად არ დავკარგავ და პრო-ლიცენზიის მისაღებად მოვემზადები. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და გაიოზ დარსაძეს დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც ყველანაირად მეხმარება და პრო-ლიცენზიის ასაღებად რეკომენდაცია გამიწია.

- ახლა "სამტრედიაში" გატარებულ პერიოდზე ვისაუბროთ.
- თითქმის იმავე სიტუაციაში მომიწია მუშაობამ, როგორც "ლოკომოტივში", მაგრამ სხვაობაც იყო: რეგიონია, ჩასულ კაცს თავიდან "არაეთგვაროვნად" შემხვდნენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების საერთო ძალისხმევით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ.

- ერთ-ერთი "მთავარი სხვაობაც" არ გითქვამთ: "ლოკომოტივისგან" განსხვავებით, "სამტრედიის" საშინაო მატჩებში გულშემატკივარის პრობლემა ხომ არასდროს დამდგარა.
- გეთანხმებით: როცა 2000 ქომაგი მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ მხარს გიჭერს, მოტივაციაც გიათმაგდება და საერთოდაც, სტადიონზე ჭეშმარიტი საფეხბურთო სიტუაცია სუფევს. არ დაგიმალავთ და ასეთ დროს აღარც ვფიქრობდი, გუნდს სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდა.

- პრობლემები არც თქვენ წინა გუნდს აკლდა...
- "ლოკომოტივშიც" და "სამტრედიაშიც" უმაღლეს ლიგაში გადარჩენისათვის ვიბრძოდით; თუმცა, იმავე "ლოკომოტივში" გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, საკუთარი თავი ძნელ სიტუაციაში გამომეცადა.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თავდაპირველად "სამტრედიის" ქომაგებთან არც თუ თბილი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდათ.
- სიძნელეებს არასდროს ვუშინდები, არც სწავლას ვთაკილობ და იმიტომაც ვამბობ, რომ წინა სეზონმა უდიდესი გამოცდილება შემძინა. არ დაგიმალავთ: ჩემი და "სამტრედიის" ქომაგთა ურთიერთობა თავდაპირველად მართლაც ვერ აეწყო; მაგრამ, ამ ქალაქში ობიექტური გულშემატკივარია და როცა დაინახეს, გუნდმა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ქულების მოგროვებაც დაიწყო, ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ანუ, ხედავდნენ, თუ როგორ ვშრომობდით, თორემ საწყის სამ ტურში ერთი ქულის მოპოვებას ქომაგთა მხრიდან ადეკვატური რეაქცია რომ მოყვებოდა, ამას ბევრი რა მიხვედრა სჭირდებოდა.

- წარუმატებელ სტარტს ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოჰყვა; განსაკუთრებით მოულოდნელად კი, რაღა თქმა უნდა, "ტორპედოსთან" და "დინამოსთან" გამარჯვებები უნდა მივიჩნიოთ.
- დიდი ხნის პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში სამტრედიისა და ქუთაისის გუნდების დაპირისპირება მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა; თანაც, ყველამ ვიცოდით, რომ ფინანსურადაც მშვენივრად უზრუნველყოფილი მეტოქე გველოდა, მაგრამ "სამტრედიის" ფეხბურთელებმა, არნახულად მოტივირებულად და მონდომებულად ჩაატარეს ეს მატჩი და საკუთარ ქომაგებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს. იმავეს ვიტყოდი "დინამოსთან" და "ოლიმპთან" ჩატარებულ მატჩებზეც: ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის და მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მოტივაციით ასპარეზობს და მიხარია, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეებს ქულები დავაკარგვინეთ.

- მოტივაციასა და მონდომებას არაფერი სჯობია, მაგრამ ალბათ, ისიც ძნელი იქნებოდა, უხელფასო გუნდის ფეხბურთელები ყოველი მატჩის წინ საბრძოლველად განგეწყოთ.
- სამწუხაროდ, "ლოკომოტივშიც" და "სამტრედიაშიც" ანალოგიური პრობლემის წინაშე ვიდექი და მართლაც უხერხულია, ფეხბურთელებს სრულ კონცენტრაციაზე, ტაქტიკა-სტრატეგიასა თუ სხვა ნიუანსებზე იმ დროს ესაუბრო, როცა ამ ფეხბურთელებს თვეების განმავლობაში ხელფასი არ მიუღიათ. თუმცა, ვამაყობ, რომ "სამტრედიაში" ისეთ პროფესიონალებთან ვმუშაობდი, ფულზე მაღლა "სხვა" რამეს რომ აყენებდნენ.

- თქვენც უხელფასოდ მუშაობდით?
- არც მე და არც ფეხბურთელებს ოთხი თვის განმავლობაში ხელფას-პრემია არ აგვიღია. ბოლოს ისეთი სიტუაციაც შეიქმნა, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში საკვების პრობლემას გულშემატკივრები გვიგვარებდნენ...

- ეს როგორ გავიგოთ?
- "ჩვეულებრივად" - თავიანთი სახლიდან ფეხბურთელებისათვის საჭმელი მოჰქონდათ...

- პირველ ეტაპზე "სამტრედიამ" რამდენიმე გამორჩეული მატჩი რომ ჩაატარა, ადრეც არაერთხელ აგვიღნიშნავს; ისე როგორც კონკრეტული ფეხბურთელების ბევრისთვის მოულოდნელად დამაჯერებელი ასპარეზობა - ამ შემთხვევაში მანამდე ყველასათვის უცნობ ახალგაზრდებსაც (კირკიტაძე, ძაგანია) ვგულისხმობთ და ვეტერანებსაც (ჩომახიძე).
- საუბარს ამ უკანასკნელის დახასიათებით დავიწყებ და ვიტყვი, რომ შოთა ჩომახიძე პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. არც იმას დავმალავ, რომ ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რომ 32 წლის მოთამაშეს საქართველოში უკვე "ჩამოწერილ ვეტერანად" მოიხსენიებენ, - არადა, ჩომახიძის თამაში აშკარად საპირისპიროს ამტკიცებდა. იგივეს თქმა შემიძლია კიდევ ერთ ფეხბურთელზე მიხეილ კაკალაძეც, ვისი გამოცდილებაც ასე გამოგვადგა.

- "სამტრედიამ" რამდენიმე მატჩში წარმატებას იმის მერე მიაღწია, როცა შეცვლაზე 18 წლის დავით კირკიტაძე შეგყავდათ-ხოლმე...
- ძალიან პერსპექტიული ბიჭია და XXI ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენადაც შეიძლება რომ მივიჩნიოთ; სხვათა შორის, რამდენჯერმე ძირითადშიც ვანდე ადგილი და თავი არასდროს შეურცხვენია - გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია და საგოლე პასიც გაუკეთებია. ჩვენი მეკარის, ლაშა ძაგანიას შეფასებაშიც დაგეთანხმებით - სეზონისწინა სინჯებზე თავი მომაწონა და მერე უკვე ჩვენი ნდობა დამაჯერებელი ასპარეზობით გაამართლა. ბოლოს და ბოლოს, "ლელო" ტყუილუბრალოდ სამჯერ ხომ არ შეიყვანდა "ტურის სიმბოლურ ნაკრებში"?

- ესე იგი, სპორტულ პრესას საგულდაგულოდ ეცნობით?
- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კი "სამტრედიას" შესახებ დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინფორმაციებს...

- სხვებისგან ვიცით, რომ პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში (ზუგდიდში) "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი უკვე აღარ იყავით.
- კრიტიკულზე მეტი რომ ჰქვია, იმ დროს უკვე ისეთი სიტუაცია იყო, - ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა აღარ ვარჯიშობდა და მეც ვერავის ვერაფერს დავაძალებდი: ანუ, მატჩის წინ არანაირი განწყობა აღარ იგრძნობოდა და მეც, ფაქტობრივად, შეგუებული ვიყავი იმ შეხვედრაში წაგებას. იმასაც ვამჩნევდი, რომ გუნდის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა და წამოსვლა გადავწყვიტე.

- საერთოდ კი, რამდენხნიანი კონტრაქტი გქონდათ?
- ერთწლიანი, მაგრამ ჩემ მიმართ არსებულ იმ სახელფასო დავალიანებას როგორ მოვითხოვ? დარწმუნებულ ვარ, ფეხბურთელებიც ამავე აზრის იქნებიან... აქვე ვსარგებლოდ შემთხვევით და ჩემს თანამოაზრეებს, "სამტრედიის" მწვრთნელს ლევან ანჯაფარიძესა და მამუკა მესიაჩენკოს გვერდში დგომისათვის დიდ მადლობას გადავუხდი.

- დაბოლოს, თქვენს სადებიუტო სეზონსა და ამ ჩემპიონატს შორის რა სხვაობა დაინახეთ?
- წინა ჩემპიონატში "ლოკომოტივმა" I და II წრე სუსტად ჩაატარა, მეორე ეტაპზე კი ავთამაშდით, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. სხვაობა კი მართლაც დიდია: წინა ჩემპიონატში ცხრილის ზედა ნაწილშიც და აუტსაიდერთა შორისაც ბევრი რამ "ადრევე" გაირკვა; ახლა კი ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატია.

- საერთოდ, ფავორიტად რომელ გუნდს მიიჩნევთ?
- მიმაჩნია, რომ პირველ ეტაპზე საუკეთესო გუნდი "ზესტაფონი" იყო: ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთსაც უჩვენებდა და, რაც მთავარია, კლუბი სწორი გზით ვითარდება. რა თქმა უნდა, ის ფაქტიც მახარებს, "დინამოში" ასეთი სასიკეთო ცვლილებები რომ დაიწყო...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრალოდ ჩემი თხოვნაა როგორც რიგითი გულშემატკივრის, თუ სხვისთვის შეიძლება ესეიგი ჩვენთვისაც უნდა შეიძლებოდეს, თუ ხონის რაიონის კლუბი რომელიც პირველ ლიგაშია ფინანსდება 125 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რატომ არ შეიძლება სამტრედიის გუნდი რო დაფინანსდეს ამდენივე თანხით ? ჩვენ უმაღლესში ვართ ისინი კი პირველ ლიგაში, ჩვენ გვეუბნებიან რო არ შეიძლება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებაო ხონს კი აფინანსებენ, ჟურნალისტებო თხოვნაა გაარკვიეთ ეს, რატომ ხდება ეგრე , თუ ეს ყველაფერი ზემოთარის გადაწყვეტილი რო სამტრედია უკვე ზედმეტია უმაღლეს ლიგაში
samtredieli
15:59 04-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული