ცხინვალი-გურია 3:1 - შეცვლის ჩახვაშვილი კაჭარავას?

AutoSharing Option
ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორმა უმაღლესლიგელმა ისპარინგა. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა "ცხინვალმა" რუსი სპეციალისტის, ვიქტორ დემიდოვის დამოძღვრილ "გურიას" 3:1 მოუგო.


"ცხინვალი" თორნიკე გორგიაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. "გურიამ" სომეხი ლეგიონერის, არტაკ ალეკსანიანის გოლით აღადგინა წონასწორობა. თამაშის ბოლომდე ცხინვალელებმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. თავი ჯერ ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა, მერე კი საბოლოო ანგარიში სოსო ჩახვაშვილმა დააფიქსირა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩახვაშვილის სახით "ცხინვალში" ძალიან საინტერესო ფორვარდი გამოჩნდა. როგორც კლუბში გვითხრეს, ის ჯერ სინჯებზეა. 22 წლის ტანმაღალი შემტევი აქამდე ირანულ "საბა
კომში" თამაშობდა და მისი გარჯა ამ ქვეყნის ნაკრების პორტუგალიელ მწვრთნელს, კარლუშ კეირუშსაც მოეწონა. ვნახოთ, იქნებ სწორედ ჩახვაშვილმა შეცვალოს "როსტოვში" წასული საქართველოს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნიკა კაჭარავა.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი; მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, ნოზაძე, მახარობლიძე, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ჩახვაშვილი.

რაც შეეხება "გურიას", როგორც შევიტყვეთ, ამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერი ვარჯიშობს. ერთ-ერთია ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე ესპანურ "ალმერიაში" 5 მატჩი ჩაუტარებია. ასე გვითხრეს "გურიაში".

იქვე ვარჯიშობს კოსტა-რიკის ახალგაზრდული ნაკრების წევრი მაურისიო ნუნიესიც. 22 წლის ფეხბურთელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ერედიანოში" ასპარეზობდა. ის ამპლუით მარცხენა მცველია. ნუნიესი იქნება პირველი კოსტარიკელი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს, ოღონდ მან ჯერ წარმატებით უნდა გაიაროს სინჯები.

ზემოთ ვახსენეთ, რომ "ცხინვალის" კარში გოლი გაიტანა არტაკ ალეკსანიანმა, რომელსაც სომხეთის ეროვნულ ნაკრებში (2 მატჩი) დებიუტი 2011 წლის 9 თებერვალს, საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში (რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა 2:1 მოიგო) ჰქონდა. ალეკსანიანი 24 წლისაა. სხვადასხვა დროს მას "პიუნიკში", "ურალში", "ხიმკიში", "ბალტიკაში", "ულისესა" და არმავირის "ტორპედოში" უთამაშია.

როგორც გვითხრეს, ამ დროისთვის "გურიაში" კიდევ რამდენიმე ლეგიონერი ვარჯიშობს, მათ შორის - "ალანიას" ყოფილი მცველი ტაგოევი, რომელიც ბოლოს ლატვიაში თამაშობდა. ვნახოთ, ამ ფეხბურთელებიდან ვინ დარჩება "გურიაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოაცილეთ გუნდს მაი ყველაფრისმოდნე გამგებალი და დალაგდება გუნდი!
0
ექსპერიმენტები და ...
საწყალი "გურია"!
16:22 02-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული