წავიდნენ
თბილისური შეკრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გუნდში რამდენი უცხოელი დარჩა. მატჩამდე გადაწყდა, რომ "გურია" 24 წლის არტაკ ალექსანიანს ვერ დაიმატებდა. სომხეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველისთვის წლეულს ეს მესამე კლუბი იქნებოდა და საქართველოს დატოვება მოუხდა.იური დემიდოვმა არ დაიტოვა მოსკოვის "სპარტაკი 2"-ის ყოფილი თავდამსხმელი დამირ საძიკოვი, "ამკარისა" და "კუზბასის" ექსწევრი, 25 წლის რუსი ფორვარდი იგორ პადერინი და კოტდივუარელი ჟუნიორიც.
მოვიდნენ
ქართველებიდან ახალწვეული გიორგი ალავერდაშვილია, რომელიც პოლონური "ზავიშადან" წამოვიდა. შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, მის გვერდით გიორგი კახელიშვილიც ვიხილოთ."გურიაში" ითამაშებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირიც, რომელიც რუსეთში გაიზარდა, მაგრამ შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ის ბოლოს სომხურ "მიკაში" თამაშობდა.
ლეგიონერებიდან დაიტოვეს მეკარე პოლტავცევი, სიაში არიან კოსტა რიკის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, მცველები - ალვინ ბენეტი (21 წლის) და მაურისიო ნუნიესი (22 წლის).
ლანჩხუთში ითამაშებს კიევის "დინამოს" სკოლის აღზრდილი, 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი მოროზენკოც.
მწვრთნელის მოწონება დაიმსახურა 20 წლის ტაიმურაზ ტობოევმაც. ამ ოს ახალგაზრდას "რუბინსა" და "ალანიაში" უთამაშია.
"გურიაში" იქნებიან ბურკინაფასოელი პატერსონი და ავსტრალიაში დაბადებული სერბი ცენტრალური მცველი ალექსანდრ იოვანოვიჩი, რომელიც ბოლოს ჩინეთის "ტიანძინ ტედაში" გამოდიოდა.
...და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახეთ: "გურიაში" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის მონაწილე, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ შტანდერი ჩამოიყვანეს. ის ფლანგის თავდამსხმელია, იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი.
19 წლის შტანდერმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. ზაფხულში მან გუნდი ქართველ ბექა ვაჩიბერაძესთან ერთად დატოვა და უკრაინის პირველი ლიგის ბინადარ კომსომოლსკის "გორნიაკ სპორტში" გადავიდა, თუმცა ნოემბერში ეს კლუბიც დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"