ჩემპიონობა, თასი და ევროტურნირის ჯგუფი! ექსკლუზივი იურაი იარაბეკთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა, რომ იტყვიან, ავ თვალს არ ენახვება. ევროპული გარემო, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, დიდებული მინდვრები - ქართული სინამდვილისთვის ყოველივე ეს, ცოტა არ იყოს, უცხოა...

იურაი იარაბეკმა თბილისის "დინამო" სულ ცოტა ხნის წინ, ფორსმაჟორულ ვითარებაში ჩაიბარა. გია გეგუჩაძის მემკვიდრეობა იოლი არ არის, მით უმეტეს, გაძლიერებულ "დინამოს" ძალზე სერიოზული მიზნები აქვს. თავი რომ დავანებოთ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას, კლუბის ხელმძღვანელობას მიზნად ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა აქვს დასახული.

..."დინამოს" მთავარი მწვრთნელი სიხარულით გვეგებება. შეიძლება ითქვას, მისი განწყობა ამინდის შესაბამისია. "დინამოს"
პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხელანი დინამოელთა დამრიგებელს "ლელოს" ჟურნალისტს აცნობს...

შევასრულეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა
"სულ 15 წუთი მაქვს. ვარჯიში იწყება. ვეცდები, ამ დროში თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვას ვუპასუხო", - მეუბნება იურაი იარაბეკი. რას ვიზამთ, მწვრთნელის გრაფიკი ასეთია. კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი სასაუბრო დრო გვქონოდა, მაგრამ რაც გვაქვს, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ.

დავიწყეთ "დინამოს" თურქული შეკრების შეფასებით, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავად ჩაატარა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა. თუ არ ჩავთვლით ლვოვის "კარპატისთან" მატჩს, "დინამომ" საკონტროლო შეხვედრებში ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.

საერთოდ, ამგვარ შეკრებებზე შედეგი უპირველესი საზრუნავი არ არის, მაგრამ ფაქტია - ამხანაგურ მატჩებშიც მონატრებულები ვართ გამარჯვებებს...

"ძალიან სასარგებლო შეკრება იყო. გავიცანი გუნდი, აუცილებელი კომუნიკაცია დამყარდა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. გვქონდა კარგი სპარინგები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან... ვფიქრობ, თურქეთში შევასრულეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა", - გვეუბნება "დინამოს" სლოვაკი თავკაცი.

ხარისხი და გამოცდილება შეგვემატა
ზემოთაც ვთქვით, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე, ერთის გარდა, ყველა მატჩი მოიგო და, ცხადია, იარაბეკს ამის თაობაზეც ვკითხეთ.

"თურქეთში ძლიერ მოწინააღმდეგეებს დავუპირისპირდით. თავადაც იცით, "სპლიტს", ბატე-ს, "ვოევოდინას", "სლოვანსა" და "კარპატის" ვეთამაშეთ. შედეგი მთავარი არ არის საკონტროლო მატჩებში, მაგრამ თავისთავად სასიამოვნოა, რომ ერთის გარდა, ყველა შეხვედრა მოვიგეთ.

"დინამო" ძალიან ამბიციური კლუბია და ყველა შეხვედრაში მიზნად გამარჯვებას ისახავს", - მიიჩნევს იარაბეკი.

როგორც იცით, თბილისის "დინამომ" ზამთარში ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია წარმართა. გუნდის მაისურა მოირგეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა - უჩა ლობჟანიძემ, ნიკა გელაშვილმა და ალეკო ამისულაშვილმა. დაბრუნდა ესპანელი მიკელ ალვარო.

ბუნებრივია, სლოვაკ დამრიგებელს "დინამოს" ახალწვეულებზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.

"პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ "დინამოს" ხარისხიანი, გამოცდილი ფეხბურთელები შეემატნენ. ლობჟანიძე, გელაშვილი და ამისულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. ამით ბევრი რამაა ნათქვამი. გამოცდილება გუნდისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, ამ ფეხბურთელების დამატებით გუნდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია, რაც ასევე ძალიან კარგია", - ამბობს იარაბეკი.

"დინამო" გაძლიერებაზე ფიქრს არ წყვეტს. ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას მართავს ორ უცხოელ ფეხბურთელთან. მათი საკითხი ახლო მომავალში უნდა გაირკვეს. საინტერესოა, რას ფიქრობს იარაბეკი ამასთან დაკავშირებით?

"გუნდს გაძლიერება ყოველთვის სჭირდება. რა თქმა უნდა, მიდის ამაზე მუშაობა და სულ მალე ყველა ერთად ვნახავთ, რა მოხდება", - ამბობს სლოვაკი სპეციალისტი და იქვე ამატებს, რომ არის გუნდში პოზიციები, რომელთაც გაძლიერება სჭირდება.

ერთი თავით მაღლა ადგილობრივზე...
ცხადია, დავინტერესდით, რომელ პოზიციებს გულისხმობს იარაბეკი. ის ეშმაკურად იღიმის და გვეუბნება:

"ეს მე უკვე აღარ ვიცი. ყველაფერს ერთად ვნახავთ. ერთი რამ კი ზუსტად შემიძლია გითხრათ - თუ "დინამოში" ლეგიონერი გამოჩნდება, ის ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს ადგილობრივ მოთამაშეზე. ეს ჩემი პრინციპია და ამას არასოდეს გადავუხვევ".

"დინამოს" ქომაგების ოცნება ერთია - გუნდმა წარმატებით უნდა ითამაშოს ევროთასებზე და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ შეაღოს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის კარი. იარაბეკს პირდაპირ ვკითხეთ, აქვს თუ არა ამ ფორმაციის "დინამოს" ევროასპარეზზე წარმატებით თამაშის შანსი.

"მერწმუნეთ, ამ ფორმაციის "დინამოს" დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ევროტურნირებზე კარგ შედეგს მივაღწევთ, რაც გულისხმობს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას", - სჯერა მწვრთნელს.

...სწორედ ასეთ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას
როგორი ფეხბურთი უყვარს "დინამოს" ახალ მთავარ მწვრთნელს? იარაბეკი ამის თაობაზე ამბობს:

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი და თბილისის "დინამოს" სათამაშო ფილოსოფია ბოლომდე ემთხვევა ერთმანეთს. მიყვარს შემტევი, აგრესიული ფეხბურთი, პრესინგი, კომბინაციური თამაში. სწორედ ასეთ ფეხბურთს ანიჭებს გუნდი უპირატესობას. ყველა წინ და ყველა უკან - ასეთია ჩემი პრინციპი. რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, გუნდი მზადაა ითამაშოს 4-4-2 ან 4-4-1-1, გააჩნია, რომელი დაგვჭირდება".

"დინამოს" თავკაცის საფეხბურთო გემოვნების შესახებ უკვე შევიტყვეთ. ბუნებრივია, ქართულ მოედნებზე ასეთი ფეხბურთის თამაში გაჭირდება. ერთია, ითამაშო "დინამო არენაზე" და ივარჯიშო დიღმის ბაზაზე, და მეორეა, იქ გააგორო ბურთი, სადაც მინდორი მინდორს არ ჰგავს.

"გვაქვს ჩვენი გეზი და ვიცით, როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ყველგან უნდა ვცადოთ ასეთი ფეხბურთის თამაში. ვიცი, რომ საქართველოში არის გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ ამის თაობაზე უფრო ზუსტად მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ჩემპიონატი დაიწყება და ყველაფერს ახლოდან გავეცნობი", - გვეუბნება იარაბეკი.

ვითამაშოთ ხალხისთვის!..
"დინამოს" მიზნად ევროტურნირებზე კარგი თამაში და ასეთივე შედეგის ჩვენება რომ აქვს დასახული, ეს დღევანდელ პირობებში რთულია. საქმე ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდს პრაქტიკულად არ ჰყავს კონკურენტი. რა თქმა უნდა, იარაბეკთან საუბარში გვერდს ვერც ამ პრობლემას ავუვლიდით.

"ჩვენთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ ფეხბურთში გარანტირებული არავის არაფერი აქვს. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. უნდა ვითამაშოთ ყველა შეხვედრა მაქსიმალური კონცენტრაციით, რათა შემდეგი თამაში უკეთესი იყოს. ჩვენ ეს შეგვიძლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გულშემატკივრებისთვის უნდა ვითამაშოთ, რომლებიც სტადიონზე მოდიან".

სიტყვამ მოიტანა და, ისიც საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვს იარაბეკს, ზოგადად, ქომაგების მიმართ. როგორც აღმოჩნდა, სლოვაკ მწვრთნელს განსაკუთრებული მიდგომა აქვს.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ "დინამოს" ფანები მრავლად მოვლენ სტადიონზე და ბოლომდე უქომაგებენ გუნდს. ფეხბურთი მათია, მათთვისაა. გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი, უბრალოდ, არ არსებობს", - გვეუბნება "დინამოს" მწვრთნელი.

იაშვილი ჩემი ასისტენტია...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე კარს მოგვადგა. "დინამოში" კი ბევრი ფეხბურთელია. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გუნდმა რომელიმე მათგანი გაანათხოვროს ან გაასხვისოს? ამ კითხვაზე იარაბეკმა ასე გვიპასუხა:

"გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ. შეიძლება ვინმე მოვიდეს, ვიღაცამ დაგვტოვოს. ყველა ერთად ვნახავთ ყველაფერს".

იარაბეკს ცალკე ვკითხეთ ალექსანდრე იაშვილზე, ვინც თავის დიდებულ კარიერას მშობლიურ კლუბში ამთავრებს.

"მასზე საუბარი არასოდეს მომწყინდება. ის ნამდვილი კერპია, პირველი ნომერია... ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი კარიერა ჰქონდა მას თუნდაც ბუნდესლიგაში. ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მე ასე ვიტყოდი - ის ჩემი ასისტენტია მინდორზე.

საერთოდ, "დინამოში" იდეალური მდგომარეობაა, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ".

დაბოლოს, იარაბეკს საამსეზონო მიზნებზეც ვკითხეთ:

"დინამოს" ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს და ასეა ახლაც. უნდა მოვიგოთ საქართველოს ჩემპიონობა და თასი. გარდა ამისა, ზემოთაც გითხარით, რომ ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა", - დაასრულა ჩვენმა რესპონდენტმა.

დროის დეფიციტის გამო იურაი იარაბეკთან საუბარი აქ დავასრულეთ. საქართველოს პირველობის ლიდერი თბილისის "დინამო" ჩემპიონატს 19 თებერვალს, თერჯოლის "საპოვნელასთან" გასვლითი მატჩით განაახლებს. მატჩი ზესტაფონში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მჯერა დინამოსი!!!
sulit dinamoeliiii
16:38 18-02-2016
0
მე ამ მწვრთნელის იმედი არ მაქვს და ის მეკარე ლიბერ ჰდრლიჩკა თუ რაც არის მოაშორეთ აქედან არ გამოგვადგება, დაგვღუპავს გადამწყვეტ მომენტშიი... წარმატებები დინამოს და იმედია წეეელს მაინც შევალთ ჯგუფურ ეტაპზეე!!!!!!!!!!!
_svani_
18:22 18-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული