ლუკა კიკაბიძე: "ბასტიაში" მარტო ეს არ ყოფილა პრობლემა...

AutoSharing Option
საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე, კლუბმა ახალწვეულები რომ წარადგინა, მათ შორის იყო 21 წლის ლუკა კიკაბიძეც, რომელიც 2014 წელს ფრანგულ "ბასტიაში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა.

ერთი წლით ადრე, შვეიცარიაში გამართულ 19-წლამდელთა ელიტრაუნდში, ის ფორმაში იყო და ფრანგების მხრიდან დაინტერესებაც არ ყოფილა შემთხვევითი.

მაგრამ საფრანგეთში კიკაბიძის საქმეები ვერ აეწყო. მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და ჯერ რეგიონული ლიგის "კა ბასტიაში" გაუშვეს, შემდეგ - "ბასტიას" დუბლშემადგენლობაში და ბოლოს საქართველოში მოუხდა დაბრუნება.

წესით, განაპირა ნახევარმცველმა "ლოკომოტივი" უნდა გააძლიეროს. საინტერესოა, თავად რას ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე?

-
ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან. საქართველოში თქვენი დაბრუნება რას მივაწეროთ?

- ჩემი კარიერისთვის ასე სჯობს.

- დიდი შანსია, მაღალ დონეზე არშემდგარი კარიერის გამო ფეხბურთელი იმედგაცრუებული დარჩეს და საკუთარი ძალების რწმენა გაუქრეს...
- შესაძლოა, მაგრამ მე უიმედოდ ნამდვილად არ ვარ.

- სხვათა შორის, თქვენი მენეჯერი ლაშა ჯაკობია ამბობდა, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე იმდენად დაეცა, ტოპ-ლიგაში წასასვლელად, ქართველ ფეხბურთელებს საშუალოევროპული დონის კლუბში შუალედური გადამზადება სჭირდებათო...
- უცებ საქართველოდან საფრანგეთში გადასვლა და დამკვიდრება მართლაც ძალიან ძნელია. ქართული ლიგის დონე ფრანგულს ბევრით რომ ჩამორჩება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იქაურ ფეხბურთს მაინც შევეჩვიე, ბევრი ვისწავლე, დიდი გამოცდილება შევიძინე და ვცდილობ, საკუთარი ძალების რწმენა შევინარჩუნო.

რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან მთავარ "ბასტიაში" ადგილი ვერ დავიმკვიდრე, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქ თამაში შემეძლო.

იმედით ვცხოვრობ, რომ ადრე თუ გვიან ევროპაში დავბრუნდები. ეგ არის, პატარ-პატარა პრობლემები იყო...

- ცნობილია, რომ ერთ-ერთი პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო...
- დიახ, ესეც იყო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადგილობრივ ენაზე ლაპარაკობ - ეს ხელს გიწყობს, მაგრამ ფეხბურთელისთვის მთავარი - თამაშია. მე კი მიმაჩნია, რომ მათ დონეზე თამაში შემეძლო. ენობრივის გარდა, სხვა პრობლემებიც იყო გუნდში და სხვა მხრივაც... მაგრამ ისეც არ ყოფილა, თითქოს, თავი საერთოდ ვერ გამოვავლინე.

- "ლოკომოტივში" რა იმედით დაბრუნდით?
- იმედია, ფორმას მალე აღვიდგენ და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარები. ჯერ 21 წლის ვარ და უიმედობასა და ხელის ჩაქნევაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

- ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში კარგად მომზადება შესაძლებელია?
- შანსი ნაკლებია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. კაცი თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთში რომ წავედი, მაშინ "ლოკომოტივი" პირველ ლიგაში თამაშობდა. ახლა უმაღლესში ვართ, სადაც დატვირთვა მეტია და კლასიც - ბევრად მაღალი. თანაც, ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.

მომდევნო სეზონში ეს რეალური მგონია, რადგან გუნდში ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები ბ-ნ ლაშა ჯაკობიას, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე იმდენად დაეცა, ტოპლიგაში წასასვლელად, ქართველ ფეხბურთელებს საშუალოევროპული დონის კლუბში შუალედური გადამზადება სჭირდებათ.

ტოპ ლიგებში შემტევი 2 ტაიმის განმავლობაში 70 სპრინტს აკეთებს. საშუალო მანძილი შეადგენს 20 მეტრს.

თუმცა არსებობს ალტერნატივა - ქართველი ფეხბურთელებისათვის შექმნილი "პარტიზანული" მეთოდიკა "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" რომელიც ფიზიკურ კონდიციებს ევროსტანდარტების დონემდე გარანტირებულად ზრდის.
გუჯა კახაძე
14:44 18-02-2016
0


ფ ი ზ ი კ ა,ფ ი ზ ი კ ა...

შეაგდეთ ქართველი ფეხბურთელები ბავშვიდანვე შტანგაზე,ფიტნესზე...რეგბისტებივით ავარჯიშეთ და თან

არბენინეთ ტყეებში 10-კმ-ბით და შედეგიც დ ა დ გ ე ბ ა!!!
glaxuna
15:53 18-02-2016
0

სიახლეები პოპულარული