ისე, მეორე წრის ამ ორ სასტარტო ტურს ბევრი საერთო ჰქონდა და ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ერთიმეორეზე ლამაზი და ეფექტური გოლები უნდა ვახსენოთ.
XVII ტურის მიმოხილვაც სწორედ ამ მართლაც გამორჩეული გოლებით უნდა დავიწყოთ...
რომელი გამოვარჩიოთ?
დედაქალაქურ დერბიში პირველი გოლი ისეთი გავიდა, ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა: "ლოკომოტივის" 22 წლის მცველმა რევაზ ჩიტეიშვილმა თავისი გუნდის მორიგი შეტევა უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა (კარამდე მანძილი 30 მეტრი მაინც იქნებოდა)! არანაკლებ ეფეტური იყო ბათუმის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველის, 25 წლის თეიმურაზ შონიას "მაკრატელა"...
ასევე ქებას იმსახურებენ "ტორპედოს" 24 წლის უნივერსალი გიორგი ქიმაძე და "ცხინვალის" 20 წლის პლეიმეიკერი ლაშა ქოჩლაძე - ორივე მათგანი სიტუაციაში დროულად გაერკვა და მეკარისაგან მიტოვებულ კარში შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა...
ცალკე უნდა აღვნიშნოთ "ჩიხურას" 19 წლის დებიუტანტი თორნიკე კირკიტაძე, რომელმაც "საბურთალოსთან" მატჩში ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვიდან წამოიღო, თითქმის მთელი მოედანი გაირბინა ბურთიანად და მერე ჩინებული დარტყმით სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
სხვათა შორის, კირკიტაძეს წინა ტურში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და თავის პირველსავე მატჩში გოლი გაიტანა, ახლა კი მეორეც (თანაც - როგორი!) მიაყოლა...
ერთნაირი სცენარით...
ზედიზედ მეორე მატჩია, თბილისის "დინამო" ერთნაირი ანგარიშით (2:1) იმარჯვებს, თანაც, ზედიზედ მეორე შემთხვევაა, რომ ამ გათამაშების ყველაზე რეალური ფავორიტი თავდაპირველად მდევრის როლში გვევლინება, მაგრამ მაინც ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.ასევე ზედიზედ მეორედ ხდება, როცა "დინამოს" სასარგებლოდ დანიშნულ პენალტს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება ხოლმე. "საპოვნელასთან" ამ პენალტმა 3 ქულა მოიტანა, ახლა კი ანგარიში სწორედ თერთმეტმეტრიანით გათანაბრდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ ორჯერვე პენალტის ნიშნულთან ალექსანდრე იაშვილი მივიდა და ორჯერვე გაიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 38 წლის ალექსანდრე იაშვილს საქართველოს ჩემპიონატში უკვე 90 გოლი აქვს გატანილი და ძალიან დიდია იმის ალბათობაც, რომ თავის მართლაც გამორჩეული კარიერის დასრულებამდე მოასწროს რამაზ შენგელიას სახელობის "ასიანთა კლუბში" შესვლა.
ქართული ფეხბურთის დამსახურებულმა ვეტერანმა "ლოკომოტივის" წინააღმდეგ, საერთოდაც, ჩინებული მატჩი ჩაატარა და ზუსტად შესრულებულ პენალტს საგოლე პასიც მიუმატა, რომელიც 19 წლის ოთარ კიტეიშვილმა კოხტა თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა.
ისე, კიტეიშვილზეც უნდა ვთქვათ: თბილისის "დინამოში" დღესდღეობით უმძაფრესი კონკურენციაა, მაგრამ ეს ნიჭიერი ბიჭი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და სავსებით დამსახურებულადაც.
თბილისის "დინამომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო და უახლოეს მდევართან სხვაობა უკვე შვიდ ქულამდეც გაზარდა; თუმცა, ისე, როგორც წინა ტურის მატჩში "საპოვნელასთან", დინამოელთა თამაში ამჯერადაც ვერ იყო ისეთი, აი, "საჩემპიონოს" რომ ვუწოდებთ ხოლმე...
დუბლებმაც იმატა...
წინა ტურში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: "მერანის" ახალწვეულმა ვანო ხაბელაშვილმა (22 წლის გარემარბმა ამ ტურშიც გაიტანა ერთი გოლი). ახლა კი ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა იყოჩაღა და ამათგან ერთ-ერთისათვის ეს პირველი "დუბლი" იყო უმაღლეს ლიგაში: "ჩიხურას" 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ "საბურთალოს" კარში 2 გოლი გაიტანა.აი, დანარჩენი ორისთვის კი დუბლის (გნებავთ - ჰეთ თრიკის) შესრულება "ჩვეულებრივი საქმეა" და ნამდვილად არავის უნდა გაჰკვირვებოდა ჩვენი ჩემპიონატის კიდევ ორი გამორჩეული ვეტერანის, 32 წლის დიმიტრი ტატანაშვილისა ("სიონი") და 31 წლის ოთარ მარცვალაძის ("დილა") წყვილ-წყვილი გოლები.
განსაკუთრებით, მარცვალაძის დუბლია გამოსარჩევი - გორელთა ლიდერმა ორჯერვე ჩინებული ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და ორივე შემთხვევაში ასევე ჩინებული ასისტენტობა გაუწია "დილას" ახალწვეულმა, 24 წლის გიორგი ჩელებაძემ.
მარცვალაძე რომ ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება, ეს ეჭვს არ იწვევს; ასევე დიდია იმის ალბათობაც, რომ კონკურენტთა შორის ვიხილოთ დიმიტრი ტატანაშვილიც, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ სამი ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა ტრიოს" (ოთარ მარცვალაძე, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა), თანაც, ამათგან ერთ-ერთი (კაჭარავა) უკვე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში აგრძელებს თავის კარიერას.
ახალი ლეგიონერები
ტურიდან-ტურამდე იზრდება საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფია და აი, XXVII ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურში კიდევ ერთი "ისტორიული ფაქტის" მოწმენი გავხდით: ჩვენს პირველობაზე დებიუტი ჰქონდა პანამელ ფეხბურთელს, 21 წლის ჯამალ როდრიგესს.შეგახსენებთ, რომ წინა ტურში არანაკლები "მნიშვნელობის" მოვლენის შესახებ გაუწყეთ, როცა ასევე პირველად ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ჩვენს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდათ კოსტარიკელ მოთამაშეებს, ახლა კი მათ პანამელიც დაემატა.
ეს სამეული (ჯამალ როდრიგესი, ბენეტი, ნუნიესი) "გურიის" ახალწვეულები არიან და ამ ტურში კიდევ ერთ მათ თანაგუნდელ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში: 19 წლის ვასილ შტანდერს, რომელიც უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებსა და დონეცკის "შახტარის" დუბლებში გამოდიოდა.
უკრაინელ ლეგიონერთა რიცხვი ამ სეზონში მალე, ალბათ, სარეკორდოს მიაღწევს და მათ რიცხვს XII ტურის შემდეგ კიდევ ერთი ახალწვეული მიემატა: 23 წლის ევგენი კოვალენკო ("ზუგდიდი").
ლეგიონერების თემას ვაგრძელებთ და ბათუმის "დინამოს" სერბი ფორვარდი ნიკოლა კომაზეცი უნდა ვახსენოთ, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.
სადებიუტო გოლები, დაბრუნებები
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მცველის, რევაზ ჩიტეიშვილის მართლაც სუპერგოლი სადებიუტო იყო უმაღლეს ლიგაში; ასევე პირველად გამოიჩინა თავი უმაღლეს ლიგაში "სიონის" ახალწვეულმა ირაკლი გოგინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის გარემარბი საქართველოს ჩემპიონატში მოლდოვიდან დაბრუნდა.
ასევე გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდნენ საქართველოს ჩემპიონატში გამოცდილი ფეხბურთელები, 29 წლის გიორგი ფოფხაძე ("ლოკომოტივში") და 28 წლის გიორგი ალავერდაშვილი ("გურიაში").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"