უმაღლესი ლიგის XVIII ტურის წინათქმა: ვემშვიდობებით არასაფეხბურთო თებერვალს!

AutoSharing Option
მართლაც "ისტორიული" ტური გველოდება: შაბათის მატჩებით ზამთარსაც გავაცილებთ და თებერვალსაც, როგორც "საფეხბურთო თვეს", ამიერიდან აღარასოდეს მოვიხსენიებთ!

ყოველ შემთხვევაში, უახლოესი წლების განმავლობაში თებერვლის თვეში საქართველოს ჩემპიონატის მატჩები აღარ ჩატარდება - ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხომ სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება და უკვე ისიც ცნობილია, რომ მომავალ, 2017 წელს საფეხბურთო სეზონი მარტში დაიწყება.

აი, ასე გავაცილებთ თებერვალს ქართული საფეხბურთო ცხოვრებიდან და ამას გარდა, ეს ტური სხვა "უცნაურობებითაც" იქნება დასამახსოვრებელი: ერთდღიანი ტური დილით დაიწყება, შუადღეს გაგრძელდება და ღამით დასრულდება! ჰო, ის არ გვეყოფა, როცა ტურის რვა
მატჩიდან ოთხი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე უნდა გაიმართოს?

თუმცა, კიდევ ერთი დედაქალაქური დერბის აშკარად არასაფეხბურთო დროს (12:00 სთ-ზე) დაწყება გარკვეულწილად ობიექტური მიზეზით არის განპირობებული: 17:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ესპანეთის ნაკრებთან.

ამის გამო კიდევ ერთი ცვლილება მოხდა ამ ტურში: "ლოკომოტივი" საშინაო მატჩებს, როგორც წესი, 20 საათზე ატარებს, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი სარაგბო ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, "სამტრედიას" სხვა სტადიონზე, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

ახლა კი ამ "ისტორიულ" ტურზე: რას უნდა ველოდოთ, იქნება თუ არა სენსაცია, ბომბარდირთა დავაში რომელი ფეხბურთელი დაწინაურდება და ასე შემდეგ.

27.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 12:00
საბურთალო-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე იაშვილი (დინამო)
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:1
პირველი წრე 0:4

ტურის ყველაზე ადრეული თამაში დიდ ინტერესს იწვევს: "საბურთალომ" წინა ტურში კლუბის ხანმოკლე ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით წააგო და ეს ახალგაზრდული გუნდიც, ალბათ, ყველა ღონეს იხმარს რეაბილიტაციისათვის.

"საბურთალო", საერთოდაც, ამ ბოლო დროს წარმატებული თამაშით ვერ დაიკვეხნის: გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ჩემპიონატში 5 მატჩია არ მოუგია, თანაც ამ ხუთ შეხვედრაში 16 გოლი გაუშვა. არადა, პირობით მასპინძლებს ურთულესი მეტოქე ეყოლება: თბილისის "დინამო" მეორე წრეშიც აგრძელებს ქულათა მაქსიმუმის მოგროვებას და კვლავაც რჩება სეზონის უპირველეს ფავორიტად.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ახალი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით ჩატარებულ წინა ორივე მატჩში დინამოელთა ასპარეზობას დამაჯერებელი ნამდვილად არ ეთქმოდა...

27.02. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-სიონი
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 4:4
პირველი წრე 0:2

"შუქურა" ამ ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობს: ქობულეთელთა გუნდს ჩემპიონატში უკვე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

სამაგიეროდ, აღმასვლას განაგრძობს "სიონი" და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი გუნდი ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ვიხილოთ. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ "სიონი" თასის ნახევარფინალშიც არის გასული, ჩემპიონატში კი ძალიან მალე პირველ სამეულშიც უნდა ვიხილოთ.

27.02. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 14:00
საპოვნელა-გურია
ურთიერთშეხვედრები
3: +0=0 -3, 2:
პირველი წრე 0:3

ორივე გუნდი აუტსაიდერთა შორის იმყოფება და მოგების "გემოც" დავიწყებული აქვს: "საპოვნელამ" ჩემპიონატში ზედიზედ 8 მატჩი წააგო, "გურიას" კი უკვე 12 შეხვედრა არ მოუგია!

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ორივე გუნდის შემადგენლობა ზამთრის პაუზის დროს თითქმის 90 პროცენტით გადახალისდა, თუმცა ამ ცვლილებებს ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია.

27.02. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 14:00
დილა-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე, გიორგი ჩელებაძე (ორივე დილა) - გიორგი კუხიანიძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
52: +17 =6 -29, 97:63
პირველი წრე 2:0

ამ ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩში ძველი მეტოქეები დისკვალიფიკაციის გამო საკვანძო ფეხბურთელებს მოისაკლისებენ, თუმცა ორივე გუნდის თავკაცს, ახალგაზრდა უჩა სოსიაშვილსაც ("დილა") და გამოცდილ ალექსანდრ შტელინსაც ("ტორპედო") შეუძლიათ, რომ შემადგენლობის როტაცია მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოახდინონ.

"დილა" კვლავაც აგრძელებს თბილისის "დინამოს" დევნას, "ტორპედო" კი თავისი შემადგენლობით აშკარად უკეთეს პოზიციას იმსახურებს სატურნირო ცხრილში.

27.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: სერგი ორბელაძე (მერანი) - გიორგი განუგრავა, კახაბერ კაკაშვილი (ორივე ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =0 -4, 7:9
პირველი წრე 0:3

მეორე წრის სტარტზე მოპოვებული 4 ქულის წყალობით "მერანის" სატურნირო მდგომარეობას უიმედო უკვე აღარ ეთქმის, თუმცა მეტოქეც მშვენივრად ათამაშდა და "ჩიხურას" უკვე ზედა სამეულში მოხვედრის მშვენიერი შანსიც გაუჩნდა.

ამას გარდა, ხაზგასმით აღსანიშნავია "ჩიხურას" სუპერშედეგიანი თამაშიც ამ ბოლო პერიოდში: მეორე წრის სასტარტო ორ ტურში სოსო ფრუიძის გუნდმა მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა.

27.02. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 14:00
ზუგდიდი-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ნიკა ლაშხია, ვაკო ტყემალაძე (ორივე ზუგდიდი) - უჩა ბურძენაძე, ლაშა ქოჩლაძე (ორივე ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
22: +8 =4 -10, 23:33
პირველი წრე 1:5

"ზუგდიდს" სერიოზულმა საკადრო ცვლილებებმა ჯერჯერობით ვერ უშველა: გუნდმა მეორე წრის სტარტზე ორივე მატჩი წააგო, ჩემპიონატში კი, საერთოდ, უკვე 8 შეხვედრაა არ მოუგია.

საპირისპირო სიტუაციაა მეტოქე გუნდში: სხვებისგან არაფრით გამორჩეულ-განსხვავებული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის მიუხედავად, კახა კაჭარავას გუნდი მაინც ახერხებს და კვლავაც მესამე ადგილს ინარჩუნებს.

იმის მიუხედავად, რომ ზამთრის პაუზის შემდეგ "ცხინვალმა" ზედიზედ 2 ფრე ითამაშა, გუნდს მართლაც მშვენიერი სერია აქვს "გადმოყოლილი" პირველი წრიდან: ჩემპიონატში რვამატჩიანი წაუგებელი სერია!

27.02. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: კოკა სეფიაშვილი, დათა სიჭინავა, ზურაბ თევზაძე (ყველა კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
48: +17=12 -19, 51:58
პირველი წრე 0:2

ძველი მეტოქეების დაპირისპირებაში ფავორიტად ბათუმის "დინამო" უნდა მივიჩნიოთ: შოთა ჭეიშვილის გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელებიც გამოუჯანმრთელდნენ და ორივე ახალწვეული ლეგიონერიც (მარკო მიხაილოვიჩი, ნიკოლა კომაზეცი) აშკარად ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მათზე ვერავინ იტყვის, ვინ ან საიდან ჩამოიყვანესო...

ბათუმელთა შანსებს ის ფაქტიც ზრდის, რომ მეტოქეს ძირითადი შემადგენლობის სამი საკვანძო ფეხბურთელი აკლია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ "კოლხეთს" კვლავაც სხვა ქალაქში უწევს "საშინაო" მატჩის ჩატარება: პირველ წრეში ლანჩხუთს "შეჩვეული" ფოთელთა გუნდი ამჯერად სამტრედიაში "მასპინძლობს" მეტოქეებს...

27.02. თბილისი. "დინამო არენა". 20:00
ლოკომოტივი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გეგა დიასამიძე (ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები:
9: +6=0 -3, 16:14
პირველი წრე 2:3

ტურის ყველაზე გვიანი მატჩი საინტერესო და სანახაობრივი უნდა გამოდგეს: "ლოკომოტივიც" და "სამტრედიაც" აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს და ამ გუნდების მონაწილეობით ჩატარებული ნებისმიერი შეხვედრაც გულშემატკივარს გულგრილს ვერ ტოვებს.

თუმცა, ეს ორი ახალგაზრდული გუნდი ამ დაპირისპირებას სხვადასხვა განწყობით ხვდება: ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილ "ლოკომოტივს" უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიას" კი - ასევე ექვსმატჩიანი, ოღონდ, წაუგებელი სერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აზრზე არ ხარ სტატიის ავტორო ვინ დაუბრუნდა ბატუმს? ბერიაშვილი არ ყავს სუხიაშვილი არ ყავს ჩკუასელი არ ყავს 3 გუნდის ლიდერი
ximsho
19:07 26-02-2016
0
არც ბერიაშვილი არც სუხიაშვილი არ ყავს ბათუმს გუნდის 2 ლიდერი
ximsho
19:08 26-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული