წესით, "ნეფთჩი ISM"-თან არ უნდა ვაგებდეთ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" მეორე ეტაპის დაწყებამდე ბოლო სპარინგ-მატჩი ჩაატარა: გიორგი ყიფშიძის გუნდმა გუშინ "ავაზას" სტადიონზე აზერბაიჯანულ "ნეფთჩი ISM"-ს უმასპინძლა. ვიდრე ამ საკონტროლო მატჩზე ვისაუბრებდეთ, იმასაც შეგახსენებთ, რომ "სიონმა" ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში გუშინდელ შეხვედრამდე რვა სპარინგი ჩაატარა და არც ერთში დამარცხებულა.

ბოლნისური გუნდი სანამ შავიზღვისპირეთში გაემგზავრებოდა, "სპარტაკს" ფრედ (1:1) ეთამაშა, "ოლიმპს" 2:1 მოუგო, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან უხვგოლიანი ფრეთი (3:3) დაამთავრა მატჩი. ამის მერე კლუბში გარკვეული საკადრო ცვლილებაც მოხდა: საკუთარი სურვილით "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გიორგი ყიფიანმა და ურეკში გუნდი
უკვე გიორგი ყიფშიძის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. იქაურ შეკრებაზე ბოლნისელებმა 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს: "სამტრედიასთან" (3:0), "გურიასთან" (6:1), ფოთის "კოლხეთთან" (0:0), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან (3:1), სომხურ "ულისთან" (2:2) და აი, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "სიონის" წაუგებელი სერია გუშინ შეწყდა; თანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლნისელთა მეტოქე აზერბაიჯანული "ნეფთჩი ISM" იყო - თავისი ქვეყნის ჩემპიონატის პირველ ლიგაში რომ ასპარეზობს.

"ნეფთჩი ISM" ამჟამად მესამე ადგილზეა და პირველი ეტაპის შემდეგ 7-8 ქულით ჩამორჩება პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ "რავანსა" და "აფშერონს". სხვათა შორის, გუშინ ბოლნისელთა მეტოქის რიგებში სამმა ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშა: დავით შეყილაძემ, გიორგი ვაშაძემ და შალვა ფირცხალავამ. შეყილაძე და ვაშაძე თავის დროზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდის, ჭიათურის "მაღაროელში" თამაშობდნენ; აი, შალვა ფირცხალავამ კი გასული სეზონი "სამტრედიაში" ჩაატარა, 2010 წლის ზაფხულიდან კი აზერბაიჯანის ჩემპიონატს მიაშურა და უმაღლესი ლიგის გუნდ "თურანში" ჩაირიცხა. თუმცა, თოვუზელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილის დანიშვნის მერე, ფირცხალავას "თურანიდან" წამოსვლა მოუწია.

აზერბაიჯანის პირველი ლიგის გუნდი ერთი კვირაა თბილისში იმყოფება და "ავაზას" მოედანზე ვარჯიშობს; გუშინ კი ბოლნისის "სიონს" ამხანაგურ მატჩში გაეჯიბრა და, ბევრისთვის მოულოდნელად, გაიმარჯვა კიდეც; მე-15 წუთი მიმდინარეობდა, ბაქოელთა გუნდის ფეხბურთელებმა მახვილგონივრული კომბინაცია ზუსტი დარტყმით რომ დაასრულეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი "სიონის" ახალგაზრდა ფორვარდმა ვილი ისიანმა შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში ბაქოელთა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც, უმეტესწილად, უკეთესი ფიზიკური მომზადებითაც იყო განპირობებული; აქედან გამომდინარე, მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "ნეფთჩი ISM"-ის მიერ გატანილი მეორე გოლიც სრულიად ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ. შეხვედრის საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩიც "ნეფთჩი ISM"-ის გამარჯვებით (2:1) დასრულდა.

მეორე ეტაპის დაწყებამდე ჩატარებულ უკანასკნელ სპარინგ-მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ბობღიაშვილი-კობაური, ორბელაძე, თარგამაძე, ქორიძე-ლ. ნოზაძე, გოგობერიშვილი-ნ. კვასხვაძე, მ. ოქროპირიძე, სანიკიძე-ისიანი. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: რ. ჯიქია, კ. ჩხეტიანი, ლ. ჩხეტიანი, გ. მელქაძე, გ. რეხვიაშვილი, გ. ოქროპირიძე, ს. ადამაშვილი. სხვადასხვა მიზეზის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "სიონის" წამყვან ფეხბურთელებს: გივი დიდავას, ირაკლი ჩირიკაშვილს, მირზა მერლანსა და ლაშა ვაშაკიძეს.

"სიონისა" და "ნეფთჩი ISM"-ის საკონტროლო მატჩს ესწრებოდნენ საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მეორე ეტაპიდან "სიონის" დუბლშემადგენლობა საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" დაქვემდებარებაში გადადის.

კვირას, თემქაზე მდებარე "სიხარულის" სტადიონზე ამხანაგური მატჩი უნდა ჩატარდეს "ზოოვეტსა" და "სიონის" დუბლებს შორის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ბოლნისელთა გუნდისთვის ეს ტესტ-მატჩი იქნება: "საბურთალოს" მწვრთნელები არაერთ ახალგაზრდა ახალწვეულს გასინჯავენ, რომელთაგან საუკეთესოებს "სიონის" დუბლშემადგენლობაში ჩარიცხავენ.






.



მკითხველის კომენტარები / 2 /
წესით ჩვენი გუნდები საქართველოში შეკრებებს არ უნდა გაიოდნენ, წესით სტადიონები თუ არა მოედნები მაინც წესრიგში უნდა იყოს. წესით ეგ მოედნები თუ არა ერთადერთი ეროვნული სტადიონის მინდორი მაინც უნდა იყოს კარგი! აი მერე უკვე შეიძლება წესებზე ლაპარაკი და ახლა ნუ გვიკვირს, რომ საშუალო დონის ქართული გუნდები აზერებთან თან პირველლიგელებთან აგებენ. თანაც ამ პირველლიგელებს საკუთარი ფეხბურთელებიც რომ არ ყავთ და საქართველოდან წაყვანილებს ათამაშებენ, იმიტომ რომ აქ არ არის საფეხბურთო გარემო!!! sos!!!!!!!!!!
bb king
00:10 06-02-2011
0
გადმოვიდეთ წარსულიდან აწმყოში. რომელ წესზეა ლაპარაკი, გამოვფხიზლდეთ. 1981 წელი ისტორია არის. დღეს ახალი "წესი" არის. აზერბაიჯანის ფეხბურთი წინ არის ქართულ ფეხბურთთან შედარებით. ჩვენ ვართ მაჩანჩალები ამიერკავკასიაში.
ნაცარქექია
05:47 06-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული