საბურთალო-დინამო (თბ) 0:4 - თითქმის ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქური დერბი უჩვეულოდ ადრე (12:00) დაიწყო, სტადიონი, ფაქტობრივად, სავსე იყო და გულშემატკივარიც ნამდვილად არ ინანებდა თამაშის ცქერით. მით უფრო, რომ ამინდიც მშვენიერი დაემთხვა და ამ წყვილის ფავორიტის თამაშიც ამჯერად ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე მეორე წრის საწყის ორ ტურში.

მოკლედ, სლოვაკი სპეციალისტის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით, "დინამომ" საუკეთესო მატჩი ჩაატარა და იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესმა მდევარმა "დილამ" ამ ტურში წააგო, ძნელად წარმოგვიდგენია, რომ ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ჩემპიონობაში რომელიმე გუნდი შეეცილოს.

დინამოელთა თამაშში უდიდესი რესურსი იგრძნობოდა და საკადრო
პრობლემებსაც არ უმოქმედია უარყოფითად: "საბურთალოს" წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზით არ უთამაშიათ ალექსანდრე იაშვილს, მათე ცინცაძეს, ოთარ კაკაბაძეს, საბა ლობჟანიძეს, ხოლო რენე ფერეირა და ნიკა გელაშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

...მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და ჯერ ჯაბა ჯიღაურმა "გაისროლა" საშუალო მანძილიდან, მერე კი "საბურთალოს" კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი "მოჭრილი" დარტყმით უმიზნებდა მეტოქის კარის დაუცველ კუთხეს, მაგრამ ამ დარტყმას უჩა ლობჟანიძე გადაეღობა და სიტუაცია განმუხტა.

პირველ ტაიმში შესამჩნევად აქტიური გახლდათ ნოდარ იაშვილი - "საბურთალოს" მარჯვენა მცველი, საერთოდაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში ხშირად ახორციელებდა სწრაფ რეიდებს. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ "საბურთალოს" შემადგენლობაში თუ ვინმე არ იმსახურებდა კრიტიკას, სწორედ ზემოთ ნახსენები ხარაიშვილი, იაშვილი და მეკარე ოთო გოშაძე (და ეს, იმის მიუხედავად, რომ 4 გოლი გაუშვა) იყვნენ.

აი, დანარჩენები კი, თითქოსდა, წინასწარ იყვნენ ძლიერ მეტოქესთან მარცხს შეგუებულნი. ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ "საბურთალომ" მოწინააღმდეგის კარში პირველად... 63-ე წუთზე დაარტყა, როცა ლიბორ ჰრდლიჩკამ სწორი პოზიცია შეურჩია ხარაიშვილის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმულ ბურთს.

რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა იმის მტკიცება, რომ ახალგაზრდული (ალბათ, ზედმეტადაც) "საბურთალო" კრიზისში იმყოფება, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ გუნდმა ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო, მეორე წრეში ჩატარებულ სამ შეხვედრაში კი საკუთარ კარში 11 გოლი გაუშვა.

ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, უფრო კატასტროფულიც ყოფილიყო, ერთი-ორჯერ მეკარე გოშაძეს რომ არ ეყოჩაღა (ოთარ კიტეიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს რომ აუღო რთული ბურთები), რამდენიმე ეპიზოდში კი "დინამოს" შემტევებს სულ მცირედი დააკლდათ - ბაჩანა არაბული შორი მანძილიდან ეფექტურად ცდილობდა კარის დალაშქვრას, გიორგი ჯანელიძემ კი ბურთი ძელს გაარტყა.

ახლა კი გოლებზეც. პირველ ტაიმში სტუმრებმა ორჯერვე ფლანგებზე აქტიური თამაშით მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა: ხანგრძლივი პაუზის მერე ძირითადში დაბრუნებულმა გიორგი თევზაძემ მარცხენა ფლანგიდან გაუწია ასისტენტობა ჯიღაურს, რომელმაც ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, ორიოდ წუთში კი ოთარ კიტეიშვილმა საპირისპირო ფლანგიდან ჩინებული გადაცემით მოძებნა ასევე ძირითადში დაბრუნებული გიორგი ქვილითაია, რომლის თავურიც უნაკლო გამოდგა.

ასევე დროის მოკლე მონაკვეთში გაიტანეს დინამოელებმა ორი ბურთი მეორე ტაიმშიც. ამათგან კი განსაკუთრებით ლამაზი იყო მესამე გოლი, რომელიც ეფექტურად გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა - იერიში კიტეიშვილმა წამოიწყო, ქვილითაიამ გააგრძელა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა მოხდენილი ფინტით ჩამოიცილა მეკარე და კარის წინ მდგომ ქვილითაიასაც დუბლის შესრულება არ გასჭირვებია. მეოთხე გოლი კი თევზაძემ "სტანდარტულიდან" შეაგდო.

ისე, "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები ცდილობდნენ თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანას, მაგრამ მათი ყველა ცდა ამაო გამოდგა, თანაც, ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაშობდა ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა.

დაბოლოს, კიდევ ერთ საინტერესო ფაქტზე - ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ "დინამოსა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა მიკელ ალვარო, ბასკი ნახევარმცველი, რომელმაც 2012/13 წლების სეზონში ლომის წილი შეიტანა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის საჩემპიონო ტრიუმფში!..

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
27.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
საბურთალო-დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ჯიღაური (24. თევზაძის პასით), 0:2 ქვილითაია (25. კიტეიშვილის პასით), 0:3 ქვილითაია (60. ჭანტურიშვილის პასით), 0:4 თევზაძე (63)
საბურთალო (4-4-2): გოშაძე - ნ. იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე (66. მამუჩაშვილი) - ცაცკრიალაშვილი (46. კოხრეიძე), ალთუნაშვილი (46. ტერა), ბიძინაშვილი, ხარაიშვილი - ფანცულაია, გოშთელიანი.
სათადარიგოები: ხორხელი, რუხაძე, გვარაძე, ბ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, გ. თევზაძე (71. ალვარო) - პარუნაშვილი, ზ. ჭელიძე - ჯიღაური, კიტეიშვილი (76. ჯანელიძე), ჭანტურიშვილი - გ. ქვილითაია (61. არაბული).
სათადარიგოები: გურული, ნ. გელაშვილი, რენე ფერეირა, ბეგაშვილი
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: ჭანტურიშვილი (55), კოხრეიძე (87)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 15
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედოა) 10
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XIX ტური
6 მარტი, კვირა
დინამო (თბ)-მერანი
გურია-ლოკომოტივი
ტორპედო-დინამო (ბთ)
სიონი-საპოვნელა
ცხინვალი-დილა
შუქურა-კოლხეთი
ჩიხურა-ზუგდიდი

7 მარტი, ორშაბათი
სამტრედია-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადარი სტადიონი?:D
0
მე მგონი დროა ქვილითაია ნაკრებში გაისინჯოს. დღითი დღე უმატებს. თან ემჩნევა, რომ სერიოზულად უდგება ვარჯიშს...
tngh
12:28 29-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული