''ბენდელას თასზე'' "სპარტაკმა" იმარჯვა

AutoSharing Option
რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ცხინვალის "სპარტაკი" და თბილისის "დინამო"; თუმცა, წინასწარ უნდა ვთქვათ, რომ ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სპარტაკი" თუ, ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობით ასპარეზობდა (ისე როგორც - ნახევარფინალში), "დინამომ" მთელი ტურნირი დუბლებით ჩაატარა.

სხვათა შორის, რამაზ მუმლაძის გუნდში გუშინ ლევან ხმალაძეც გამოჩნდა, - შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი უკრაინულ "ზარიაში" აპირებდა კარიერის გაგრძელებას.

ფინალური მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და როგორც ასეთი შინაარსის
შეხვედრებისთვის არის "დამახასიათებელი", გამარჯვებისათვის მხოლოდ ერთი გოლი გახდა საკმარისი. ასეც მოხდა: 22-ე წუთზე "სპარტაკის" შეტევა ვალერი ბოლქვაძემ წამოიწყო, შემდეგ მიხეილ ჯიშკარიანი ცდილობდა ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნას და საბოლოოდ კი გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი მამუჩიშვილმა გაიტანა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდამდე "დინამოში" თამაშობდა და უახლოეს დღეებში გაირკვევა კიდეც თუ რა ფორმით გააგრძელებს "სპარტაკში" თავის მომავალ კარიერას.

ფინალისტებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - (ჭაფოძე (61. სეფიაშვილი), ტეტუნაშვილი, ბოიომო, მამუჩიშვილი - კაკაშვილი, მგელაძე (75. გ. ალავიძე) - მ. ჯიშკარიანი (59. მ. ბარაბაძე), ვ. ბოლქვაძე, კლოვისი (57. უგრეხელიძე) - ბუზალაძე (69. ნარიმანიძე).
"დინამოს" დუბლები: ნადირაძე (70. ბრაჭული), ტყებუჩავა (67. გაჩეჩილაძე), ავსაჯანიშვილი (64. კაკულია), ჟვანია, ხმალაძე, ამაშუკელი (51. მაჭავარიანი), არახამია (61. ზ. ლობჟანიძე), ჭკუასელი, წენგუაშვილი (54. რუხაძე), ვაშაკიძე (46. კაჭარავა), კვერნაძე.

ტურნირის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციაში თავგამოჩენილი ფეხბურთელებიც დააჯილდოვეს: საუკეთესო მეკარე - გიორგი ნადირაძე ("დინამო"), საუკეთესო მცველი - ბოიომო ფრიდოლინი ("სპარტაკი"), საუკეთესო ნახევარმცველი - ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი"), საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა ბაკურაძე ("გაგრა", 5 გოლი), საუკეთესო მწვრთნელები - ბადრი კვარაცხელია ("სპარტაკი"), რამაზ მუმლაძე ("დინამო"), ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი - ვალერი ბოლქვაძე ("სპარტაკი"), ტურნირის აღმოჩენა - ოთარ კვერნაძე ("დინამო"). ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "დინამოს" დუბლშემადგენლობის შემტევი გიორგი წენგუაშვილი დაასახელეს.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული