12:31 07-03-2016
ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0 - ქუთათურებს ვეღარ აჩერებენ [VIDEO]
AutoSharing Option
აჭარლებს მეორე წრეში კარგი სტარტი ჰქონდათ, რითიც ლიდერთა შორის მოხვედრის შანსიც გაუჩნდათ, მაგრამ... "ტორპედოსთან" მარცხმა მათ ამბიციებს ჯერჯერობით გასაქანი ვერ მისცა...
შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. "დავით აბაშიძეზე" შეკრებილი გულშემატკივრები უშეღავათო პაექრობას ელოდნენ. ტაიმის მესამედი ისე მიილია, მეკარეები საქმეში არ ჩართულან, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრის სიახლოვეს ტრიალებდა; მეტოქეები, თითქოსდა, ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ...
პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლის სტატუსით მოთამაშე ქუთაისელებმა შექმნეს - გიორგი კუხიანიძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. ორიოდე წუთში ისევ კუხიანიძემ იაქტიურა, რომელმაც ბექა ტუღუშის მისამართით დიაგონალური გადაცემა გააკეთა და ადრესატმა ვარდნაში ეფექტური დარტყმა შეასრულა - გოლი რომ გასულიყო, ალბათ, ჩემპიონატის მშვენებაც იქნებოდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც გარედან შეეხო ბადეს.
შემდეგ თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს მცირედით ასცდა. ორიოდე წუთში შეტევაში ჩართულმა ვაჟა ტაბატაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.
გუნდები ბურთს თანაბრად ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს მხოლოდ "ტორპედო" ქმნიდა. ტუღუში-კაპანაძე-კუხიანიძის სამსვლიანი კომბინაცია საჯარიმოს ხაზიდან ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი ხარიხას ოდნავ გადასცდა.
ტაიმის მიწურულს ერთი ხიფათი აჭარლებმაც შექმნეს - ნიკოლა კომაზეცის გამჭოლი გადაცემის მოგერიებას ვარდნაში ცდილობდა ბაქარ მირცხულავა, რომელსაც ფეხიდან ბურთი ხელზე აეჭრა. ზღვისპირელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა აბდულა ბასლეჰლომ თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც ბათუმელი ქომაგების გულისწყრომა გამოიწვია.
შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით განახლდა. ჯერ ტაბატაძემ სცადა ნომინალური სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მიხეილ ალავიძეს სწორი პოზიცია ეკავა და ბურთსაც იოლად დაეუფლა.
ქუთაისელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - 54-ე წუთზე ტაბატაძე მარჯვენა ფრთაზე შეტევაში ჩაერთო და გამოზომილი გადაცემით კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. "ელვამ" თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ბურთი ძელის გავლით ალავიძის კარის ბადეში გაახვია.
თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ბათუმელები უპირატესობის მოპოვებას შეეცადნენ, მაგრამ ტორპედოელები მათ საკუთარი კარის სიახლოვეს არ იკარებდნენ.
ვითარება მე-80 წუთზე დაიძაბა, როცა კუხიანიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ბათუმელს ხელზე შეეხო და პირითი ხაზი დატოვა. ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, სირიელმა არბიტრმა კი კუთხურისკენ მიუთითა. ამ დროს ქუთათურები შეცვლას ამზადებდნენ, მეოთხე მსაჯს ხელში უკვე ტაბლო ეჭირა, რის გამოც კუთხურის ალამთან მყოფი კლიმიაშვილი თანაგუნდელის შეცვლას დაელოდა, არბიტრმა კი ტორპედოელის მხრიდან დროის გაყვანა დააფიქსირა და კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით დასაჯა.
ამას რიონისპირელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება აღარ შეცვალა... უფრო მეტიც, ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
მატჩის უკანასკნელი წუთები ერთობ დაძაბულად წარიმართა. ბასლეჰლომ შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ამ დროის განმავლობაში ბათუმელები მთელი გუნდით უტევდნენ, მაგრამ რიონისპირელებმა თავი კარგად დაიცვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 კაპანაძე (54. ტაბატაძის პასით)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი (83. ფურცხვანიძე), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, საღრიშვილი (51. შინდაგორიძე), ტუღუში, კაპანაძე (88. ჭიჭინაძე).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ფანცხავა, კვარაცხელია, ო. კვერნაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, გოგიტიძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი, ქავთარაძე, შონია, დიასამიძე (55. ვარშანიძე), ფონიავა, გაბედავა, კომაზეცი (76. თევდორაძე).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქათამაძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, გ. კაშია
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: გაბედავა (25), ტუღუში (26), გოგიტიძე (61), ნერგაძე (69), მიხაილოვიჩი (74), კლიმიაშვილი (82), კუხიანიძე (90), ქავთარაძე (90)
გაძევება: შტელინი (83)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.
XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3
XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი
12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)
13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავტორი იყო სტადიონზე? საგოლე პასი ნერგაძემ გააკეთა - ტაბატაძე არაფერ შუაშია
0
0
ეგეტი კარგი თამაში კაი ხანია არ მინახია უმაგლეს ლიგაში,და რაც უხდება Fეხბურტს ყველაფერი ამ შეხვედღაში..და მსაჯობასაც ვერაფერს დაუწუნებდი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული