თორნიკე კაპანაძე: სეზონი ახლა რომ იწყებოდეს, "ტორპედო" სამეულში მოხვდებოდა

AutoSharing Option
თორნიკე კაპანაძეს "ელვა" შემთხვევით არ შეარქვეს: 23 წლის თავდამსხმელი მართლაც ელვასავით იქ ჩნდება, სადაც საგოლე მომენტი და ხიფათია. 19 წლის იყო, როცა თავი წყალტუბოს "სამგურალში" გაგვაცნო - 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.

პირველი ლიგის გუნდიდან ქუთაისის "ტორპედოში" აიყვანეს, საიდანაც ჯერ "ზესტაფონში" მოხვდა, მერე კი - "სამტრედიაში". მაგრამ ყველაზე მეტად თავი ისევ მშობლიური ქუთაისის გუნდში გამოიჩინა. უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ პირველივე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ამდენივე გოლი მიითვალა მიმდინარე ჩემპიონატშიც, ოღონდ, 14 მატჩში და კიდევ მეტის იმედადაა.

ზედიზედ მესამე შეხვედრაა,
ქუთაისის "ტორპედო" იგებს. გუნდმა სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორა. ამაში კი დიდი წვლილი სწორედ კაპანაძემ შეიტანა. მან სამივე შეხვედრაში გაიტანა: ჯერ მარტვილში, "ზუგდიდთან" მოგებულ მატჩში (2:0), მერე გასვლაზე გორის "დილასთან" (1:0) და ბოლოს გუნდს ბათუმის "დინამოსთანაც" (1:0) მოაგებინა.

თორნიკე კაპანაძე "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- მეორე წრე თქვენც კარგად დაიწყეთ და "ტორპედომაც". შემთხვევით არაფერი ხდება და, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- ერთი მიზეზი ისაა, რომ მეორე წრისთვის გუნდიც კარგად მოემზადა და პირადად - მეც. მეორე ისაა, რომ "ტორპედო" კარგად ათამაშდა და, რა თქმა უნდა, ეს ჩემზეც აისახება. მესამე და ერთ-ერთი მთავარი ის ფაქტორია, რომ ალექსანდრ შტელინი მენდობა და, ასე თუ ისე, მეც ვუმართლებ ამ ნდობას. რაც უნდა კარგად მოემზადო და ფორმაში იყო, მთავარი მაინც მწვრთნელის დამოკიდებულებაა - თუ არ გენდობა, თავს ვერ გამოიჩენ. ჩემთვის კი შტელინის დამოკიდებულება ბევრს ნიშნავს.

- გუნდისთვის სასარგებლო რომ იყავით, აქამდეც ვიცოდით. მაგრამ უფრო ხშირად, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდით...
- მწვრთნელია და ბუნება. შტელინი კი შეკრებებზეც მათამაშებდა და ჩემპიონატი რომ განახლდა, სულ ძირითადში ვარ. იმედია, დარჩენილ თამაშებშიც ასევე გაგრძელდება. სხვათა შორის, პირველ წრეში, 8 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში დავშავდი და თვეზე მეტი გამიცდა. მიხარია, მოედანზე იღბლიანად დავბრუნდი.

- რა შეცვალა შტელინმა გუნდში?
- უფრო ერთსულოვნები გავხდით. თითქოს, სათამაშო სტილი იგივეა, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ მან დეტალები გააუმჯობესა. აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა - შტელინი შეტევების სწრაფად წამოწყებასა და ერთი შეხებით თამაშს გვთხოვს. მართალიცაა - თანამედროვე ფეხბურთი ასეთია და ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი.

- ეპიზოდებში "დილასთან" სწრაფი შეტევების წამოწყება მართლაც კარგად გამოგდიოდათ...
- ეს ჩვენც მოგვეწონა, ასეთი ფეხბურთი უფრო სასიამოვნო სათამაშოა. რამდენად კარგად გამოვიყურებით, ეს სპეციალისტებმა შეაფასონ. მაგრამ ჯერ კონტრშეტევები უფრო გამოგვდის, ვიდრე კომბინაციური იერიშები.

- ქართველებს ბურთის უაზროდ თრევა უფრო გვეხერხება და "ერთ შეხებაზე" გადართვა არ გაგიჭირდათ?
- იოლი ნამდვილად არ არის და ვერ ვიტყვი, რომ მწვრთნელის მოთხოვნებს დღეს ბოლომდე ვასრულებთ. მაგრამ შტელინს კარგი თვისება აქვს იმ მხრივ, რომ გვეუბნება - ბურთის სწრაფი გადაცემისას თუ შეცდებით, არაფერია, მაგრამ დავალება შეასრულეთ და დღეს თუ ვერა, ხვალ უშეცდომოდ გააკეთებთო. სხვათა შორის, ასეთი ფეხბურთი ჩვენი მცველების დამსახურებაა, რადგან ტაბატაძე და ქიმაძე ფლანგებზე შეტევებს სწრაფად იწყებენ, ისევე, როგორც ცენტრალური მცველები - ნერგაძე და მირცხულავა. მიმაჩნია, რომ ისინი დღეს საქართველოს ჩემპიონატში მცველთა ერთ-ერთ საუკეთესო დუეტს ქმნიან. ბოლო 3 თამაშში გოლი აღარ გაგვიშვია და ესეც ამის დადასტურებაა.

- მესამეადგილოსან "სამტრედიას" 9 ქულით ჩამორჩებით. სხვაობა დიდია, მაგრამ წინ 11 ტურია და დაწევაც წარმოუდგენელი არ ჩანს...
- წარმოუდგენელი არა, მაგრამ ძნელი იქნება. ოღონდ, აქ ერთი მომენტია - ცხრილში ჩვენზე წინ მყოფი გუნდებიდან უმრავლესობას მეორე წრეში შინ ვეთამაშებით - "სიონს", "სამტრედიასა" და "ჩიხურას". გასვლაზე მხოლოდ "ცხინვალს" ვეთამაშებით. თბილისის "დინამოს", ცხადია, არ ვახსენებ, რადგან ის ძალიან წინ გაიჭრა...

მაგრამ სეზონი ახლა რომ იწყებოდეს, ან პირველ წრეში 5-6 ქულა უაზროდ რომ არ დაგვეკარგა, სამეულში მოხვედრა გაცილებით რეალური იქნებოდა. ახლა ქუთაისის "ტორპედოში" ძალიან კარგი ფეხბურთელები შეიკრიბდნენ და ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მიმაჩნია, რომ "ტორპედოს" ნებისმიერი ფეხბურთელი ბევრად ძლიერ ლიგაში ითამაშებდა.

- საინტერესოა თქვენი, როგორც საქართველოში მოთამაშე ერთ-ერთი ფეხბურთელის აზრი. როგორ მიიღეთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროგრამის განხორციელებას იწყებს?
- ძალიან კარგი რამ კეთდება და სერიოზული იმედი გამიჩნდა, რომ ჩვენი ფეხბურთი ამ მდგომარეობას თავს დააღწევს. პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა პრემირების სისტემა, რადგან ასე ჩემპიონატი უფრო სანახაობრივი გახდება. საერთოდ, ქართველ ფეხბურთელებს სულ გვაწუხებდა გაურკვევლობა, ეს პროგრამა კი სტაბილურობას მოიტანს, რაც ყველას ძალიან გვინდოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფრიად სასიამოვნოა..
lika evgenidze
17:24 15-03-2016
0
თორნიკე ასე გააგრძელე თამაში ვარიანტი არ არის ახალმა ნაკრების მწვრთნელმა არ შეგამჩნიოს. როგორც ქართული ფეხბურთის ქომაგი იმედიანად ვარ რადგან შენი გვჯერა ელვა.
დათო როსტოშვილი
17:20 15-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული