დინამო (თბ)-დილა 0:1 - თავდაყირა დამდგარი ლოგიკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანამ XXI ტურის მთავარ მატჩზე მოგითხრობდეთ, შესვენებისას მომხდარ ფაქტზე შევჩერდებით. თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დირექტორი პაატა კურტანიძე ორწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ეს იყო ბიზნესისთვის გაკეთებული ჟესტი, რომ მისი თანადგომა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...

თამაში კი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. თბილისის "დინამოს" რევანშის აღებაც სურდა, რადგან უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა პირველ წრეში თბილისელები შინ 2:0 დაამარცხეს. ამას გარდა, ლიდერის ამოცანა ამ სტატუსის განმტკიცებაც იყო, რაც თბილისურ გრანდს კიდევ უფრო მიაახლოებდა ჩემპიონის ტიტულთან.

თითქოს, ეს რეალურიც იყო,
რადგან "დილამ" ზედიზედ 4 თამაში ვერ მოიგო, კლუბი მოთამაშეებს 3 თვის დავალიანებებს ვერ უსტუმრებს და ფეხბურთელები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასეთ დროს, მოედანზე მთელი გულით და სულით ალბათ ვერ იბრძვი...

მაგრამ 17 მარტს, "დინამო არენაზე" მეორე წრეში წაუგებელი თბილისელები დამარცხდნენ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში სავსებით შესაძლებელია, ლოგიკა თავდაყირა დადგეს.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ერთგვარი სიურპრიზი მოამზადა - გუნდის ლიდერი ალექსანდრე იაშვილი სათადარიგოთა სკამზე დასვა. უჩა სოსიაშვილმა კი მეტოქეს "კატენაჩო" დაუპირისპირა და სწორედ ამით მოუგო. მან 4-2-3-1 განლაგება გამოიყენა, ოღონდ ფლანგებზე ამპლუით მცველები დააყენა - მარჯვნივ თემურ ღონღაძე, ხოლო მარცხნივ - გიგა სამხარაძე.

მოედანზე პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა დაძაბულობა. მხოლოდ ეს მიანიშნებდა, რომ ერთმანეთს ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი ეთამაშებოდა, რასაც ვერ ვიტყვით თამაშის ხარისხზე - ლიდერებისგან ბევრად უფრო შინაარსიან, ლამაზ და მოძრავ ფეხბურთს ველოდით. მაგრამ მთავარი მიზანია, გორელებს ტაქტიკამ გაუმართლა, "დინამოს" კი - ვერა.

იმის თქმა, რომ საწყის წუთებში მეტოქეები ერთმანეთს ზვერავდნენ, უაზრობა იქნება. რეალურად, ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა ხეირიანი შეტევა ვერ განახორციელა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი გორელებს 22-ე წუთზე ჰქონდათ და ისიც გოლით დაასრულეს. მარცხენა ფლანგიდან დავით კვირკველიამ აუტი მოაწოდა. ბურთი ოთარ მარცვალაძემ მიიღო, რომელმაც საჯარიმოში ჯერ რენე ფერეირა ჩამოიშორა იოლად, მერე ალეკო ამისულაშვილი და ვახტანგ ჭანტურიშვილი და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ თემურ ღონღაძეს უპასა. საბა ლობჟანიძემ "დილას" მოთამაშისთვის ხელი შეშლა კი სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა - ღონღაძემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:1.

"დინამო" გოლმა გამოაფხიზლა და უფრო მწვავედ შეუტია. იერიშის თავური დარტყმით დასრულებას ცდილობდა ჯერ ოთარ კიტეიშვილი, შემდეგ - ჭანტურიშვილი, მაგრამ "დილას" მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი გუშინ კარს ძალიან საიმედოდ და დამაჯერებლად იცავდა.

"დინამოს" მწვრთნელი იურაი იარაბეკი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და მეორე ტაიმში მარცხენა მცველ გიორგი გურულის ნაცვლად, მოედანზე თავდამსხმელი - ნიკა გელაშვილი შეიყვანა, ხოლო ლობჟანიძე - ალექსანდრე იაშვილით შეცვალა.

ამით დინამოელთა განლაგება 3-4-3 გახდა. იაშვილმა თავისი გუნდის თამაში დაალაგა, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და მეტ-ნაკლებად მწვავე მომენტებიც შექმნეს. ჯერ იაშვილმა სცადა კარის აღება და მუჯრიშვილს ვერ აჯობა, ხოლო ორიოდ წუთში ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში გიორგი ქვილითაია შენიშნა, რომლის თავურიც კარს მცირე მანძილით ასცდა.

63-ე წუთზე უკვე ჭანტურიშვილი დაემუქრა "დილას" კარს და კვლავ მუჯრიშვილმა ივარგა. გავიდა კიდევ ერთი წუთი და უჩა ლობჟანიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ნახტომში თავურით ურტყამდა კიტეიშვილი - ეს შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

67-ე წუთზე დინამოელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ იმ ეპიზოდში, როცა ქვილითაია დავით ხურცილავასთან შეჯახების შემდეგ წაიქცა. არბიტრი ლაშა სილაგავა წამიერად შეყოვნდა, მაგრამ 11-მეტრიანი მაინც არ დანიშნა და ალბათ - სამართლიანადაც.

გორელები, ძირითადად, საკუთარ საჯარიმოში იყვნენ ჩაკეტილები და კონტრშეტევების წამოწყებას იშვიათად თუ ახერხებდნენ. ერთი ასეთი იშვიათი ეპიზოდი მარცვალაძის სახიფათო დარტყმით დასრულდა, მაგრამ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ საიმედოდ ითამაშა.

ბოლო წუთებზე "დინამო" ქაოსურად, "ბრმა" გოლის იმედად უტევდა. ფლანგებიდან საჯარიმოში ბურთის ჩაკიდებას შედეგი არ მოუტანია - უჩა ლობჟანიძის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა, კიტეიშვილის ორივე მცდელობას კი ისევ და ისევ მუჯრიშვილი გადაეღობა და "დილამ" სასურველი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

ამით თბილისის "დინამომ" მოგებათა 12-მატჩიანი სერია შეწყვიტა. სულ კი, 26 სექტემბრის შემდეგ, როცა დედაქალაქელებმა "დილასთან" 0:2 წააგეს, 14 ტურში არ დამარცხებულან.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა):
"თბილისის "დინამოსთან" თამაშს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. ჩემი და გუნდის მიზანი იყო მაქსიმალური შედეგის მიღწევა, თამაშის მოგება და იმის დამტკიცება, რომ რეალურ ძალას წარმოვადგენთ. "დინამომ" ზედიზედ რამდენიმე თამაში მოიგო და აქედან გამომდინარე, "მეორე ნომრად" თამაში ვამჯობინეთ.

ორი რეალური მომენტი გვქონდა და ერთით ვისარგებლეთ. "დინამოს" კი ასეთი შანსი არ შეუქმნია. "დინამოსთან" სხვაობა 11 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ რეალურად, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი მცირეა. ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე თამაშია და იმედია, ამას მოვახერხებთ".

იურაი იარაბეკი (დინამო):
"გვსურდა, კარგად გვეთამაშა, მაგრამ პირველ ტაიმში გოლი გავუშვით. მერე თამაშის გამოსწორება ცვლილებებით ვცადეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც დავმარცხდით.

"დილამ" დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და კარს კარგად იცავდა, ჩვენ კი შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
17.01. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-დილა 0:1
გოლი: 0:1 ღონღაძე (22. მარცვალაძის პასით)
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე (46. იაშვილი), რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გურული (46. გელაშვილი), ჯიღაური, პარუნაშვილი (81. ჯანელიძე), ჭანტურიშვილი, ს. ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ქვილითაია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გველესიანი, ჭელიძე, არაბული
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, ქარქუზაშვილი (52. თომაშვილი), ბაგაევი, კვირკველია, ფალავანდიშვილი, ძარია, ღონღაძე, წიქარიძე (74. მოდებაძე), სამხარაძე, მარცვალაძე (86. მაშუკოვი).
სათადარიგოები: ლეგაშვილი, ლომიძე, ჩელებაძე, თექთურმანიძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (37), რენე ფერეირა (53)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ტურის სხვა მატჩები
18 მარტი, პარასკევი
სამტრედია-ზუგდიდი
სიონი-საბურთალო
ცხინვალი-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)
შუქურა-ლოკომოტივი

19 მარტი, შაბათი
საპოვნელა-კოლხეთი
გურია-მერანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ტოტალუზატორი ნებისმიერ თამაშზე შეიძლება ახსენო გარდა ამ თამაშისა
0
"მალადეც", ტოტალიზატორი!
გომა
11:04 18-03-2016
0

სიახლეები პოპულარული