საპოვნელა-კოლხეთი 0:0 - უგოლო დღე

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრე ორივე გუნდმა ცუდად (ოთხ-ოთხი წაგებით) დაიწყო, თუმცა გასულ ტურში "საპოვნელამაც" და "კოლხეთმაც" თავიანთი შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოიგეს და წაგებათა სერიას წერტილი დაუსვეს.

შეხვედრა ორივე მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თერჯოლელები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მათთვის თითოეული ქულა ძვირად ფასობს. ფოთელები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან და ქულების განიავების უფლება მათაც არ აქვთ.

შეხვედრა ფოთელთა უპირატესობით დაიწყო. კოლხებმა მეტოქეს სწრაფი ტემპი შესთავაზეს და ფლანგებსაც აქტიურად იყენებდნენ, მაგრამ გიორგი ნიქაბაძის სახიფათო
დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც მიზანს მცირედით ასცდა, სტუმრებს სადებიუტო წუთებში რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ.

აი, "საპოვნელა" კი ძალზე ახლოს იყო მატჩის პირველ გოლთან - მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ტყეშელაშვილის ჩაწოდებას ჯაბა დვალმა ეფექტური "მაკრატელა" მიაყოლა და ფოთელები გოლისგან ძელმა იხსნა. არადა, გოლი რომ გასულიყო, ტურის კი არა, საერთოდ ამ ჩემპიონატის მშვენება იქნებოდა...

თერჯოლელთა გამოცდილი ფორვარდი მომდევნო ეპიზოდებშიც მოხვდა ყურადღებიც ცენტრში, თუმცა მის კარგ გადაცემებს თანაგუნდელებმა შესაფერისი გაგრძელება ვერ მოუძებნეს.

საწყისი აქტიურობის შემდეგ ტემპი ფოთელებმაც დააგდეს. ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა და მეტი დასამახსოვრებელი ეპიზოდი პირველ ტაიმში არ ყოფილა.

მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ხან ერთ კართან დაიძაბებოდა ვითარება და ხან - მეორესთან. 62-ე წუთზე იმერლებს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ - დავით ოდიკაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ტანმაღალმა ტყეშელაშვილმა თავი შეაგება და ფოთელები გოლისგან ისევ ძელმა იხსნა.

ვალში არც ზღვისპირელები დარჩნენ - სიჭინავას ზედიზედ ორი კარგი მომენტი შეექმნა - ჯერ თუხარელის გადაცემის შემდეგ თითქმის პენალტის ნიშნულიდან ხეირიანად ვერ დაარტყა, ხოლო შემდეგ კი მისი ყუმბარისებური "ნასროლი" გიორგი სომხიშვილმა გაჭირვებით მოიგერია.

საპასუხო შეტევისას არ გაუმართლა დავით ბოლქვაძესაც, რომელიც კუთხურის შემდეგ კარში სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და კარს მცირედით ასცდა.

ბოლოს კი თერჯოლელები გადაურჩნენ აშკარა გოლს, როცა სიჭინავას მორიგი "სტანდარტულისა" და ნიქაბაძის თავურის შემდეგ ზურაბ ენდელაძემ ბურთი ცარიელი კარიდან მოიგერია.

მეტოქეთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდები უგოლო ფრეს დასჯერდნენ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
19.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-კოლხეთი 0:0
საპოვნელა: სომხიშვილი, ვაჭარაძე (46. ბანძელაძე), ნარიმანიძე, ზ. ენდელაძე, ოდიკაძე, ბერუაშვილი, ქათამაძე, ბოლქვაძე (77. მიქაბერიძე), მაკარიძე, დვალი, ტყეშელაშვილი (74. ბუხაიძე).
სათადარიგოები: გიორგაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, შარიქაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
კოლხეთი: სეფიაშვილი, ჟიშკარიანი, ჩაკვეტაძე, გოგონაია, ლემონჯავა, გურეშიძე, გიგაური, კვარაცხელია (14. სიჭინავა/89. პოლულიახი), ლ. კაკულია (65. თ. კაკულია), თუხარელი, ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, სანაია, ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ბოლქვაძე (67), ქათამაძე (78), ნარიმანიძე (87)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XXII ტური
1-ლი აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა

2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული