უმაღლესი ლიგა. მარტის ნომინანტები: უალტერნატივო და სამი პრეტენზია

AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, "ლელო" და კომპანია "ლიდერბეთი" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციასაც უნდა უწყობდეს ხელს. "თვის ფეხბურთელი" და "თვის მწვრთნელი" - აი, ამ ორ ნომინაციაში გამარჯვებულს ავლენს ყოველი თვის დამთავრების შემდეგ გაზეთი "ლელო", ხოლო კომპანია "ლიდერბეთი" ამ გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზებით აჯილდოებს...

ასე ხდება ყოველი თვის მერე, აი, სეზონის დამთავრების შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალი ბევრად უფრო მასშტაბური თუ პომპეზური იქნება: ისე, როგორც შარშან, ამ სეზონის დამთავრების შემდეგაც "ლელო" და "ლიდერბეთი", სულ მცირე, 13 ნომინაციაში
გამარჯვებულს გამოავლენენ. უცვლელი რჩება ამ ღონისძიების ჩატარების ადგილიც: თბილისში, ჭავჭავაძის 7-ში მდებარე "ბიბლუს გალერი"!

სწორედ აქ გაიმართება მარტის თვის ლაურეატთა დაჯილდოებაც, რომელთა ვინაობასაც ქვემოთ გაეცნობით; მანამდე კი წინა თვეების ლაურეატები გვინდა შეგახსენოთ:

აგვისტოში თბილისის დინამოელები - გია გეგუჩაძე (თვის მწვრთნელი) და ალექსანდრე იაშვილი (თვის ფეხბურთელი) გამოვარჩიეთ; სექტემბერში "დილას" წარმომადგენლები - უჩა სოსიაშვილი (თვის მწვრთნელი) და ირაკლი მოდებაძე (თვის ფეხბურთელი); ოქტომბერში - "შუქურას" მწვრთნელი თეიმურაზ შალამბერიძე და "დილას" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე; ნოემბერ-დეკემბერი კი გავაერთიანეთ და ისევ თბილისის დინამოელები ვაღიარეთ - "თვის მწვრთნელად" - გია გეგუჩაძე, "თვის ფეხბურთელად" კი - გიორგი ქვილითაია.

თებერვალიც დინამოელთა დომინირებით წარიმართა: "თვის მწვრთნელად" იურაი იარაბეკი დავასახელეთ, "თვის ფეხბურთელად" კი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის 11-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებული ალექსანდრე ამისულაშვილი.

ახლა კი, მარტის ლაურეატებზეც...

საუკეთესო მწვრთნელი: გია ცეცაძე
ნომინანტები
1. გია ცეცაძე (სამტრედია)
2. სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
3. უჩა სოსიაშვილი (დილა)

მარტის თვეში რამდენიმე გუნდმა სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა საკუთარ გულშემატკივარს: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ჩიხურამ" არცთუ იოლ მატჩებში 7 ქულა მოაგროვა და ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად რეალური განაცხადიც გააკეთა.

უამრავი პრობლემის (ფინანსური, საკადრო) მიუხედავად, ასევე წაუგებლად იასპარეზა ამ თვეში ჯერ კიდევ მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ". ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ უჩა სოსიაშვილის გუნდმა შეძლო და ამ სეზონში მეორედ მოუგო თბილისის "დინამოს" (თანაც - სტუმრად)...

...მეორე წრის დაწყებიდან უკვე 6 ტური გაიმართა და ორად ორი გუნდიღა დარჩა, წაუგებლად რომ აგრძელებს ასპარეზობას: "სიონი" და "სამტრედია"; ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, "სიონი" სტაბილურად კი გამოდის, მაგრამ ბოლნისელთა გუნდმა (მარტში საკადრო პრობლემები რომ მოეძალა) ამ ექვს თამაშში ოთხჯერ ფრედ ითამაშა; აი, "სამტრედია" კი არ ღალატობს საკუთარ სათამაშო სტილს და იმის გარდა, რომ წაუგებლად ასპარეზობს, ამ ექვსი მატჩიდან ხუთ შეხვედრაში გაიმარჯვა!

ჰო, მეორე წრის პირველსავე ტურში, გასვლაზე "შუქურასთან" რომ ფრედ ითამაშა, მას მერე გია ცეცაძის შემტევმა გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო; მოკლედ, არავის უნდა გაჰკვირვებოდა ჩვენი არჩევანი: მარტის თვეში ხომ მხოლოდ "სამტრედიამ" მოახერხა ქულათა მაქსიმუმის მოგროვება და ამ გუნდის თავკაცი გია ცეცაძე "თვის მწვრთნელად" დავასახელეთ!

...41 წლის სპეციალისტი უმაღლეს ლიგას ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ისიც კარგად გვახსოვს, თუ როგორ შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა 2010/11 წლების სეზონში გია ცეცაძის დამოძღვრილი "დილა".

მიზეზთა გამო ცეცაძეს გორელთა გუნდიდან წასვლა სეზონის მსვლელობისასვე მოუწია. მერე იყო წარმატებული მუშაობა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან და აი, შარშან ზაფხულში "სამტრედია" ჩაიბარა, სადაც გუნდის კაპიტნის, გიორგი დათუნაიშვილისა და მეკარე ომარ მიგინეიშვილის (ამ ზამთრის პაუზის დროს რომ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში) გარდა, ყველა დანარჩენი ფეხბურთელი... 25 წლამდე ასაკისაა.

"სამტრედიამ" გასულ თვეშიც შესაშური შედეგიანობა აჩვენა (სამ მატჩში - 13 გოლი) და საერთოდაც, სატურნირო ცხრილში ამ მაჩვენებლით მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება. არც ის არის შემთხვევითი, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზე "სამტრედიის" ორი ფორვარდიც აცხადებს პრეტენზიას: 25 წლის ირაკლი სიხარულიძე და 22 წლის ბუდუ ზივზივაძე (ორივეს - 12-12 გოლი აქვს გატანილი).

აღსანიშნავია, რომ სიხარულიძეს ერთ სეზონში ამდენი გოლი აქამდე არც ერთ გუნდში ასპარეზობისას (თბილისის "დინამო", "ვიტ ჯორჯია" , "მეტალურგი", "ზესტაფონი") არ გაუტანია, ხოლო ზივზივაძემ სულაც ამ სეზონში შეძლო უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლ(ებ)ის გატანა.

თუმცა, "სამტრედიაში" გოლების გატანა სხვა ფეხბურთელებსაც ეხერხებათ: როგორც ნახევარმცველებს (ავთანდილ ენდელაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, დავით რაჟამაშვილი), ისე - მცველებსაც (დაჩი ცნობილაძე, გიგი იოსელიანი, ნიკა სანდოხაძე, ბიძინა ცინცაძე).

აღარაფერს ვამბობთ "სტანდარტულების" უბადლო შემსრულებელზე, ლაშა შერგელაშვილზე, თუმცა ამ ფეხბურთელზე ცალკე ვისაუბრებთ; მანამდე კი გია ცეცაძის გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვინდა გამოვყოთ: 21 წლის ფორვარდმა დავით ჯიქიამ მიმდინარე ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და აქედან ოთხჯერ შეცვლაზე შესულმა გამოიჩინა თავი.

...გასული თვე "სამტრედიამ" მიმდინარე სეზონის სარეკორდო გამარჯვებით დაიწყო (8:2 - "საბურთალოსთან"); ამას მოჰყვა უჩვეულოდ დრამატული გასვლითი მოგება (3:2) უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "მერანთან": იმ შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, ამის შემდეგ კი მოვლენები კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლებოდა და საბოლოოდ, გია ცეცაძის გუნდმა ბოლო წამებზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.

მარტის ბოლო მატჩში კი "სამტრედია" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა "ზუგდიდთან" და ასეც მოხდა; ასეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ (როგორც მარტის თვეში, ასევე, საერთოდ, მეორე წრეში) კი მიმდინარე სეზონს დამატებითი ინტრიგა შესძინა. გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედია" მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "დილასთან" ერთად და ევროტურნირების საგზურის მოპოვების უკვე რეალურ კანდიდატადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "სამტრედიამ" მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა სეზონის პირველ სამეულში დამთავრება: 1994/95 წლების სეზონში მართლაც გამორჩეული შემადგენლობის მქონე გუნდმა II ადგილი დაიკავა; ის კი არა, ჩემპიონობის რეალურზე-რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ..

საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი ხარაიშვილი
ნომინანტები
1. გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო)
2. ლაშა შერგელაშვილი (სამტრედია)
3. მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)

"თვის მწვრთნელის" ნომინაციაში გია ცეცაძე, ფაქტობრივად, უალტერნატივო თუ იყო, აი, "თვის ფეხბურთელის" ლაურეატობაზე ერთდროულად სამ მოთამაშეს უნდა ჰქონოდა პრეტენზია. ეს კი არა, სამივეს თითქმის თანაბარი შანსი ჰქონდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ შიდასარედაქციო გამოკითხვის შედეგად, ლაურეატმა სულ მცირედით აჯობა დანარჩენ ორ კონკურენტს...

მარტის თვეში მართლაც გამორჩეული გახლდათ "ჩიხურას" 23 წლის გარემარბი (გნებავთ - ფლანგის ნახევარმცველი) მიხეილ სარდალიშვილი: უმაღლეს ლიგაში ერთადერთი ფეხბურთელი, გასულ თვეში გამართულ სამივე მატჩში რომ შეძლო გოლ(ებ)ის გატანა!

საერთოდაც, გასული თვე "ჩიხურამ" წარმატებით რომ ჩაატარა, ამ სწრაფი და ტექნიკური გარემარბის დიდი დამსახურებაც არის: საჩხერელთა გუნდმა მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა და აქედან ნახევარზე მეტი (5) სწორედ სარდალიშვილის ანგარიშზეა; ამ 5 გოლიდან სარდალიშვილმა თითო-თითო ბათუმის "დინამოსა" და "დილას" გაუტანა, ხოლო "ზუგდიდთან" სულაც დუბლი შეასრულა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სარდალიშვილმა მხოლოდ "ზუგდიდთან" მატჩი დაიწყო ძირითადში, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი შეცვლაზე შემოდიოდა და ისე გაჰქონდა გოლები.

სხვათა შორის, ამ ჩემპიონატში შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 5 გოლი სწორედ სარდალიშვილს აქვს გატანილი. საერთოდ კი, მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 8 გოლი გაიტანა, - ზუსტად იმდენივე, რაც წინა ოთხ სეზონში...

ისე, როგორც მთელ გუნდს, ასევე გამორჩეული თვე ჰქონდა "სამტრედიის" 24 წლის მარცხენაფლანგელ ლაშა შერგელაშვილს, რომელმაც, მიხეილ სარდალიშვილის მსგავსად, ასევე 4 გოლი გაიტანა მარტში ჩატარებულ სამივე მატჩში.

თუმცა, შერგელაშვილი ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ მარტში, ვინც ორჯერ შეასრულა დუბლი: ჯერ "საბურთალოს" კარში გაიტანა 2 გოლი, მერე კი "ზუგდიდთან" ორჯერ ჩინებულად შეასრულა "სტანდარტული".

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შერგელაშვილი ამპლუით... მარცხენა მცველია (ხანდახან მარცხენა ნახევარმცველიც) და ამის გათვალისწინებით, მართლაც შესაშურ მაჩვენებელთან გვაქვს საქმე.

ისე, შერგელაშვილისათვის "დუბლის" შესრულება "უცხო" ნამდვილად არ არის: "ტორპედოში" ასპარეზობის დროსაც გაუტანია ერთ მატჩში ორი გოლი...

მიხეილ სარდალიშვილისა და ლაშა შერგელაშვილის უმთავრესი კონკურენტი კი "საბურთალოს" ახალგაზრდა ლიდერი და კაპიტანი, 19 წლის გიორგი ხარაიშვილი იყო, ასევე ოთხი გოლი რომ გაიტანა გასულ თვეში.

ამ ოთხ გოლს კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი ის გვინდა ვთქვათ, რომ გიორგი ხარაიშვილი იმდენად შთამბეჭდავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში, რომ მართლაც უკონკურენტოა ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში: ამ ნიჭიერმა შემტევმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში თავის პირველსავე სეზონში უკვე 9 გოლი გაიტანა!

საქმე მხოლოდ გოლებში არ არის: 19 წლის ხარაიშვილი "საბურთალოს" ჭეშმარიტ ლიდერად ჩამოყალიბდა და როცა გუნდს ყველაზე კრიზისული პერიოდი ჰქონდა, სწორედ მაშინ გაიბრწყინა ინდივიდუალურად და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 4 გოლი გაიტანა მარტის თვეში (თანაც, მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა).

განსაკუთრებით, კი, რაღა თქმა უნდა, "გურიასთან" გამართული მატჩი უნდა გამოვყოთ, როცა "საბურთალომ" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ნანატრი გამარჯვება გუნდის ახალგაზრდა კაპიტნის გაბრწყინებით მოახერხა: იმ შეხვედრაში ხარაიშვილმა მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანა! აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი ჰეთ თრიკი არა მხოლოდ მარტის თვეში, არამედ, საერთოდ, მეორე წრის დაწყებიდან...

...გიორგი ხარაიშვილი ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, მერე 19-წლამდელებში, შარშან შემოდგომაზე უკვე 21-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, ახლახან კი ახალგაზრდული ნაკრების მაისურით პირველი გოლიც გაიტანა (სან მარინოს ნაკრების კარში, როგორც სჩვევია - ეფექტური დარტყმით).

ჰოდა, ნამდვილად არ არის შორს ის დღე, როცა ამ ნიჭიერ ახალგაზრდას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილავთ!..

მარტის ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სამტრედია 3 3 0 0 13-4 9
2. ჩიხურა 3 2 1 0 7-1 7
3. დინამო (თბ) 3 2 0 1 5-3 6
4. შუქურა 3 2 0 1 3-3 6
5. სიონი 3 1 2 0 4-1 5
6. დილა 3 1 2 0 2-1 5
7. კოლხეთი 3 1 1 1 2-1 4
8. საპოვნელა 3 1 1 1 3-4 4
9. ტორპედო 3 1 1 1 1-2 4
10. საბურთალო 3 1 1 1 6-10 4
11. დინამო (ბთ) 3 1 0 2 2-3 3
12. ლოკომოტივი 3 0 2 1 1-2 2
13. გურია 3 0 2 1 2-4 2
14. ცხინვალი 3 0 2 1 0-2 2
15. მერანი 3 0 1 2 2-5 1
16. ზუგდიდი 3 0 0 3 2-9 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gia martlac ro dzlieri treneria da samtrediis gunds rac sheexeba am etapze yvelaze dzlieri gundia.. da jurnalistis minda gamovexmauro, samtredia mxolod ertxel gaxldato sameulshio ai mashin samtredias chempionoba waart es da es gundi dinamo iyo... i edia gamoaqveynebt am komentars. Tan tankebi sheuyvanes stadionze da ise waagebines.
dato
14:28 30-03-2016
0

სიახლეები პოპულარული