უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის მერე ხშირად მოგვისმენია ხოლმე ქართველი მწვრთნელებისგან, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში გადაღლილები ჩამოდიოდნენ და ეს პატივცემული მწვრთნელებიც საკუთარი გუნდის წარუმატებლობას სწორედაც ამ "გადაღლილობას" უკავშირებდნენ.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით, თავის მართლება "ხმამაღლა" არავის დაუწყია, სამაგიეროდ, კვლავაც გვესმის უკვე ტრადიციადქცეული ფრაზები: იღბალმა დაგვაღალატა", "მსაჯობა ტენდენციური იყო", "შეთამაშება გვაკლია" და ასე შემდეგ...

თუმცა, ასეთებს ხომ მიჩვეულები ვართ და ის გაგვიკვირდება, ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა საკუთარი გუნდის წარუმატებლობის მიზეზები საკუთარ თავში რომ ეძებოს.

ისე, სამწვრთნელო თემას შემთხვევით არ შევეხეთ: არ
არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ერთდროულად რამდენიმე სამწვრთნელო გადაადგილების შესახებ რომ შევიტყოთ. ეგ კი არა, ერთ-ორ გუნდში, ალბათ, "მაქსიმალური ოპერატიულობით" მიიღებდნენ რადიკალურ ზომებს, მაგრამ აპრილის მართლაც გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, ეს სავარაუდო სამწვრთნელო ცვლილებები ოდნავ გვიან განხორციელდება.

თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში სხვა, თანაც ბევრად უფრო აქტუალური თემებიც არის და, ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გასული ტურის ცენტრალური მატჩის დროს (და - მატჩის დასრულების შემდეგაც) მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობთ.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამჯერად აღარ შევჩერდებით. არც იმის გარკვევას შევუდგებით, თუ რომელი გუნდის ქომაგებისგან იყო პროვოცირებული ის ხელჩართული ჩხუბი: ზოგი ხელს სულაც წესრიგის დამცველებისკენ იშვერს, ზოგი კიდევ "სხვა მიმართულებით" და ასე შემდეგ...

ფაქტი კი ერთია, რომ ამ ბოლო დროს ჩვენს სტადიონებზე (და მიმდებარე ტერიტორიებზე) კრიმინალი მომრავლდა. ეს ისეთი სიტუაციაა, როცა მხოლოდ სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ვერ იქნება საკმარისი. კრიმინალიც დასჯადი უნდა იყოს, თორემ დაუსჯელობის სინდრომმა, შესაძლოა, ბევრად უფრო მასშტაბურ სკანდალამდე მიგვიყვანოს...

ახლა კი გასულ ტურზეც, ქობულეთში მომხდარი ჩხუბის გარდა, სხვა ფაქტებითა თუ მოვლენებით რომ დაგვამახსოვრდა...

მომატებული შედეგიანობა
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, შედეგიანობის თვალსაზრისით, მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა: რვა მატჩში... 8 (რვა) გოლი გავიდა! საბედნიეროდ, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა და ასევე რვა ჩატარებულ მატჩში 20 გოლი გავიდა.

განსაკუთრებული ცვლილება არც ბომბარდირთა დავაში მომხდარა, იმის გარდა, რომ  "დილას" ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ გადაინაცვლა მეორე ადგილზე და გიორგი ქვილითაიას მხოლოდ 2 ბურთითღა ჩამორჩება.

აქვე, კიდევ ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ვთქვათ: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა (კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს რომ ატარებს) ჯაბა ჯიღაურმა მორიგი, მეთორმეტე (!) გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში!

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის შვიდ საუკეთესო ბომბარდირთა შორის ამპლუით ნახევარმცველი მხოლოდ ჯაბა ჯიღაურია, დანარჩენები კი, რაღა თქმა უნდა, ფორვარდები არიან...

მისაბაძი "სამტრედია" და საჩემპიონო ინტრიგა
ამ ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ორი გამორჩეული მატჩი გველოდა. ერთზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ (ოღონდ, არასაფეხბურთო კუთხით) და ისიც უნდა დავამატოთ, რომ ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სანახაობრივ დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ტრავმების ფონზე, ბათუმელებს ცდა არ დაუკლიათ, თავიანთთვის სასურველი შედეგისათვის რომ მიეღწიათ, მაგრამ მატჩის მიწურულს გაშვებული მართლაც კურიოზული გოლის გამო დამარცხდნენ.

ამ მოგებით თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო ტიტულისაკენ და უახლოეს მდევართან სხვაობაც უცვლელი დარჩა: 11 ქულა.

ეს "უახლოესი მდევარი" კი ტურიდან ტურამდე უმატებს და უკვე აღარც უნდა გვიკვირდეს ამ გუნდის მორიგი წარმატება: "სამტრედია", შინ თუ გარეთ, ყველას უგებს და ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით უსერიოზულესი განაცხადი გააკეთა ევროტურნირებზე მოსახვედრად.

გასულ ტურში გია ცეცაძის მიერ დამოძღვრილმა "სამტრედიამ" ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ "დილას" სტუმრად მოუგო;

ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ გია ცეცაძის (რომელიც უმაღლეს ლიგაში ამ სეზონის დაწყების წინ თითქმის ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა) პირველი გუნდი... "დილა" იყო, სადაც 2011/12 წლების სეზონის დასაწყისში მუშაობდა, ხოლო გორელთა გუნდის იმდროინდელ შემადგენლობაში დავით რაჟამაშვილიც (დღესდღეობით "სამტრედიის" წამყვანი მოთამაშე) გამოდიოდა. ჰოდა, "დილას" კარში მეორე და გადამწყვეტი გოლი სწორედ რაჟამაშვილმა გაიტანა...

სხვადასხვა სერია
ამ სეზონის "გუნდი-აღმოჩენა", რაღა თქმა უნდა, "სამტრედიაა" და ამის დასტურად ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლებიც გამოდგება: იმის გარდა, რომ გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, უკვე ათი შეხვედრაა, არ წაუგია!

სხვათა შორის, "სამტრედიის" გარდა, მეორე წრეში კიდევ ერთი გუნდი ასპარეზობს დაუმარცხებლად, თუმცა ვარლამ კილასონიას დამოძღვრილ "სიონს" ნამეტნავად მოუმრავლდა საყაიმო ანგარიშები: ორი მოგება და ხუთი ფრე.

თუმცა ფრეების სიმრავლეში კონკურენტი ნამდვილად არა ჰყავს ფინანსურ კრიზისში მყოფ "ცხინვალს" - მეორე წრეში უკვე 6 მატჩი დაასრულა საყაიმო ანგარიშით! ზამთრის პაუზის მერე "ცხინვალს" ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდს დაქვეითების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე წრეში კიდევ ერთ მოუგებელ გუნდზე: "ლოკომოტივს", საერთოდაც, უკვე 11 მატჩია არ გაუმარჯვია...

...ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობენ "გურია" და "მერანი", აი, "ჩიხურამ" კი მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და როგორც ადრე ვივარაუდეთ, სოსო ფრუიძის გუნდს რეალური შანსი გაუჩნდა, ევროტურნირებზე რომ გამოვიდეს ამ ზაფხულს.

გამორჩეული ფაქტები
მეორე წრის დაწყებიდან უკვე 7 ტური გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჰეთ თრიკი ვიხილეთ ("საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა რომ შეასრულა "გურიასთან").

სამაგიეროდ, თითქმის ყოველ ტურში არიან "დუბლის" შემსრულებელი ფეხბურთელები და გამონაკლისი არც ახლა მოხდა: "საბურთალოს" 22 წლის გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორედ მოახერხა ერთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა, ხოლო "ჩიხურას" 20 წლის ახალწვეულმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა საერთოდაც სადებიუტო "დუბლი" შეასრულა უმაღლეს ლიგაში.

..."შუქურას" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა აფაქიძემ საქართველოს ჩემპიონატში გოლი ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა. აი, ქვემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები სწორედ ამ ტურში გაიტანეს: არჩილ ტვილდიანმა (ბათუმის "დინამო"), პაატა ჭანტურიამ ("ზუგდიდი"), ანდრო გიორგაძემ ("მერანი"), გიორგი გამყრელიძემ ("გურია").

ამათგან უნდა გამოვყოთ "ზუგდიდის" 22 წლის ახალწვეული პაატა ჭანტურია, რომელიც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩს ატარებდა და ეს დებიუტი გოლითაც აღნიშნა.

სხვათა შორის, მის გარდა, გასულ ტურში კდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა: 21 წლის გიორგი ჭანუყვაძემ, 19 წლის გიორგი კალანდაძემ (ორივე - "შუქურა"), 20 წლის ავთანდილ ჯიხვაძემ ("საპოვნელა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბათუმმა შინ წააგო და 3-მი ფეხბურთელი სიმბოლურში მოხვდა,ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ორი,და ასევე გასვლითი თამაშებზე გამარჯვებული(ჩიხურამ ქუთაიში ტორპედო და სამტრედიამ სულაც გორში დილა დაამარცხა)და ამ გუნდებიდან ორ-ორი ფეხბურთელია შეყვანილი.ვერაფელი გავიგე რა....
romandro
12:50 05-04-2016
0
...............................................................
2) გთხოვთ საგაზეთო სტატიაში განიხილოთ,ხომ არ იქნება უკეთესი რომ ქულების დარიცხვის მეთოდიკა შეიცვალოს საქართველოში და მოვიდეს ახალი?
1) წაგება=0 ქულა
2) ფრე= 1 ქულა
3) გამარჯევბა 1 ბურთიანი სხვაობით=2 ქულა
4) გამარჯვება 2 და მეტი ბურთიანი სხვაობით უდრის =3 ქულა

ეს ძალაინ დიდი მასტიმულირებელი იქნება კლუბებისათვის ყველა ასპექტში. თამაში გახდება უფრო შემტევი და არა მიძინებული,დღეს რომ არის გამძღარი მატლებივით დახოხავენ მინდორეზე 20 წლის ბავშვები,ეს უმსგავსობა დამთავრდება
QWERTY
13:19 05-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული