უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
ბევრი ფიქრობს, რომ ეს დედაქალაქისა და რეგიონის გუნდების ურთიერთობის ტრადიციული ასახვაა, რაც ყველა ქვეყანაში ხდება და არავის უკვირს - პირიქით, ასეთი მატჩების და მისთვის დამახასიათებელი ქიშპის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელი და უემოციო იქნებოდა...
ჟორდანიას დილემა
1964 წელს, თბილისის "დინამოს" "ოქროს მატჩის" ჩატარება რომ მოუწია, ეს ქუთაისის "ტორპედოს" დამსახურება იყო. ჩემპიონატის დასრულებამდე მაშინ ქუთაისურ გუნდს ქართული ფეხბურთის პატრიარქი ანდრო ჟორდანია ავარჯიშებდა. სწორედ ჟორდანიამ გაუკვალა დიდ ფეხბურთში გზა მიხეილ მესხს, გიორგი სიჭინავას, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას, სერგო კოტრიკაძეს, შოთა იამანიძეს, გურამ ცხოვრებოვს, ვლადიმერ ბარქაიას, გურამ პეტრიაშვილს, ზაურ კალოევს, ილია დათუნაშვილს...
ასე რომ, 1964 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისელთა დამრიგებელს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ დილემა დაუდგა.
ერთი მხრივ, ქართულ გუნდს პირველად ჰქონდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის რეალური შანსი, რაც მისი ოცნება იყო. მეორე მხრივ, ვერც "ტორპედოს" გაწირავდა. ის ქუთაისში იმიტომაც დანიშნეს, რომ პირველი წრის შემდეგ გუნდი გავარდნის პირას იყო და უნდა გადაერჩინა...
პატიოსნებით განთქმულ კაცს აზრადაც არ მოუვიდოდა თამაშის დათმობა. საბოლოოდ, ჟორდანიამ და ქუთაისელებმა "დინამოს" ბრძოლა გამოუცხადეს და მატჩი 1:1 დასრულდა. როგორც ამბობენ, სწორედ აქედან იღებს სათავეს "დინამოსა" და "ტორპედოს" სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ისტორია.
ამ მატჩზე ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე დასწრების რეკორდი დამყარდა. მაშინდელი "სოვეტსკი სპორტის" ვერსიით, თამაშს 38 ათასი კაცი ადევნებდა თვალს, თუმცა სტაჟიანი ქუთაისელი ქომაგები ირწმუნებიან, რომ მატჩს, სულ მცირე, 45 ათასი ქომაგი ესწრებოდა. ამბობენ, სარბენი ბილიკებიც კი ხალხით იყო გადავსებულიო...
თავგატეხილი მეტრეველი
საბჭოთა ფეხბურთის მემატიანე აქსელ ვართანიანი თავის მემუარებში სხვაგვარ ვერსიას იხსენებს."ამ შეხვედრაში ყველა თავის პრობლემას წყვეტდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქუთაისელთა თავდამსხმელმა ვალერიან ჩხარტიშვილმა თბილისელთა მეკარე სერგო კოტრიკაძეს აუღებელი დაურტყა და ანგარიში გახსნა, მაგრამ რამდენიმე წუთში ილია დათუნაშვილმა რამაზ ურუშაძის კარი აიღო - 1:1.
არც თამაშის მძიმე ხასიათზე და არც ზედმეტ ემოციებზე მაშინდელი ქართულენოვანი პრესა არაფერს წერდა. მხოლოდ 3 ნოემბერს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით - "მალე ფინიშია", სადაც ავტორს, ზვიადაძეს, საინტერესო ფრაზა წამოსცდა: "ჩვენს ქალაქში ჩამოსულ "დინამოს" ისეთი "სტუმართმოყვარეობით" დახვდნენ, ქულა ძლივს გადაარჩინეს".
გარკვევით მხოლოდ პარტიულმა რუსულენოვანმა გაზეთმა "ზარია ვოსტოკმა" დაწერა. ანონიმური ავტორი მასპინძელთა მცველებს - სარჯველაძესა და წივწივაძეს, მესხთან და მეტრეველთან ორთაბრძოლებში მეტისმეტი სიხისტისთვის აკრიტიკებდა. მეტრეველმა მცირე ტრავმაც მიიღო. მაგრამ ავტორს მიზეზი აღარ დაუკონკრეტებია.
მერე თვითმხილველებისგან გახდა ცნობილი, რომ "დინამოს" თავდამსხმელს ტრიბუნიდან ნასროლი ქვით თავი გაუტეხეს", - წერს აქსელ ვართანიანი.
უცნაური მადლობა
საბოლოოდ, "დინამოს" მოსკოვის "ტორპედოსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარება მოუხდა და 1964 წლის 18 ნოემბერს პირველად მოიპოვა კიდეც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ქუთაისის "ტორპედომ" კი გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და გადამწყვეტ მატჩში, ასევე ტაშკენტში, ქუთაისელებმა გორკის (ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდი) "ვოლგა" 4:2 დაამარცხეს და გავარდნას გადაურჩნენ.
ანდრო ჟორდანიას ნათესავმა შოთა ფაღავამ "ლელოსთან" საინტერესო ისტორია გაიხსენა:
"დინამოსთან" ფრის შემდეგ კომუნისტებმა ანდროს "მადლობა" გადაუხადეს - სპორტკომიტეტიდან მოვიდა ბრძანება თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
მაგრამ ნაღდი მადლობა ქუთაისელმა გულშემატკივრებმა გადაუხადეს - ამ ბრძანებით აღშფოთებულები ანთებული ჩირაღდნებით აღმასკომის შენობას მიადგნენ. კომუნისტებს ფეხბურთის გამო სახალხო გამოსვლები რაში აწყობდათ და ანდრო აღარ გაათავისუფლეს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ორივე მცველი მეტად უხეშობდა. მაშინ მსაჯები დღევანდელივით მკაცრად არ სჯიდნენ, თორემ ერთიც და მეორეც გაძევებას იმსახურებდა (მესხს გამაშიც კი შემოახიეს).
ქვებით დარევა სისულელეა, არ ყოფილა!
საბოლოოდ გაგვიმართლდა, "დინამო" ჯერ ბანიკოვმა იხსნა და მერე ორივე გუნდმა გადათამაშებაში ივარგა.