უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

AutoSharing Option
"ლელოს" გუშინდელ ნომერში წინა ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს მომდევნო ტურზე უნდა ვისაუბროთ, ორ დღეში კი უკვე შემდეგ ტურზე მოგვიწევს ლაპარაკი და ასე უნდა გაგრძელდეს აპრილის ბოლომდე!

ვნახოთ, ვინ და როგორ გაუძლებს ასეთ გრაფიკს. ისიც საინტერესოა, თუ რამდენი მწვრთნელი შეინარჩუნებს თანამდებობას აპრილის ბოლომდე! ჰო, ეს მართლაც ძალზე აქტუალური თემა უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტემპით დაიწყო აპრილის თვეში სამწვრთნელო ცვლილებები: ერთგან - ოფიციალურად დაადასტურეს ახალი თავკაცის მისვლა, მეორეგან - "ლამაზად შეფუთ
ეს", ფაქტობრივად, აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის წასვლა...

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი აპრილში ჩატარებული მხოლოდ ერთი ტურის მერე მოხდა, დღევანდელი მატჩების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, კიდევ სხვა გუნდ(ებ)ში რომ შეიცვალოს მწვრთნელი; თანაც, ეს სამწვრთნელო ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებს არ ემუქრებათ.

ახლა კი, ალბათ, უკვე დროა, რომ დღევანდელ მატჩებზეც ვისაუბროთ: ერთი-ორი ისეთი შეხვედრაა, სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა რომ ექნება.

ერთი-ორი დაპირისპირება საინტერესო იმითაც უნდა იყოს, ესა თუ ის გუნდი რამდენად შეძლებს წარმატებული სერიის გაგრძელებას... ორ მატჩში ახალი მწვრთნელ(ებ)ის გამოჩენა უნდა იყოს საინტრიგო თემა, თუმცა, ყველასთან ბოდიში და, ერთი კონკრეტული შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებულია!

თანაც, ეს არ არის მხოლოდ "დღის თემა": გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყველა დაპირისპირება მართლაც სცილდება ჩვეულებრივ დაპირისპირებათა კატეგორიას და ამ შემთხვევაში ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ადგილზე იმყოფებიან ეს გუნდები კონკრეტული მომენტისათვის.

06.04. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
60: +30=15 -15, 105:59
პირველი წრე 1:1
...მერე რა, რომ "დინამო" დღესდღეობით 28 ქულით უსწრებს თავის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს; მერე რა, რომ ბოლო წლებში "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის საჩემპიონო მატჩები აღარ იმართება.

მერე რა, რომ სხვადასხვა დროს საჩემპიონო რბოლაში "დინამოს" კონკურენტთა სია იზრდებოდა თუ იცვლებოდა ("გურია", "გორდა", "ვიტ ჯორჯია", "სამტრედია", "ლოკომოტივი", "სიონი", "ოლიმპი", "ზესტაფონი", "დილა"), ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის ყველაზე პრინციპულ მეტოქედ მაინც "ტორპედო" რჩებოდა!

შეგახსენებთ, რომ სწორედ "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, ქართულ საკლუბო ფეხბურთში თბილისის "დინამოს" ათწლიანი ჰეგემონია რომ შეწყვიტა და მერე უკვე ქუთათურთა საყვარელი გუნდის ზეობის ხანაც დაიწყო, ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში რომ გრძელდებოდა (XXI საუკუნის დასაწყისში).

სწორედ იმ პერიოდში "მოინათლა" თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებები "ქართულ კლასიკოდ" და ასე გრძელდება დღემდე. ვინ მოთვლის, რამდენი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებიათ ერთმანეთში დღევანდელ მეტოქეებს, სკანდალიც მრავლად ყოფილა (როგორც - მოედანზე, ისე - ტრიბუნებზეც) და შეწყვეტილ-გაუქმებული შეხვედრებიც.

იმ ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, სხვადასხვა დროს ორივე გუნდის შემადგენლობაში რომ უთამაშიათ და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, კონკრეტული ფეხბურთელ(ებ)ის "ტორპედოდან" "დინამოში" გადასვლას (ან - პირიქით) სერიოზული რეზონანსიც რომ გამოუწვევია...

...თუმცა, ისტორიის გარდა, ძველი მეტოქეების დღევანდელი სატურნირო მდგომარეობაც არ უნდა დავივიწყოთ: "დინამო" ტურიდან ტურამდე უახლოვდება მორიგ საჩემპიონო ტიტულს, ხოლო "ტორპედოს" ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩის მერე, ფაქტობრივად, თეორიული შანსიღა დარჩა, ევროტურნირების საგზური რომ მოიპოვოს.

მაგრამ ქუთათურთა გუნდისათვის დღევანდელი მატჩი მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით ხომ არ იქნება მნიშვნელოვანი: ჩემპიონატსა და თასზე "ტორპედოს" უკვე 11 თამაშია, არ მოუგია თავისი პრინციპული მეტოქისათვის და ეს მოუგებელი სერია ოთხი წელიწადია, გრძელდება. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია: ჩემპიონატის გარდა, ძველი მეტოქეები თასზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მეოთხედფინალური მატჩი "დინამოს" გამარჯვებით (1:0, 2:1) დასრულდა.

რაც შეეხება ჩემპიონატში პირველი წრის დაპირისპირებას, ის, მართლაც, დრამატული მატჩი ფრედ (1:1) დამთავრდა: "ტორპედო" ძალიან ახლოს იყო, პრინციპულ მეტოქესთან ნანატრი გამარჯვება მოეპოვა (დათა სიჭინავას გოლით იგებდა), მაგრამ არბიტრის მიერ დამატებული მეოთხე (!) წუთი იწურებოდა, როცა ბაჩანა არაბულმა ანგარიში გაქვითა.

და აი, სეზონში მეოთხე დაპირისპირება, სადაც სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, ორივე გუნდის უცხოელი მწვრთნელების დუელსაც საკმარისზე მეტი ინტერესი უნდა გამოეწვია.

თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში აღარაფერი უნდა გვიკვირდეს და რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტიც, რომ "ტორპედოს" გამოცდილი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი... ავადმყოფობის გამო გუნდს დროებით (ორი კვირის განმავლობაში) ვერ დაეხმარება!

არადა, ძალიან საინტერესო იქნებოდა, შეძლებდა თუ არა უკრაინელი სპეციალისტი 13 წლის წინანდელი შედეგის გამეორებას: 2002/03 წლების სეზონის მეორე ეტაპზე ალექსანდრ შტელინის გაწვრთნილმა "ტორპედომ" სტუმრად 2:0 მოუგო ივო შუშაკის დამოძღვრილ თბილისის "დინამოს" (დუბლი შეასრულა ქართული საკლუბო ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ზურაბ იონანიძემ).

თუმცა, ეს მარცხი დინამოელთათვის მეტისმეტად მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო: ის სეზონი ხომ თბილისელთა გუნდის ტრიუმფით დამთავრდა და ამჯერად უკვე "დინამომ" დაამხო "ტორპედოს" სამწლიანი ჰეგემონია ქართულ ფეხბურთში.

დაბოლოს: "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი პირველად მიიღებს მონაწილეობას "ქართულ კლასიკოში"!..

06.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 16:00
სამტრედია-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
24: +8=3 -13, 30:43
დისკვალიფიკაცია: ვალერიან თევდორაძე (დინამო ბთ)
პირველი წრე 0:2
უკვე ყველა უნდა მიეჩვიოს იმ ფაქტს, რომ "სამტრედიის" ყველა მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს: გია ცეცაძის გუნდი ხომ კვლავაც აგრძელებს თავის მართლაც შთამბეჭდავ სერიას - ზედიზედ 6 მოგებული და 10 წაუგებელი მატჩი ჩემპიონატში!

აპრილის თვეში კი "სამტრედიას" მართლაც ურთულესი კალენდარი აქვს: ჩემპიონ "დილას" უკვე მოუგო, დღეს დაუპირისპირდება წინა სეზონის ვერცხლისმედალოსანს, ბათუმის "დინამოს", მერე იმერული "დერბი" "ტორპედოსთან" და, რაც მთავარია, მატჩი თბილისის "დინამოსთან"...

ბათუმის "დინამოს" სეზონის დაწყებიდან რომ უიღბლობა დასჩემდა, დღემდე გრძელდება და ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლესაც უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ შოთა ჭეიშვილის გუნდი ამჟამად VII ადგილზე იმყოფება.

თუმცა, IV ადგილამდე დიდი ჩამორჩენა ნამდვილად არ არის და საკადრო პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ევროტურნირების საგზურის მოპოვებაც შეიძლება.

06.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00
გურია-დილა
ურთიერთშეხვედრები:
24: +10 =6 -8, 37:38
დისკვალიფიკაცია: ირაკლი კვეკვესკირი (გურია)
პირველი წრე 0:5

ეს მატჩი ინტერესს იმიტომაც იწვევს, რომ ორივე გუნდი მეორე წრის განახლების შემდეგ წარუმატებლად ასპარეზობს. განსაკუთრებით კი, "გურიის" მარცხიანი სერია იყო მოულოდნელი: ზამთრის პაუზის დროს ლანჩხუთელებმა ხომ სარეკორდო რაოდენობის ლეგიონერები დაიმატეს და უცხოელი მწვრთნელიც ჩამოიყვანეს.

თუმცა, ამ ლეგიონერთა უმრავლესობამაც ვერ დააკმაყოფილა... ჩვენი ჩემპიონატის დონე და რუსი სპეციალისტიც, ვიქტორ დემიდოვიც აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელია. აი, მის ნაცვლად კი დღევანდელ მატჩში "გურიას" ზეგამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე გამოიყვანს, მწვრთნელი, რომელსაც საქართველოში უამრავი გუნდი (თბილისის "დინამო 2", "ვიტ ჯორჯია", "მერანი 91", "ლოკომოტივი", "სიონი", "კახეთი") გაუწვრთნია, ყველაზე დიდ წარმატებას კი "ზესტაფონსა" და "ოლიმპში" მუშაობის პერიოდში მიაღწია (ერთგან თასი მოიგო, მეორეგან - ჩემპიონობა).

ისიც საინტერესო ფაქტია, რომ თემურ მახარაძე უმაღლეს ლიგას ოთხწლიანი პაუზის მერე უბრუნდება: ბოლო გუნდი, სადაც ეს გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა, გორის "დილა" იყო (2011/12 წლების სეზონში) და სწორედ ამ გუნდთან მოუწევს დღეს დაპირისპირება.

არადა, ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონიც ვერ ასპარეზობს სტაბილურად, თუმცა ამას ბევრი მიზეზი აქვს (ერთ-ერთი - ფინანსური პრობლემებია) და "დილას" ახალგაზრდა თავკაცს, უჩა სოსიაშვილს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, თავისი გუნდის ფეხბურთელებს მოტივაცია რომ შეუნარჩუნოს.

ისე, "დილამ" თუ ქულები აქეთ-იქით გაფანტა, დიდი შანსია, რომ ევროტურნირების საგზურის გარეშეც დარჩეს...

06.04. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =1 -2, 8:9
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჯაფარიძე (ცხინვალი)
პირველი წრე 1:1

06.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 16:00
სიონი-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
17: +6 =5 -6, 15:17
დისკვალიფიკაცია: ვარლამ კილასონია-უმცროსი, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - სიონი)
პირველი წრე 1:3

06.04. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00. LIVE "აჭარა TV"-ზე
შუქურა-მერანი
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =0 -2, 3:5
პირველი წრე 2:1

06.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 16:00
საპოვნელა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 1:2
დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)
პირველი წრე 1:2

06.04. თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
ლოკომოტივი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
25: +13=4 -8, 42:39
დისკვალიფიკაცია: ბორის მახარაძე (ლოკომოტივი)
პირველი წრე 0:4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Nukri
14:58 06-04-2016

არ უჩვენებს აჭარა ტვ შუქურა- მერანის მატჩს!
jango
16:21 06-04-2016
0
ჩვენებით გამოირჩევიან მხოლოდ აჭარის ტელე და სილქ უნივერსალ,ესენი აჩვენებენ მხოლოდ საქ.ჩემპის
Nukri
14:58 06-04-2016
0

სიახლეები პოპულარული