საჩხერის "ჩიხურა" 24 წლის ჩერნოგორიელ ნახევარმცველ მარკო ვუკაშოვიჩს იმატებს

AutoSharing Option
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ დინო ჰამზიჩისა და ანეჟ ლოვრეჩიჩის შემდეგ საჩხერის "ჩიხურაში" კიდევ ერთი ბალკანელი ფეხბურთელი, ჩერნოგორიელი მარკო ვუკაშოვიჩი ითამაშებს.

"დიახ, ასეა. მისი მონაცემები ორი სანდო საერთაშორისო პროგრამის საშუალებით შევამოწმე. ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, აქვს კარგი გადაცემები და ამავე დროს, ბრძოლისუნარიანობითაც გამოირჩევა.

მნიშვნელოვანია, რომ თავის ბოლო კლუბში მოსამზადებელი ეტაპი გავლილი აქვს.

სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იმედია, ჩემპიონატის დარჩენილ ტურებსა და თასის ნახევარფინალში დაგვეხმარება. ჩვენი საზრუნავიც ეს იყო", - გვითხრა "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ.

მარკო ვუკაშოვიჩი 25 წლის ნახევარმცველია, სიმაღლით -
178 სმ. ბოლოს თამაშობდა უნგრულ "ვაშაშში", სადაც მიმდინარე სეზონის პირველ წრეში 15 მატჩი ჩაატარა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო - პირველი წრის 15 მატჩიდან 13-ჯერ მოხვდა სასტარტოში.

ვუკაშოვიჩმა კარიერა სერბული ნოვი სადის "ვეტერნიკში" დაიწყო (2008-11), შემდეგი სამი წელი (2011-13) ასევე სერბულ "პროლეტერში" გაატარა, ხოლო 2013-15 წლებში უნგრული "კეჩკემეტის" მოთამაშე იყო, სადაც 62 მატჩი ჩაატარა.

სხვათა შორის, ამ უნგრულ კლუბში მისი თანაგუნდელი გახლდათ "სამტრედიის" ამჟამინდელი შემტევი ნახევარმცველი გიგი იოსელიანი. ვუკაშოვიჩი უგუნდოდ იმიტომ დარჩა, რომ ზამთარში მისი გადაბირება პავლოდარის (ყაზახეთი) "ირტიშს" სურდა, მაგრამ საბოლოოდ, ყაზახებმა საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გოგიტა გოგუა აიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული