ტორპედო-სამტრედია 2:1 - სერია ქუთაისში შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყველაფერს აქვს დასასრული და "სამტრედიის" მოგებათა სერიაც დასრულდა. დასრულდა იმერულ დერბიში, პრინციპულ მეტოქე ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში. თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ტურის ერთ-ერთმა ცენტრალურმა შეხვედრამ ქომაგთა იმედები გაამართლა.

"სამტრედიამ" ამ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი, საყრდენი ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი მოისაკლისა, "ტორპედოს" კი არ ჰყავდა ცენტრალური მცველი ბაქარ მირცხულავა. თამაშის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა. როგორც გაირკვა, "სამტრედიის" ქომაგები იმ სექტორში არ მოთავსდნენ, სადაც მათი ადგილი იყო. პრობლემა მალე მოგვარდა.

გიორგი სუხიაშვილის მეთაურობით მოქმედმა "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბმა ყველა გააკვირვა. მასპინძელთა
შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიხილეთ. სათადაროგოთა სკამზე კი ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე რამდენიმე სახელიანი ფეხბურთელი აღმოჩნდა. "სამტრედია" ხომ ისედაც ძალიან ახალგაზრდული გუნდია...

მოკლედ, მინდორზე თავიდანვე საინტერესო ბრძოლა გაჩაღდა. ერთადერთი, რაც ფეხბურთელებს ხელს უშლიდათ, ძლიერი ქარი იყო.

პირველი ტაიმი სამტრედიელთა კარნახით წარიმართა. მთელ რიგ ეპიზოდებში გია ცეცაძის შეგირდები ლამაზ, კლასიან ფეხბურთს თამაშობდნენ. პირველი ხიფათი "ტორპედოს" კართან მე-11 წუთზე შეიქმნა, როცა ექსტორპედოელი თემურ მარკოზაშვილის მიერ შესრულებული სახიფათო დარტყმის შემდეგ ვითარება მცველებმა განმუხტეს.

მერე ისევ მარკოზაშვილი მოექცა ყურადღების ცენტრში. მის მიერ საჯარიმოში კარგად "დატრიალებულ" ბურთზე მცველებმა ივარგეს.

თამაში ხისტი იყო, ფეხბურთელები ხშირად მიმართავდნენ "წვრილი ფოლის" ტაქტიკას. ანგარიში კი 27-ე წუთზე გაიხსნა. ქუთათურებმა გაუმართლებლად დაკარგეს ბურთი თავიანთ ნახევარზე, რაც კარგად შეირგო "სამტრედიამ" - ბურთი შესანიშნავად გათამაშდა და დავით რაჟამაშვილმა საგოლე პასი უბოძა ბუდუ ზივზივაძეს, ვინც ახლო მანძილიდან უპრობლემოდ შეარხია მაქსიმე ქვილითაიას კარის ბადე.

სადღაც 30-ე წუთისთვის მასპინძლებიც გამოფხიზლდნენ. ჯერ თენგიზ ბრეგვაძის დარტყმა ასცდა კარს, მერე კი გურამ ადამაძემ შეასრულა ჯარიმა, თუმცა ბურთი მეკარე ომარ მიგინეიშვილის (კიდევ ერთი ექსტორპედოელი) ნადავლი გახდა.

36-ე წუთზე "სამტრედიას" გატანა შეეძლო - რაჟამაშვილის შორეული დარტყმა, რიკოშეტი და... "ტორპედო" ბეწვზე გადარჩა. მერე დავით ჯიქიას გამჭოლი, სახიფათო პასი არ მიუშვეს მცველებმა იმავე რაჟამაშვილამდე.
ტაიმის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა ანგარიში გათანაბრდა. "ტორპედოს" რიგებში საუკეთესო ლაშა შინდაგორიძემ კარგად ჩაუწოდა თორნიკე კაპანაძეს, რომელიც ორ მცველს შორის გაძვრა და ახლო მანძილიდან აიღო სამტრედიელთა კარი.

მეორე ტაიმი პირველისგან აშკარად განსხვავებული იყო. "სამტრედიამ" ვეღარ ითამაშა ის ფეხბურთი, რაც პირველ ტაიმში ან თუნდაც ბოლო მატჩებში ვნახეთ. "ტორპედომ" კი, შინაური კედლების ფაქტორიდან გამომდინარე, ძალიან მოინდომა.

ქუთათურთა გამარჯვებაში, გონივრული და დროული შეცვლებით, თავისი წილი დაიდო სამწვრთნელო შტაბმაც. 50-ე წუთზე შინდაგორიძის დარტყმა ზემოდან გადასცდა სამტრედიელთა კარს. მერე სტუმრებს ჰქონდათ კარგი მომენტი. 64-ე წუთზე ავთო ენდელაძე მარჯვენა ფლანგზე დაუსხლტა მცველებს და ზივზივაძემ ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ შეაგდო.

მე-80 წუთზე "ტორპედომ" გამარჯვების გოლი შეაგდო და ამ შემთხვევაშიც შინდაგორიძემ იაქტიურა. ამას დაერთო ერთ-ერთი სამტრედიელი მცველის შეცდომა და შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა ვაჟა ტაბატაძემ თავისიანებს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

წესით, გუნდს სულ მალე უნდა დაუბრუნდეს უკრაინელი დამრიგებელი ალექსანდრ შტელინი. იმასაც ამბობენ, მისი ქუთაისური კარიერა დასრულებულიაო. ფაქტია, გუშინ "ტორპედო" თამაშზე გიორგი სუხიაშვილი-მიხეილ აშვეთიას ტანდემმა გაიყვანა. მოკლედ, ერთად ვნახავთ, რა და როგორ იქნება ქუთაისურ კლუბში.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
10.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სამტრედია 2:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (27), 1:1 კაპანაძე (43), 2:1 ტაბატაძე (80)
ტორპედო: მ. ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, ჭიჭინაძე, მამასახლისი (77. კვერნაძე), საღრიშვილი (56. კლიმიაშვილი), კაპანაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე, ქიმაძე, ბრეგვაძე (65. ტუღუში).
სათადარიგოები: კვასხვაძე, ბაბუნაშვილი, ნიკონოვი, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: გიორგი სუხიაშვილი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, ენდელაძე (83. ახალაძე), მარკოზაშვილი (59. სიხარულიძე), რაჟამაშვილი, ზივზივაძე, ჯიქია.
სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, კერძევაძე, იოსელიანი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ტაბატაძე (40), ადამაძე (69)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

XXIV ტური
11 აპრილი
ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა

თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი

XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი

16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)

17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედია ამ ეტაპზე დზლიერი გუნდია მერე რო წააგო. Qარი იყო და ვერ იტამაშეს კომბინაციური პეხბურტი
dato
23:36 11-04-2016
0
qutaisma ro mica tamashi sachxeres is rogor iyo rato arapers wert... vitom jurnalistebi ro xart.. naxevarze meti gaketebuli tamashebi ro ari.. gushin qobuletma zugdids mica da batumma gurias.. magari chempionatia da dinamo msajebit xdeba chempioni.
0

სიახლეები პოპულარული