11:30 12-04-2016
საბურთალო-ლოკომოტივი 0:0 - უგოლო თბილისურ-ესპანური დერბი [VIDEO]
AutoSharing Option
გუშინ ამ გუნდების ბოლო წლების დაპირისპირებებში პირველად მოხდა, რომ კარის ბადე არ შერხეულა. ამას გარდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მატჩი იყო, როცა ორივე მეტოქის მთავარი მწვრთნელი ესპანელი იყო - "საბურთალო" პაბლო ფრანკო მარტინმა, ხოლო "ლოკომოტივი" ჟერარდ სარაგოსა მულეტმა გაიყვანა მინდორზე.
ანგარიშმა არ მოგატყუოთ - საგოლე მომენტი იმდენი შეიქმნა, ბარე ორ თამაშს ეყოფოდა, მაგრამ შემტევებს სიზუსტე აკლდათ. პირველ ნახევარში "ლოკომოტივის" მცირე უპირატესობა იგრძნობოდა - სტუმრები ბურთს უფრო მეტად ფლობდნენ, აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტებზე იმავეს ვერ ვიტყვით.
"რკინიგზელებმა" პირველი სახიფათო შეტევა მე-15 წუთზე წამოიწყეს. დავით ჩაგელიშვილმა საჯარიმოს ცენტრთან ბაჩანა ცხადაძე მოძებნა, ამან კი - დავით უბილავა, რომლის დარტყმული მეკარე ოთო გოშაძემ მოიგერია. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ორივე მეკარემ თამაში ძალიან კარგად ჩაატარა.
სტუმართა ლამის ყველა შეტევას გიორგი ხარაიშვილი იწყებდა, რომელიც ჯერ თავად შეეცადა მეტოქის კარის აღებას და შორი მანძილიდან დაარტყა (რევაზ თევდორაძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია), ხოლო 32-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გახსნილ გიორგი ფანცულაიას ბურთი საჯარიმოში შეაყოლა - ეს უკანასკნელი მცველს გასცდა და მახვილი კუთხით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა თევდორაძე კარიდან დროულად გამოვიდა და სიტუაცია განმუხტა.
36-ე წუთზე სტუმართა მცველებმა საჯარიმოში ბურთი ვერ მოიგერიეს, იქვე მყოფმა გურამ გოშთელიანმა კი მოულოდნელად დაჰკრა, თუმცა - არაზუსტად.
სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა ლოკომოტიველი გეგა დიასამიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა და ამით ტაიმიც დასრულდა.
მეორე ნახევარში "საბურთალომ" თამაში გამოასწორა, თუმცა 3 ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "ლოკომოტივიც" არ ჩერდებოდა და სწრაფი ტემპის რა გითხრათ, მაგრამ საკმაოდ კარგი სანახაობა კი გამოვიდა. საგოლე მომენტებიც ხშირად იქმნებოდა.
თამაში ახალი განახლებული იყო, როცა ხარაიშვილმა ("საბურთალოს" კაპიტანი ძალიან აქტიურობდა) მეკარესთან პირისპირ დატოვა ფანცულაია, რომელმაც ფეხი უხერხულად მოიქნია და ვერც ეს შანსი გამოიყენა.
მერე ლოკომოტიველმა დიასამიძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ ბურთმა კვლავ სანტიმეტრებში ჩაუქროლა კარს. მალე მან კიდევ ერთხელ შეუტია და მასპინძლები გოშაძემ გადაარჩინა. გავიდა კიდევ ერთი წუთი და ჩაგელიშვილი კარგად გაიხსნა, საჯარიმოში შეიჭრა და ახლო მანძილიდან დაარტყა - გოშაძემ კვლავ უნაკლოდ ითამაშა. ცოტა ხანში მშვენიერი მომენტით ვერც ცხადაძემ ისარგებლა.
67-ე წუთზე უბილავას ფლანგური გადაცემის თავით დაგვირგვინება კვლავ ჩაგელიშვილმა სცადა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა. ერთ წუთში უკვე თავად უბილავა უტევდა, თუმცა ვერც მან გაასწორა მიზანი.
ამის შემდეგ უფრო ეფექტურად "საბურთალომ" შეუტია. თამაშში თამამად ჩაერთო შეცვლაზე შესული გიორგი კოხრეიძე, რომელმაც ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გოშთელიანი, მაგრამ... ამ უკანასკნელმა ახლო მანძილიდან თავისიანების დაწინაურება ვერ შეძლო.
აქვე ერთი გადახვევა - გოშთელიანს ბოლო ერთ წელიწადში იმხელა დატვირთვა ჰქონდა, ეტყობა გამოიფიტა და ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. თუმცა კარგია, რომ ენდობიან და ათამაშებენ - ნიჭიერია და ადრე თუ გვიან ძველ კონდიციებს უთუოდ დაიბრუნებს...
...73-ე წუთზე ხარაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი ჩაგელიშვილს აართვა და კარისკენ დაუმუშავებლად, თუმცა ძლიერად და ზუსტად დასცხო - თევდორაძის რეაქცია დროული იყო.
მატჩის ბოლოს ხარაიშვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მასპინძელთა კაპიტანმა დაახლოებით 20-მეტრიანი სოლო-რეიდი განახორციელა, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ცაციათი ძლიერად დაარტყა - "ლოკომოტივის" მეკარე გუშინ უნაკლო იყო.
ბოლო წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი რეალური და თან გამარჯვების შანსი მიეცათ, როცა ალეკო მზევაშვილმა კარის წინ ჩაგელიშვილი დატოვა, მაგრამ...
მატჩის შემდეგ
პაბლო ფრანკო მარტინი (საბურთალო):
"მნიშვნელოვანი და რთული თამაში იყო. "ლოკომოტივი" პრესინგს ჩვენს ნახევარზე ახორციელებდა და საკუთარი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ გვაძლევდა.
პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ - საგოლე მომენტი მხოლოდ ერთხელ შევქმენით. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, მეტოქეს ნაწილობრივ ჩვენი თამაში მაინც მოვახვიეთ თავს და მომენტებიც შევქმენით.
თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით. ალბათ, მიზეზი ისიც იყო, რომ იაშვილმა სიცხიანმა ითამაშა. მაგრამ რას ვიზამთ - მისი შემცვლელი არ გვყავს. მარცხნივ კი სოფრომაძე დავაყენეთ, რადგან ნადარაია სულ სამი დღეა, რაც ვარჯიშობს. თუმცა, ამით თავს არ ვიმართლებ - ორივემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი ქულა მაინც მოვიპოვეთ".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
11.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
საბურთალო-ლოკომოტივი 0:0
საბურთალო: გოშაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, სოფრომაძე - ტერა - ბიძინაშვილი (35. კოხრეიძე), ხარაიშვილი, ცაცკრიალაშვილი (61. ალთუნაშვილი), ფანცულაია - გოშთელიანი (87. რუხაძე).
სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, მამუჩაშვილი, გვარაძე, ნადარაია
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ჩიტეიშვილი (76. გაბაძე), გეთიაშვილი, ცხადაძე (80. გავაშელიშვილი), დიასამიძე (53. მზევაშვილი), ქიქავა, ჩაგელიშვილი, მახარაძე, უბილავა, სამურკასოვი.
სათადარიგოები: კუპატაძე, კიკნაძე, არდაზიშვილი, კიკაბიძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილებები: მარგველაშვილი (29), მახარაძე (45), ხარაიშვილი (70), მზევაშვილი (72)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი
16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)
17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული