ვარლამ კილასონია: ჩემი ავადმყოფობა ისეთია, არ უხდება ხშირი მგზავრობა

AutoSharing Option
ვარლამ კილასონია "სიონს" აღარ გაწვრთნის, მის ნაცვლად ბოლნისურ გუნდში არმაზ ჯელაძე იმუშავებს. "ლელო" კომენტარისთვის "სიონის" გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს დაუკავშირდა.

"ეს გადაწყვეტილება ორმხრივი განსჯის შედეგად მივიღეთ. აქ ორი მთავარი მიზეზია - ვარლამ კილასონიას ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ კილასონიამ ძალიან ბევრი გააკეთა "სიონისთვის". ჩვენ ვრჩებით მეგობრებად...

"სიონს" სეზონის ბოლომდე არმაზ ჯელაძე გაწვრთნის. მას გიგა ნიკურაძე დაეხმარება. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ მათ და გვჯერა, მათი მუშაობა წარმატებული იქნება", - გვითხრა ბურდულმა.

ამ ეტაპზე "სიონის" არჩევანი ერთობ ლოგიკურად
მოჩანს. ჯერ ერთი, სეზონის ენდშპილი ახლოვდება და ამ დროს ძალიან რთულია თავისუფალი და, ამავე დროს, კვალიფიციური მწვრთნელის პოვნა.

არის მეორე მომენტიც - 42 წლის არმაზ ჯელაძე ბოლნისურ კლუბში შინაური კაცია. სწორედ ის სწევდა აქამდე კილასონიას ასისტენტის ჭაპანს.

საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე მყოფ "სიონს" ძალიან საპასუხისმგებლო ჟამი უდგას. გუნდი ევროასპარეზზე გასვლას ცდილობს და, ამავდროულად, საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალშიცაა გასული, სადაც მეტოქედ პირველი ლიგის ბინადარი, თბილისური "ვიტ ჯორჯია" ჰყავს.

თავის მხრივ, კილასონიამ მადლობა გადაუხადა "სიონის" ყველა თანამშრომელსა და ფეხბურთელს გვერდში დგომისთვის:

"მთავარი მიზეზი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ჩემი ავადმყოფობა ისეთია, არ უხდება ხშირი მგზავრობა.

"სიონს" კი ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მათ შორის - საქართველოს თასის მოგებასა და ევროპის
ლიგაზე გასვლას", - გვითხრა კილასონიამ.

საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა მწვრთნელი:

"თითქმის გადაწყვეტილია, რომ "რუსთავს" ჩავიბარებ. სტადიონთან ახლოს ვცხოვრობ და არ მომიწევს ხშირი მგზავრობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ჯანმრთელად ამჯოფოს! წარმატებები!!!
გუჯა კახაძე
13:40 13-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული