თემურ მახარაძე: ახლა "გურიისთვის" თითოეული თამაში ფინალის ტოლფასია

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიის" ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ პირველივე ტურში გაამართლა იმედები - ბათუმის "დინამოსთან" გასვლით შეხვედრაში გურულებმა სენსაციური გამარჯვება (2:1) მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორეს. ჩემპიონატის ფინიშამდე 6 ტურით ადრე "გურიისთვის" ეს ფასდაუდებელი 3 ქულა იყო.

დანიშვნის შემდეგ მახარაძე მედიასთან კონტაქტს ერიდებოდა, თუმცა "ლელოსთან" დუმილი დაარღვია...

- "დიდ ავიაციას" ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით...
- "გურიის" მწვრთნელად კი დავინიშნე, მაგრამ ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გამიფორმებია.

- აბა, რა სტატუსით მუშაობთ?
- ერთი კვირაა, რაც გუნდში ვარ, ბიჭებს ბათუმელებთან თამაშისთვის ვამზადებდი, ცხადია - მთავარი მწვრთნელის სტატუსით. მაგრამ თანამშრომლობას ჯერ ოფიციალური სახე არ მისცემია.

- კონტრაქტს არ გთავაზობენ?
- სურვილი გამოხატეს და ხელშეკრულებაც შემომთავაზეს.

- ასისტენტებად ვინ შეარჩიეთ?
- სიახლე საჭირო არ იყო, მალხაზ არზიანი და მეკარეთა მწვრთნელი გია გოგუა გუნდში დარჩნენ. ასე რომ, ერთად ვიმუშავებთ.

- რეალურად, "მეხანძრის" როლში ხართ...
- ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა, ასეთ მდგომარეობაში მუშაობა - მით უმეტეს. ჩვენ წაბორძიკების უფლება არ გვაქვს, რადგან ბოლოადგილოსნების სუნთქვას ვგრძნობთ. გარდა ამისა, ურთულესი მატჩები დაგვრჩა - ბოლო ექვს ტურში ვხვდებით ქუთაისის "ტორპედოს", "ცხინვალს", "ჩიხურას", თბილისის "დინამოს", "სამტრედიას" და "კოლხეთს". ჩვენი ამოცანა ამით კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ ბათუმის "დინამოსთან" წაგება უმაღლეს ლიგასთან გამომშვიდობების ტოლფასი იქნებოდა. წაგება კი არა, ფრესაც კატასტროფულ შედეგად ჩავთვლიდით.

- მერე? ამ რისკზე რატომ წახვედით?
- მწვრთნელი მხოლოდ აწყობილ გუნდში არ მიდის. თავადაც გურული ვარ, ამ გუნდის მიმართ დიდი სიმპათია მქონდა და მსურდა, გაჭირვებაში ლანჩხუთელებს გვერდში დავდგომოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად მუშაობის ინტერესიც მქონდა. პლუს ამას, ძალიან მეიმედება ლანჩხუთელი გულშემატკივრების, რომლებიც სტადიონზე მრავლად დადიან და მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ძლიერი ქომაგები არიან.

- ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ რა ტაქტიკა შეარჩიეთ?
- თბილისის "დინამოსთან" ჩვენი მეტოქის თამაში ვნახე და გავაანალიზე. აშკარა იყო, რომ ბათუმელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათ თბილისელებისთვის არაფერი დაუთმიათ და რომ არა კურიოზული გოლი, იმ მატჩს არ წააგებდნენ. მათ წინააღმდეგ 5-3-2 სქემით ვითამაშეთ. მიხარია, რომ ამან გაამართლა და გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

- ზამთარში "გურიის" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ბევრი ლეგიონერი მიიწვიეს. თქვენი აზრით, ფეხბურთელები რა მდგომარეობაში არიან?
- ბიჭები დათრგუნულები იყვნენ, რადგან შინ 9-კაციან "ლოკომოტივს" ვერ მოუგეს. ასევე, ფრედ ითამაშეს მარტვილის "მერანთან", გასვლაზე კი "ზუგდიდთან" წააგეს. ამ შემთხვევაში, მთავარი იყო არა ფიზიკური მომზადება - ამას სეზონის მსვლელობისას ვერც მოვახერხებთ, არამედ ფეხბურთელების ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოყვანა. პლუს, ტაქტიკურადაც უნდა გავძლიერდეთ. ახლა ჩვენთვის თითოეული თამაში ხომ ფინალის ტოლფასია.

- ბოლოს 2015 წელს "სასკოში" მუშაობდით...
- ეს მუშაობად ვერ ჩაითვლება, რადგან ერთ თვეში გუნდი საკუთარი ნებით დავტოვე. რეალურად, ბოლო გუნდი გორის "დილა" იყო, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე და ლიგაში ადგილი შევუნარჩუნე... მაგრამ 2012 წლის მარტში დავემშვიდობე.

- მოთამაშის არ იყოს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფორმაში შესვლა მწვრთნელებსაც უჭირთ. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ევროპულ თამაშებს ვუყურებდი, ვაანალიზებდი, ყოველდღიურად ვეცნობოდი სამწვრთნელო მეთოდებსა და ტენდენციებს. მოკლედ, უფეხბურთოდ წამით არ მიცხოვრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
maxaradze kai gunds gaaketebs
pepe
14:21 14-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული