[ოთხშაბათის საკითხავი] უფესვო ხეები, ანუ რევოლუცია ტკივილის გარეშე არ მოდის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თქვა, რომ მომავალი სეზონიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვერ ითამაშებს კლუბი, რომელსაც არ ექნება ლიცენზია. ეს ამბავი ბეჭედდასმულია და არაფერი შეიცვლებაო, ესეც დაამატეს "ქართული ფეხბურთის სახლის" ბინადრებმა...

რომ არ იყოს გარდაქმნა მხოლოდ გარდაქმნისთვის...
ლიცენზირების კრიტერიუმი ხუთია: სპორტული, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ფინანსური.

სათაურში სიტყვა "რევოლუცია" ტყუილად როდი გამოვიტანეთ. ჩვენს უმაღლეს ლიგაში ბევრი ისეთი კლუბი როდი გვეგულება, რომელიც ამ პროცესს წარმატებით გაივლის.

ლიცენზირების ამბავი ადრეც ხშირად გვესმოდა, თუმცა ბოლო წამს ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს ლოიალობა გადასძალავდათ ხოლმე.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამჯერად
ასე აღარ იქნება და ესა თუ ის კლუბი უმაღლესში შეპირებისა და, თუნდაც, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ვეღარ ითამაშებს.

რა თქმა უნდა, ეს ძალზე მტკივნეული პროცესია, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ რევოლუციურ გარდაქმნას ტკივილი მუდამ ახლავს. ქართული ფეხბურთი კი ახლა ისეთ დღეშია, რომ "გარდაქმნა მხოლოდ გარდაქმნისთვის" საქმეს ვერ უშველის.

სხვანაირადაც რომ არ გამოდის?
ბუნებრივია, ჩვენ გვაწუხებს იმ გულშემატკივრის ბედი, რომელიც უმაღლესი ლიგის მატჩების გარეშე დარჩება. გვაწუხებს იმ ფეხბურთელების ბედი, ამ გუნდებში რომ თამაშობენ, მაგრამ ყველაზე მეტად ქართული ფეხბურთის მომავალი სვე გვაწუხებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

სწორედ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშოს მხოლოდ იმ კლუბმა, რომელსაც აქვს სტადიონი, აქვს ელემენტარული ფინანსური პირობები, მოწესრიგებული აქვს საშტატო საკითხები და აქვს აკადემიაც, რომელიც, ასე თუ ისე, ნორმალურად ფუნქციონირებს.

ზოგიერთი კლუბის მესვეურს ისიც კი უთქვამს - რად მინდა ლიცენზირების პროცესის გავლა, უმაღლეს ლიგაში ისედაც ვითამაშებო. ეს არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის სწორედ რომ ლოიალური გადაწყვეტილებები.

არაფერია ჩემთვის იმაზე უსიამოვნო, ვიდრე იმ ხალხის კრიტიკა, რომელიც უკვე აღარ არის ქართული ფეხბურთის სათავეში, მაგრამ სხვანაირადაც რომ არ გამოდის? სწორედ მათ დროს დამკვიდრდა იმის პრეცედენტი, რისი იმედიც კიდევ აქვთ კლუბის ხელმძღვანელებს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ვერაფრით იქნება კონკურენტუნარიანი ტურნირი მანამ, ვიდრე ყანაში ვითამაშებთ ფეხბურთს, მოთამაშეები მინდორზე უხელფასოდ ირბენენ, არ გვექნება საკლუბო აკადემიები და ჭაბუკთა გუნდებიც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გვეყოლება.

ამ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა დავეთანხმოთ. თან დროც აღარ ითმენს. თუ კარდინალური ცვლილებები არ განხორციელდა, ისე ჩვენი ფეხბურთის პროგრესი ზღაპარია. ეს ოთხი წელიც სწრაფად გაფრინდება და ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უკვე გაკეთებულ საქმეებზე მოვთხოვთ ანგარიშს.

ჩვენ მოვთხოვთ და მათ სათქმელი უნდა ჰქონდეთ. საიდუმლო არავისთვისაა - საქართველოს ჩემპიონატის შედარებითი პროგრესიც კი უმნიშვნელოვანესი ლაკმუსის ქაღალდი იქნება ფედერაციის დღევანდელ ჩინოსანთა საქმიანობის შესაფასებლად.

ცხვარი და ოციანი
ყველა დაგვეთანხმება: საქართველოს პირველობის დონე დღეს არნახულად დაცემულია. კომაში მყოფს კი შოკური თერაპიით სჭირდება მკურნალობა. დღეს ჩვენი ჩემპიონატი ძალიან ჰგავს მოყვარულთა შეჯიბრებას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცოტაც და, ბიჭები "ცხვარზე და ოციანზე" ითამაშებენ.

არა, საერთოდ რაზე უნდა წერო და ილაპარაკო, როცა ჩვენი გუნდების სოლიდურ ნაწილს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ უპოვია, ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენოს. რომ არა აუცილებლობა, გვერწმუნეთ, ისინი ამას არამც და არამც არ გააკეთებდნენ.

მეტი რა ჩარაა - მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელს აყენებს სასტარტო შემადგენლობაში და სულ რაღაც 10-15 წუთში ცვლის. ამ საჭირბოროტო საკითხს მალე ჩვენს გაზეთში კარგად არგუმენტირებული, ცალკე წერილი მიეძღვნება.

ახლა კი მხოლოდ ამას ვიკითხავთ - რა უნდა უმაღლეს ლიგაში კლუბს, რომელსაც ორი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელიც ვერ აღუზრდია?!

ალბათ, ამ კლუბების მწვრთნელ-ხელმძღვანელებიც დაგვეთანხმებიან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად "ვკლავთ", როცა ასე ვექცევით. როგორი საქმეა, იწყებ თამაშს და ზუსტად იცი, რომ 10 წუთში (ჰა-ჰა, 15-ში) უნდა შეგცვალონ?

არადა, საქმე ეხება ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც დღითიდღე უნდა იზრდებოდეს, დიდ ნაბიჯებს დგამდეს პროგრესისკენ... ასე კი, ის რეგრესისკენ მიდის და ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია.

ერთ გუნდს მეც შევაკოწიწებ...
არ მესმის, რატომ აღიქმება ჩვენი კლუბების მხრიდან პირველ ლიგაში ასპარეზობა ტრაგედიად. არ ჯობია, ითამაშო რანგით დაბალ ლიგაში, მოაწესრიგო ბაზა, სტადიონი, აკადემია, ფინანსური მდგომარეობა და ამის შემდეგ იფიქრო უმაღლეს ლიგაში თამაშზე?

ასეთ შემთხვევაში, უძლიერესთა შორის იქნებ გაცილებით დიდხანს დარჩე და ფესვები გაიმაგრო.

არადა, დღეს ჩვენში ძალიან ბევრი კლუბი უფესვო ხეს ჰგავს. ძალიან, ძალიან გამკვირვებია ჩვენი კლუბების ზოგიერთი მესვეურისა.

კი მაგრამ, თუ ფული სხვამ მომცა, თუ ბაზა არ მჭირდება, აკადემია არ მჭირდება, სტადიონი არ მჭირდება და სავარჯიშო მინდორიც ზედმეტი ფუფუნებაა, მაშინ ერთ გუნდს მეც შევაკოწიწებ...

საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ თუ ეს არის საჭირო მინიმუმი, რატომაც ვერა?!

...მცირე ლირიკულ გადახვევას აქ მოვრჩეთ და ისევ საქმეზე ვთქვათ. ჩვენთან რომ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, ამ ლიცენზირების გამო ევროპაში არაერთი კლუბი დააქვეითეს რანგით დაბალ დივიზიონში, უფრო მეტი კი ევროთასებზე არ დაუშვეს.

მოკლედ, ქართულ ფეხბურთში რევოლუციის ხმა გვესმის. რევოლუცია მოდის, გვიახლოვდება. გვეტკინება, მაგრამ უნდა გავუძლოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
"მოკლედ, ქართულ ფეხბურთში რევოლუციის ხმა გვესმის. რევოლუცია მოდის, გვიახლოვდება. გვეტკინება, მაგრამ უნდა გავუძლოთ!" - ამაზე მაქვს საუბარი. ლიცენზირება არა რევოლუცია, არამედ უბრალო კოსმეტიკური რემონტია. რაღაცას გამოცვლი, რაღაცას გადააგდებ, რაღაცას გადაღებავ - ვიზუალი შეიცვლება ოდნავ. დამპალი კედლები კი ძველებურად დარჩება.
Kote
09:41 21-04-2016
0
სულ ამას წერენ ესენი რო სახელმწიფო კლუბი არის ნონსენსი
batono kote
18:07 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული