[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს მოადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მატჩი. იმედი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის რთულ აღმართს შეუყვა. წლები გადის და სულ ასეა. ასეა ახლაც...

...და მაინც, ყველა სანაკრებო მატჩის წინ ჩვენი გული სხვანაირად ცემს და არ გვტოვებს შეგრძნება, რომ აი, ახლა ყველაფერი შეიცვლება, ამიერიდან აღმა დაიხვნება წლების განმავლობაში ჩვენგან დაღმა ხნული და ეს შეგრძნება, ალბათ, კიდევ დიდხანს არ გაქრება. მაგრამ მხოლოდ მორალურ ასპექტებზე აგებული წარმატება ნაკლებად სარწმუნოა დღევანდელ ეპოქაში და თავს მხოლოდ იმით ნუ
დავიმშვიდებთ, რომ ეს შეგრძნება არ შეიძლება ჰქონდეს, ვთქვათ, ანდორელ და სანმარინოელ ქომაგს...

ფაქტია, წლები მიდის და ჩვენ, იმის მაგივრად, წინ მივდიოდეთ, უკან მივდივართ. ეს უკუსვლა არის ისეთი ცხადი, რომ შეუიარაღებელი თვალი, ლუპა და მიკროსკოპი სულაც არ სჭირდება მის შემჩნევას. შევთანხმდეთ: ამ უკუსვლაში წილი გვიდევს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ქართულ ფეხბურთში ვსაქმიანობთ, მაგრამ წილიც არის და წილიც: არიან ადამიანები, რომელთაც გაცილებით მეტი მოეთხოვებათ და მოეკითხებათ.

ახლა წუწუნის და უიმედობის დრო არ არის. ირლანდია კარს მოგვდგომია, ბიჭი ვარ და მოვდივარო - ბიჭები ვართ და უნდა დავხვდეთ. იქნებ ამ ჯერზე მაინც დასრულდეს ქართულ ფეხბურთში კოშმარული მუდმივა, რომელსაც "ირლანდიური სინდრომი" ჰქვია. სადაც შეგვხვდნენ, "სამყურებმა" ყველგან მოგვიგეს. ამ ცხოვრებაში ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და ფეხბურთიც ხომ ცხოვრებას ჰგავს - ირლანდიელთა გაუთავებელი ზეობა ოდესღაც უნდა დასრულდეს.

სხვა საქმეა, რომ საქართველოს ნაკრებს კვლავ აკლია რამდენიმე ფეხბურთელი, კაპიტანი კი დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება. რაც საქართველოს ნაკრები არსებობს, არ მახსენდება, ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშოს. ეს ალბათ იმაზე იშვიათი მოვლენაა ჩვენი გუნდის ცხოვრებაში, ვიდრე - დედამიწაზე მზის დაბნელება.

ამას უკვე მივეჩვიეთ. კითხვის ნიშნები უფრო სხვაგან უნდა ვეძებოთ და ეს "სხვაგან" არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი - სანაკრებო სია. ყველგან ასეა და რაღა ფეხბურთი იქნება გამონაკლისი: კადრები, როგორც სხვაგან, აქაც ყველაფერს წყვეტენ. ვლადიმირ ვაისმა კი ირლანდიასთან შეხვედრის წინ მაინცდამაინც ის ფეხბურთელები ამოიღო სიიდან, რომელთაც ასე თუ ისე ჰქონდათ სათამაშო პრაქტიკა.

- ორი რეზერვიდან - ვაისმა ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გამოიძახა [VIDEO]

გინდა თუ არა, კითხვის ნიშანი ჩნდება და შენც თუ ჟურნალისტი გქვია, უნდა იკითხო: რატომ მოხდა ისე, რომ ერთი და იმავე ჩემპიონატიდან (აზრი არ აქვს ქვეყანასა და ლიგას, მთავარი პრინციპია) ნაკრებში გამოძახებულია ფეხბურთელი, რომელსაც არ აქვს სათამაშო პრაქტიკა და არ არის გამოძახებული მოთამაშე, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და გოლების გატანაც მოახერხა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ვერჩით იმ ფეხბურთელს, რომელიც ვაისმა აირჩია. პირიქით, ზუსტად ვიცი, რომ საქმისა და ნაკრებისადმი მისი დამოკიდებულება სამაგალითოა. უბრალოდ, აქ მთავარი პრინციპია. რაც სანაკრებო ფეხბურთი არსებობს, მას შემდეგ ასეა - ქვეყნის პირველ გუნდში უნდა ითამაშოს იმან, ვინც მოცემულ მომენტში უკეთეს ფორმაშია.

ვაისთან კითხვები კიდევ არის, მაგრამ თქვენი ნებართვით, ახლა კრიალოსანს აღარ გავაგრძელებთ. ფაქტია, გვსტუმრობს ჯგუფის თანალიდერი ირლანდია - ამაყი და გიჟურად მებრძოლი გუნდი, რომელსაც აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ძალიან რეალური შანსი.

უკვე თამამად შეიძლება ამ შეხვედრის სცენარის წარმოდგენა - ირლანდია ქარივით იქროლებს მინდორზე. ეცდება, ორთაბრძოლებად, ეპიზოდებად დაგვიყოს თამაში, გვეჯაჯგუროს მის სტილში და დაელოდოს ქართველთა თუნდაც ერთ შეცდომას.

ალბათ, მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი ნაკრები, რომელიც ირლანდიასავით კარგად იცნობს საქართველოს. მათ დასტურ იციან: მატჩების უმრავლესობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ადრე თუ გვიან დუნდება, კარგავს კონცენტრაციას და ძალიან ხშირად ეს წამიერი ჩავარდნა დამღუპველი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი გუნდისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვაქვს მუნდიალზე გასვლის შანსი. რა თქმა უნდა, ჩვენი მატარებელი უკვე ჩავლილია, მაგრამ არსებობს პრესტიჟი, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეცვლის და არსებობს ჩვენი საფეხბურთო რეალობა, რომელიც იმდენად მკაცრია, რომ თუნდაც ერთი პატარა გამონათება დიდი საქმე იქნება.

ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან წააგებ. წაგება როდი გვიკვირს. უბრალოდ, არ გვინდა, რომ ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებში საქართველოს ნაკრები მინდორზე ლანდი იყოს. იქით იყოს ქულები და სატურნირო მოტივაცია - ჩვენ ჩვენი წილი ომი მაინც გადასახდელი გვაქვს, რაკი არ გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთი თანდათან გვაკვდება ხელში...

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის თუნდაც უმოტივაციო მატჩის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. აქვე, გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ ვაისი შეძლებს და ორივე ტაიმს სტაბილურად ჩაატარებს სამწვრთნელო კუთხით. ასეთ შემთხვევაში, უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით.

ერთხელ ყველა შესარჩევ ციკლში ხომ გავისვრით ხოლმე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
rato unda vuyurot am dzalit fexburtelebs?dzalian roca xalxs sheadzules fexburts dzalian minda rame kargis da pozitiuris danaxva chven fexburtze tumca mxolod isaa ro dade wagebaze da uechveli dagihmjdeba....arada cxovrebashi ardamidia amat sawinaagmdegod radgan me maqvs jigari amat ro amoacales saubedurod..gaumarjos germaniis shemsgmhinebel kalatburteleebs
soso
11:56 02-09-2017
0
magram samshoblos rom ver grdznobs gundi argirs im gundis tundac dzageba..
soso
09:07 02-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული