როგორც იცით, "ვიტესის" წარმომადგენელი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძეა, საქართველოს ნაკრებისა და "პსვ ეინდჰოვენის" ყოფილი მცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ილაპარაკა ამ მოსალოდნელ ტრანსფერზე, თქვა რა, რომ შესაძლოა, "ვიტესის" წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და "საბურთალოს" რომელიმე მატჩს დაესწრონ...
საინტერესოა გახოკიძის კომენტარი:
"საერთო ჯამში, სხვადასხვა პუნქტებს თუ შევაჯამებთ, დიდი თანხა გამოდის და შესაძლოა, "ვიტესი" დაფიქრდეს. როცა ფეხბურთელს ჰოლანდიის ვარიანტი აქვს, ვფიქრობ, მას ყველანაირად
"საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორ კახა კაშიასთან ინტერვიუ სწორედ გიორგი ხარაიშვილის შესაძლო ტრანსფერით დავიწყეთ და მერე სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ:
- გოგა გახოკიძე ჩვენი მეგობარია და მესმის, რომ მენეჯერისა და კლუბის ინტერესები დასაბალანსებელია. მაგრამ ჩვენ დიდ ხანია ვთანამშრომლობთ და პრობლემა არც ახლა შეგვექმნება. ფაქტია, "ვიტესი" დაინტერესებულია და ამას არნემული კლუბის სპორტული დირექტორის, თეო იანსენის თბილისური ვიზიტიც ადასტურებს.
ის პირველ წრეში ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩვენს მატჩს დაესწრო, მაგრამ აქედან ისე გაემგზავრა, ტრანსფერზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. მოკლედ რომ ვთქვათ, "ვიტესის" დაინტერესება ჯერ ოფიციალურ შემოთავაზებაში არ გადაზრდილა. ამიტომაც მიკვირს, ხარაიშვილის ტრანსფერის სიძვირეზე რომ ითქვა. არათუ თანხაზე, ჯერ ზოგადად ტრანსფერზეც კი არ გვილაპარაკია და ცოტას ვითხოვთ თუ ბევრს, ეს ვინ განსაზღვრა? ამ ყველაფერს მაინც გაუგებრობას მივაწერ.
აქ ერთი ნეგატივია - შესაძლოა, გიორგი ხარაიშვილმა იფიქროს, რომ შემოთავაზება გვაქვს და ვუმალავთ, ან არ ვუშვებთ. ასე, ახალგაზრდა ფეხბურთელს, შესაძლოა, გული აუცრუვდეს. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ამიტომაც ვამბობ.
- "საბურთალოს" მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინმა გარკვევით გვითხრა, რომ ხარაიშვილის დატოვება და მის გარშემო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება სურს...
- ამაში გასაკვირი არაფერია, ყველა მწვრთნელს სურს გუნდის ლიდერის შენარჩუნება. მაგრამ თუ კონკრეტული და საინტერესო წინადადება იქნება, ხარაიშვილს ხელს ნამდვილად არ შევუშლით, ეს გამორიცხეთ! საერთოდ, ფეხბურთელების ინტერესებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით. გაიხსენეთ, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესში" ჩაირიცხნენ, ჯიმი ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ "გენტში" წავიდა, ესპანურ "ალკორკონში" იჯარით გავუშვით ბაჩანა არაბული, რომელიც მერე თბილისის "დინამოში" მივიდა. მას გარდა, "დინამოში" გავუშვით ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი თევზაძე... მომავალშიც ასე იქნება.
- ხარაიშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობთ?
- მას ჯერ ორწლიანი მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ კონტრაქტით მანიპულირება კი არ გვსურს. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
- გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგიდან 6 გუნდი ვარდება. დღევანდელი ახალგაზრდული შემადგენლობით, ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძნელი იქნება. ვინმეს დამატებას თუ აპირებთ?
- რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რადგან გარდამავალი ჩემპიონატი ბევრად უფრო დაძაბული და რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე სეზონია.
- ესპანეთიდან მთელი დესანტი გადმოსხით და წესით, ისინი გაძლიერებაში უნდა დაგეხმარონ. მაგალითად, ესპანეთში ჩისკოსნაირი ფეხბურთელის მონახვა არ გაუჭირდებათ...
- ჩვენი მწვრთნელი პაბლო მარტინი უკვე ფიქრობს, რომელ პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება და ვინ დავიმატოთ. სატრანსფერო პერიოდის დასაწყისისთვის ამ საკითხზე ჩამოყალიბებულები ვიქნებით, ჯერჯერობით კი კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ერთი კია, რომ გვინდა კვალიფიციური მოთამაშეები, რომლებიც გაგვაძლიერებენ. თუ ვინმეს ჩამოვიყვანთ, ძალიან ასაკოვანიც არ უნდა იყოს. არ გვინდა ისეთი ლეგიონერები, ჩვენს მოთამაშეებს ორი თავით რომ ვერ აჯობებს. ასეთებს, გვირჩევნია, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები გავზარდოთ და დავაწინაუროთ.
- საინტერესოა, ახალი სეზონიდან "საბურთალო" მეტოქეებს რომელ სტადიონზე უმასპინძლებს?
- ჯერ ეს საკითხი ღიად რჩება, რადგან ახალი მოედანი უნდა მოვძებნოთ. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
- "საბურთალომ" იჯარით ხომ აიღო "ამერის" სტადიონი?
- მისი სათამაშო სტადიონად გამოყენება გამორიცხულია და სავარაუდოდ, უფრო სავარჯიშოდ თუ გამოვიყენებთ. სათამაშოდ კი ისეთი არენა გვინდა, უფრო კარგი გარემო რომ იყოს, მატჩები ხელოვნურ განათებასა და ბუნებრივ საფარზე რომ ჩავატაროთ.
- ახალ სტადიონზე თუ გადახვალთ, "ბენდელას" რა ბედი ეწევა?
- "ბენდელა" აკადემიას გადაეცემა და მთლიანად მის განკარგულებაში იქნება.
- 30 აპრილს "ზუგდიდთან" უმძიმესი გასვლითი მატჩი გელით. ამ დღეს სლოვაკეთიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დაბრუნდება და მისი წევრი საბურთალოელები ვერ დაგეხმარებიან. არადა, რამდენიმე მათგანი ძირითად შემადგენლობაშიც გვიხილავს. გადამწყვეტ თამაშებში მათ არ გამოიყენებთ?
- ჯერ უცნობია, ამ 11 მოთამაშისგან გიორგი ყიფიანი საბოლოოდ ვის დაიტოვებს. მაგრამ ყველა რომ დაიტოვოს, ჩვენ გვესმის, რომ ნაკრების ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"