სფფ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ინტერესთან ერთად იმატა სატურნირო დაძაბულობამაც, რაც გამოიხატა იმაში, რომ რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ემოციების გაკონტროლება და მათი ქმედებები როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე, კონკრეტული პიროვნებების მხრიდან დაფიქსირდა მასმედიის მეშვეობით გავრცელებელი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაც სფფ-ის შესაბამისი სამსახურების მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩება.მსგავსი გადაცდომების მიმართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია შეუვალია და მომავალშიც ასევე შეურიგებელი იქნება.

სფფ ამა წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვალდებულია
საჭიროების შემთხვევაში სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოს. ამასთან დაკავშირებით, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახური მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე, გზავნის რა მობილურ ჯგუფებს როგორც უმაღლესი ლიგის ყველა მატჩზე, ასევე პირველი და მეორე ლიგის შეხვედრებზე ინფორმაციის პირველწყაროდან მოპოვების მიზნით. ხოლო ამ და სხვა გზებით სათანადო მტკიცებულებების მოძიების შემთხვევაში გადასცემს მათ შსს-ს შესაბამისი რეაგირებისთვის.

ამას გარდა სფფ თანამშრომლობს უეფასთან, თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ტოლერანტული მსგავსი პროცესების მიმართ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, როგორც მატჩების მანიპულირების ფაქტების გამოვლენის, ისე მათი სამართალწარმოებაში გადაცემის და დანაშაულის პრევენციის კუთხით.

სფფ მიმართავს ქართული ფეხბურთის ყველა კეთილისმსურველს, გარიგებული მატჩების ან დანაშაულის შემცველი სხვა ფაქტის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მიმართოს სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურს ან აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენი მხრიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

ამავე დროს შეგახსენებთ, რომ სფფ-ის ყველა სუბიექტი ვალდებულია, არ გააკეთოს საჯარო განცხადება ამ წესის გვერდის ავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება სადისციპლინო კოდექსით გათვალისწინებული ზომები". - ნათქვამია განცხადებაში.

gff.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი უმალესი ლიგა გარიგებული თამაშებია, რა არი დაუსაბუთებელი თქვენ ხო არ გძმარავთ. ზესტაფონი შეეწირა მაგ სიბინძურეს და ახლა კიდე ერთი იმერული გუნდი ეწირება, ვინ იქნება შემდეგი?... ვაი ჩვენს პატრონს....
gio zesta
00:24 24-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული