ჯაბა ჯიღაური: მომავალ ევროთასებზე ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონია. დედაქალაქურმა კლუბმა სანუკვარი ჯილდო პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა. ამ წარმატებაში ძალიან დიდია ჯაბა ჯიღაურის წვლილი. ეს არის 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში რამდენიმე პოზიციაზე. ვფიქრობ, ყველა დაგვეთანხმება - მას კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს.

ამ დროისთვის, საქართველოს ჩემპიონატში ჯაბამ 13 გოლი გაიტანა, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი შედეგია. ზოგადადაც, "დინამოს" თამაშს რომ დააკვირდები, აშკარა გახდება, რომ ჯიღაური გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. შემთხვევითი არ არის, რომ მან "კოლხეთთან" საჩემპიონო შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი...

- ჯაბა,
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ჩემპიონობას!..

- დიდი მადლობა!

- ახლა მიმდინარე სეზონზე გკითხავთ, რომელიც "დინამოსთვის" უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს...
- სეზონი სტაბილურად ჩავატარეთ. ეროვნული ჩემპიონატი რაც დაიწყო, მას შემდეგ პირველი ადგილი არავისთვის დაგვითმია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ "დინამოს" ჩემპიონობა აბსოლუტურად დამსახურებულია. პირველი წრის დასრულების შემდეგ 5 ქულა იყო უპირატესობა კონკურენტთან. ცოტა კი დაიძაბა ბრძოლა ოქროს მედლებისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შევძელით მობილიზება და მჯეროდა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გავხდებოდით პირველები. ასეც მოხდა. ახლა სეზონის ბოლო ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი - საქართველოს თასის მოგება!

- სეზონი "დინამოში" გია გეგუჩაძემ დაიწყო და იურაი იარაბეკმა გააგრძელა. როგორ მოახერხეთ "გადაწყობა" ერთი მწვრთნელიდან მეორეზე?
- თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ გია გეგუჩაძეს დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში. მისი წასვლის შემდეგ იურაი იარაბეკის მოთხოვნებთან შეგუება არ გაგვჭირვებია, რადგან ძალიან ბევრით არ შეცვლილა. ახალი მწვრთნელის პირობებში შედარებით მეტი აქცენტი კეთდება ფიზიკურ ორთაბრძოლებზე. ისევ იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, როგორსაც გეგუჩაძე ითხოვდა ჩვენგან - ტექნიკურს, კომბინაციურს...

- ალბათ, "დინამოს" მეტი კონკურენცია არ აწყენდა...
- მართალი ბრძანდებით. საქართველოს ჩემპიონატში კიდევ 3-4 ძლიერი გუნდიც რომ იყოს, ეს ძალიან წაგვადგებოდა ევროთასებზე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს პირველობის დონე ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა მოვერიოთ.

- რას უნდა ველოდოთ "დინამოსგან" ევროთასებზე? ფაქტია, მიმდინარე სეზონისგან განსხვავებით, მოთხოვნა და მოლოდინი მეტია...
- როგორც გახსოვთ, შარშან "გაბალასთან" დავთმეთ ორრაუნდიანი ბრძოლა. მაშინ მთავარი მწვრთნელი ახალი მოსული იყო გუნდში და შეთამაშებისთვის დრო ნაკლები გვქონდა. მომავალ ევროთასებზე ჩვენ სულ სხვა მიზნები გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა გვინდა - ასეთია ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ახლა ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას. ყველა ფეხბურთელი ფორმის პიკშია, პროფესიულად უდგება საქმეს... ერთი სიტყვით, გუნდი მომწიფებულია იმისთვის, რომ დადოს შედეგი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველით.

- ეგაა, ევროთასებზე ალექსანდრე იაშვილი დააკლდება "დინამოს"...
- იშვიათია მისნაირი ადამიანი და პროფესიონალი. რა თქმა უნდა, ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ცხოვრების კანონი ასეთია - ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და მთავრდება იაშვილის ბრწყინვალე კარიერაც. თავის დროზე ყველას მოგვიწევს დამშვიდობება ფეხბურთთან.

- ადრეც გქონიათ კარგი სეზონები, მაგრამ საყოველთაო აზრია, რომ ეს სეზონი საუკეთესოა თქვენს კარიერაში. რის ხარჯზე მოხდა ეს?
- მეც ვეთანხმები ამ შეფასებას. მიმდინარე სეზონი მართლაც გამორჩეულია ჩემთვის. ვარჯიში, მონდომება, სწორად ცხოვრება... რა ვიცი... ალბათ, ამან მოიტანა ეს. მწვრთნელებისგან ნდობას ვგრძნობდი და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გია გეგუჩაძეს - იმდენ რამეზე და ისე მელაპარაკა, ბევრ რაღაცას სხვანაირად შევხედე.

- თუ არიან საქართველოს ჩემპიონატში ისეთი ფეხბურთელები, რომელთა თამაშის ყურებაც გსიამოვნებთ?
- რა თქმა უნდა, არიან ასეთი ფეხბურთელები. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველოს ჩემპიონატში არ არიან ტაქტიკურად, ტექნიკურად და ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელები. ახლა არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, მაგრამ მოკლედ ვიტყვი - ნამდვილად არიან ასეთი მოთამაშეები და კარგი იქნებოდა, ისინი გაცილებით მეტნი ყოფილიყვნენ...

- მოდით, ცოტათი გადავუხვიოთ თემას. როგორ მოხვედით ფეხბურთში?
- 8 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი. ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე... საბედნიეროდ, ოჯახმა არჩევანი თავიდანვე მომიწონა. თავდაპირველად, სკა-ს სტადიონზე ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ეს სტადიონი... მერე მივხვდი, რომ ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი.

- სწავლა სიბერემდეო და... რაზე მუშაობს ახლა ჯაბა ჯიღაური?
- საკუთარი თავის ერთ-ერთი უპირველესი კრიტიკოსი მე ვარ! დასახვეწი და სამუშაო კიდევ ბევრი მაქვს. ყველა თამაშში ვცდილობ, დავინახო ის, რაშიც უნდა მოვუმატო. ამ კითხვას, ალბათ, ორიგინალურად ვერ ვუპასუხებ. ესაა ორთაბრძოლებში მეტად შესვლა, ართმევაზე თამაში, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა და პირიქით... მოკლედ, სამუშაო ბევრი მაქვს...

- როგორია ჯაბა ჯიღაური მინდვრის მიღმა?
- ვინც მიცნობს, იცის, რომ თავიდან ბოლომდე ფეხბურთით ვცხოვრობ. ეს ჩემთვის ცხოვრების კანონია. ციდან არაფერი ცვივა. ქართველებს ერთი ძალიან კარგი გამოთქმა გვაქვს - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო, რეჟიმს განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდო. ფეხბურთს მიღმა კი სიკეთის კეთება მიყვარს. მიყვარს ასევე ჩემი ოჯახი, მეგობრები, სამშობლო...

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
- ხან მეგობრებთან ვარ, ხან ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ. თუ ტელევიზორში საინტერესო გადაცემაა, ვუყურებ...

- საყვარელი კლუბი?
- ბავშვობიდან "ლივერპულის" ქომაგი ვარ. რა თქმა უნდა, მომწონს "ბარსელონას" თამაში...

- ჯაბა ჯიღაური და საქართველოს ნაკრები...
- ესაა ჩემი ბავშვობის ოცნება და ამავე დროს, ძალიან ფაქიზი თემა პირადად ჩემთვის. ფეხბურთელისთვის არ არის იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე მშობლიური ქვეყნის ჰიმნზე დგომა. ვეცდები, ეს ოცნება ავისრულო!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ბიჭსაც უკვე თავში უვარდება ნელ-ნელა, სულ მოდელებთან და შოუ ბიზნესის ხალხთან დვიჟენიობს და ... სასტავთან.
თუ გამოსწორდა და მოუმატა კარგი მომავალი აქვს
გიორგი
03 მაისი 2016 15:32
0
დინამომ წააგოსამტრერდიასთან.გორთან ორივე,საჩხერესთან.ე.ი.სამეულში მყოფ გუნდებთან ყველასთან წააგო,ეს რა ჩემპიონია
nikalla
01 მაისი 2016 17:02
0
ვა ევროპა ლიგის პლეიოფამდე აპირებთ მისვლას? (y)
_svani_
30 აპრილი 2016 19:27
0
სამგლოვიარო აღნიშვნა ჩემპიონობისა პირველსავე მატჩზე სამტრედიაში.
სამტრედიამ ჩაუტარა მასტერ კლასი დინამოს!
ჯაბა წარმატებები, მართლა კაი ბიჭი ხარ! იქნებ სამტრედიაში გადახვიდე?
jango
30 აპრილი 2016 19:20
0
კაი თუ კაცი ხარ არ გეიგოს გაბალამ თვარა მოკვდება სიცილითDD
jj
30 აპრილი 2016 17:33
0
ფიზიკურად სუსტია და თუ არ იმუშავა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობოსებაზე ევროპაზე ძალიან დაიჩაგრება და არამარტო ჯიღაური....
kote
30 აპრილი 2016 15:36
0
ჯაბა შენ უფრო მაგარი მომავალი გელოდა. 18 წლის ბიჭი დინამოს ძირითადში იყავი. ღმერთმა ქნას ჭკუა ისწავლე. კიდევ გაქვს შანსი ნაკრებში ითამაშო, 23-გინდ 24 წელი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა იყო. თუ ეს გესმის კდევ გაქვს შანსი.
მე მომწონდა შენი თამაში, საჭიროა მეტი სისწრაფე, და გუნდურობა. ასე მგონია ბურთს რომ მიიღებ, გინდა ვინმეს ათოხლო. ეგ ფეხბურთი მოკვდა. მთავარია სწორი გადაწყვეტილება, ან პასი, ან დრიბლინგ, ან ფინტი ან პაუზა, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორი და გუნდისთVის საჭირო. და ბურთზე გახსნა. სულ ეგ არი ფეხბურთი.
jabas
30 აპრილი 2016 15:27
0
თავმდაბალი, წესიერი, შრომისმოყვარე... დღითიდღე იზრდება, იხვეწება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება ეს ბიჭი! გაიხარე ჯაბა, მასე გააგრძელე შვილო და აუცილებლად მიაღწევ შედეგს. ჰო, მართლა: ნუ მიაქცევ ყურადღებას ვიღაც ბოღმიანებს.
levani kaxeti
30 აპრილი 2016 15:00
0
ჯანგო–რა გჭირს,თბილისის დინამო ასე რამ შეგაძულა.
რეზო
30 აპრილი 2016 14:31
0
ჯანგო შენ იცი რომ ზედიზედ მეხუთე თამაშია დინამოს წინააღმდეგ პენალტი ინიშნება? ტექნიკური ფეხბურთელები არიან დინამოში და შესაბამისად ხშირად აქცევენ საპენალტოდ ხშირად ყოფილა თამაშში ისეთი შემთხვევები 3 საპენალტო ეპიზოდი რომ ყოფილა მაგრამ 1 დაუდია მარტო
jangos
30 აპრილი 2016 12:53
0

სიახლეები პოპულარული