[ოთხშაბათის საკითხავი] ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ჩემპიონი კი უკვე გვყავს - თბილისის "დინამომ" მეთექვსმეტედ დაინადავლა ქართული ოქრო. დღეს ბევრი სჯა-ბაასია იმაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი.

ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ...

ცხრილი
ცხრილი ლაკმუსის ქაღალდია. ის ყველაზე კარგად აჩვენებს გუნდის რეალურ ძალას. თბილისის "დინამოს" ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან ლიდერობა. რა თქმა უნდა, თუ გუნდი კონკურენტებს არ სჯობს, ის ამას ვერაფრით შეძლებს.

ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ჩემპიონი, სატურნირო ცხრილს, "დინამოს" დინამიკას ჩახედავს და აზრი შეეცვლება.
ამაში დარწმუნებულნი ვართ.

კონტინგენტი
საქართველოს ჩემპიონატის ვერც ერთი გუნდი, დაკომპლექტების მხრივ, ახლოსაც ვერ მივა "დინამოსთან". დღეს ასეთი სიტუაციაა და რა იქნება ხვალ, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ჰყავს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები. ალექსანდრე იაშვილი კარიერის ბოლოში კია, მაგრამ "დინამოში" მას "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ ალეკო ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია და სხვები.

ამას დავამატოთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნული გუნდის კარზე აკაკუნებენ.

დღეს "დინამოსთან" მიახლოებული სიძლიერის შემადგენლობაც კი არავის ჰყავს. არადა, ქართული გუნდებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის აჯობებს, რომ ჰყავდეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ინფრასტრუქტურა
"დინამოს" აქვს საქართველოში საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო აკადემია, სკოლა, ბაზა - მოკლედ, საკლუბო ინფრასტრუქტურის მხრივ თბილისური კლუბი ყველაზე სოლიდური და წელგამართულია საქართველოში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე მდიდარი ვერ გახდება ჩემპიონი, მაგრამ ჩვენს წერილში ინფრასტრუქტურა და მომავლის ამბები აუცილებლად მოსახსენიებელია.

თბილისის "დინამოს" რამდენიმე ქართულ კლუბში ჰყავს განათხოვრებული ფეხბურთელები. ამ დროისთვის ასეა და როცა საკლუბო აკადემია ახალ-ახალ გამოშვებებს შემოგვთავაზებს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწვრთნელო შტაბი
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, პირადად მე კი მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს ბევრი ისეთი მწვრთნელი, როგორიც გია გეგუჩაძეა. სწორედ გეგუჩაძემ ჩაუყარა მტკიცე საფუძველი "დინამოს" ჩემპიონობას.

იურაი იარაბეკი უკვე კარგ და ჩემპიონობისთვის მომწიფებულ გუნდში მივიდა. მას, როგორც მინიმუმ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დასჭირვებია. არც იყო ამის აუცილებლობა - გეგუჩაძემ კარგად აწყობილი მექანიზმი დატოვა.

გეგუჩაძე და იარაბეკი - პირველის კვალიფიკაციას კითხვის ნიშანი არ უხდება და პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არც იარაბეკია ხელწამოსაკრავი სპეციალისტი. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა ევროპალიგაზე "ტრნავამ" "ზესტაფონი" დაამარცხა. ორივე მატჩი ვნახე. იმ "ტრნავას" არ ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები (ალბათ, მხოლოდ კაპიტან საბოს თუ გამოვყოფთ, რომელმაც პაოკ-ში გააგრძელა კარიერა). ამის მიუხედავად, ეს გუნდი ძაფზე აცმულივით დარბოდა. შეტევიდან დაცვაში და პირიქით, ძალიან სწრაფად გადადიოდა.

იარაბეკის ავ-კარგი მაინც ევროთასებზე გამოჩნდება. გაამართლებს? კარგი იქნება, არა და, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ხისტი ზომების მიღება არავისგან ესწავლება. ამოცანა კი ერთია - ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა.

მსაჯები
ახლა ბევრს საუბრობენ, რომ "დინამოს" ჩემპიონობა, შესაძლოა, არც ყოფილიყო, რომ არა მსაჯების მხარდაჭერა ამ გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, მაგრამ მე ვერაფრით დავეთანხმები ამ ხმებს.

აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო - ჩემი აზრით, მსაჯები რამდენჯერმე მართლაც შეცდნენ "დინამოს" სასარგებლოდ, თუმცა ამას ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე არ უმოქმედია.

და აქვე დავსვამ წერტილს ამ ქვეთავზე.

პერსპექტივა
რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას აქვს თავისი გეგმები და მონახაზები. რა თქმა უნდა, "დინამო" და ყველა ქართული კლუბი უნდა გაძლიერდეს ევროთასების სტარტამდე. დღეს ჩვენ "დინამოზე" ვწერთ და, შესაბამისად, ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გავარჩიოთ.

პირველი და მთავარი საზრუნავი კლუბის ხელმძღვანელობისა იაშვილის შემცვლელის მოძიება უნდა იყოს. იაშვილი თანამედროვე "დინამოს" ტვინია. ის მინდორზე მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს და უპრიანი იქნება, ის ასეთივე ფეხბურთელმა (ალბათ, უცხოელმა) შეცვალოს.

"უცხოელი" იმიტომ ვახსენე, რომ დღეს ასეთი ქართველი ფეხბურთელი, უბრალოდ, არ გვეგულება. უცხოელები კი არიან, თუმცა მათ სათანადო შერჩევაც სჭირდებათ. შეცდომა უნდა გამოირიცხოს!

სხვა მხრივ, "დინამო" ერთ-ორ პოზიციაზე თუ კიდევ გაძლიერდა, უფრო უკეთესი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება ევროპელი მეტოქეებისთვის. ნიჭი და პერსპექტივა აქ სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ისე არშეიძლება Dინამო აზერებაიჯანის ან სომხეთის რუსეთის ჩემპიონატს რო შეუერთონ დაისვენებს მთელი ქვეყანა თბილისის გარდა,და თუ რატო იმიტომ რო 90%სძულს ეს გუნდი თავისი უსამართლობით ,თორე ნაგდზე ბაზარი არაა გმერთმა გაუმაღჯოს ალალი იყოს.
fcd
27 აპრილი 2016 21:35
0
ევროტურნირებზე გამოჩდება )))))
_svani_
27 აპრილი 2016 20:04
0
Beqa-ს გვითხარი თუ კაცი ხარ,რომელი გუნდის ჩემპიონობის არ შეგრცხვებოდა?
რეზო
27 აპრილი 2016 19:54
0
ერთადერთხელ გავედით ჯგუფურ ტურნირზე და ჯობდა არ გავსულიყავით. გუნდი თუ არ გაძლიერდა მინიმუმ 4-5 საშუალოევროპული დონის ფეხბურთელით, გაბალა და აქტობე ისევ მოგვიგებს
merabi
27 აპრილი 2016 19:47
0
რატომ გვახვევ შენს აზრს თავს ერთი რიგითი ჟურნალისტი ხარ.დინამო შეიძლება ჩემპიონი ისედაც გამხდარიყო და რასაც მსაჯები აკეთებენ ეს ცალკე გამოსაყოფია.შემადგენლობა ახსენე და სწორედ ეგ არი პრობლემა რომ ამ შემადგენლობით რომ თამაშებს პენლებით იგებენ ბოლო წუთზე.სამარცხვინო ჩემპიონია და მცხვენიარომ ასეთი გუნდია საქართველოს ჩემპიონი
Beqa
27 აპრილი 2016 18:38
0
აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო - ჩემი აზრით, მსაჯები რამდენჯერმე მართლაც შეცდნენ "დინამოს" სასარგებლოდ, თუმცა ამას ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე არ უმოქმედია.
სულ არ მაინტერესებს ჩემპიონი ვინ გახდება, სასურველია ეს ჩემი საყვარელი გუნდი იყოს რათქმაუნდა, მაგრამ დინამო-ტორპედოს თამაში ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი რომ არის ალბათ მოგეხსენებათ. ამ თამაშში 11 დინამოელის გარდა მსაჯთა ბრიგადა და მთელი ფეხბურთის ფედერაცია რომ გამოდის სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ სათამაშოთ ეგეც ყველამ იცის და შენც ნუ დახუჭავ თვალებს ამ ფაქტზე ბატონო ალეკო.
anti
27 აპრილი 2016 17:30
0
იქნებ "გაგვიმართლოს" და ლიგაზე სუსტ გუნდებს გადავეყაროთ, თორემ "გაბალამ" როგორ გაგვამწარა ყველას გვახსოვს.
გუჯა კახაძე
27 აპრილი 2016 17:27
0
სამწუხაროს მართალი წერია არ ყავდა კონკურენტი
dila
27 აპრილი 2016 17:14
0
მითხარით, რომელ გუნდს შეეძლო გაეწია დინამოსთვის კონკურენცია?
batono guadua!
27 აპრილი 2016 17:03
0
მე არ ვარ დინამოს ფანი მარა ვეთანხმები ბოლომდე. ამ სეზონში არ ყავდა კონკურენტი
tengo
27 აპრილი 2016 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული